„წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ეს ხელისუფლება იჭერს... ჰკითხონ ხალხს, იქნებ ცემა ურჩევნიათ?“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს პროკურატურა ისე გახელებით მუშაობს, რომ მათი მუშაობის სტილი კითხვის ნიშნებს ბადებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ წლებით თაროზე შემოდებული საქმეები აქვთ და პოლიტიკურ ოპონენტებს კი ბრალს რამდენიმე დღეში უყენებენ. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, როდესაც ასეთ შეტევაზეა გადასული, საზოგადოება თავის სიმართლეში დაარწმუნოს.
„ეჭვი მაქვს, რომ ამ ტიპის საქმეებს ნორმალურ სიტუაციაში პერსპექტივა არ აქვს. პროკურატურა ახლა მხოლოდ საქმის გახსნის ეტაპზეა და არცერთი მათგანი დახურული არ არის. ყველა საქმე „დაკიდებულია“, რაც, პრინციპში, ზოგად პოლიტიკურ ფონს ძალიან აზიანებს.
„გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ყველაფერს ვუკავშირებ. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ხალვაშმა მაინც და მაინც კარგად არ იცის „რუსთავი 2“-ში რა გააკეთოს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც ტელეკომპანიაშია შექმნილი, ვიღაცას ხომ უნდა დააბრალოს... ბუნებრივია, ხელის შეწმენდის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი გვარამიაზე გადაბრალებაა. ერთ-ერთი ხაზი ესეც არის.
„ხელისუფლებების ჩვევებში პოლიტიკური ოპონენტების ან დაჭერა შედის, ან ცემა. ესენი იჭერენ და ვითომ უფრო ჰუმანურები გამოდიან. იკითხონ, იქნებ ხალხს ცემა ურჩევნია?“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.