ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის პაატა სალიას კომენტარებიც დაედო.
იურისტები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, რადგანაც 20 ივლისიდან დაწყებული გამოძიება ასე სწრაფად ამ დონის დანაშაულზე ყველა მტკიცებულებას ვერ შეკრებდა, რომ გვარამიასთვის ბრალი წაეყენებინა. მათი თქმით, ნებისმიერმა კვალიფიციურმა იურისტმა იცის, რომ როდესაც საქმე რთულ ფინანსურ და საბუღალტრო მტკიცებულებების გამოკვლევას ეხება, მინიმუმ ექსპერტიზა მაინც უნდა ჩატარდეს. ასევე ძალიან ბევრი მოწმის დაკითხვა უნდა მოხდეს, რომ მსგავს დანაშაულზე ბრალის წაყენება მოხდეს.
იურისტები ეჭვობენ, რომ პროკურატურა ასეთ მოკლე დროში ამდენი ადამიანის დაკითხვას და მტკიცებულებების შეგროვებას ვერ მოასწრებდა.
პროკურორმა კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე... კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით,“ - განაცხადა პროკურორმა.
ეს ბრალდება 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რუსთავი 2“ ყოფილი გენერალური დირექტორი კი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. გვარამია ამბბს, რომ ყველაზე დიდი ტყუილი იყო, თითქოს მან ბინები მოიპარა.
„კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი,“ - ასე ეხმაურება ის ბრალის წარდგენას.
გვარამია ამბობს, რომ ის ბრალის წარდგენას ელოდებოდა, თუმცა რადგანაც მის საქმეზე იქ ვერაფერი იპოვეს, სადაც ეძებდნენ, ახალი „ბოდვა მოიფიქრეს“. მისი თქმით, მას პროკურატურა ედავება, რომ ცუდი კონტრაქტი დადო.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ. კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო - ამაზე ბრალის წარდგენა ბოდვაა, ყველას გვესმის, ჯერ ერთი და მერე მეორე, ამ კონტრაქტით დაგროვილი ფული, ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ გავლილი, საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, მან არ იცის მართვის საკითხები. ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დადგეს სამოხელეო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ, ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი გენდირექტორი პაატა სალია კი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იკვეთება. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგებაა დადებული.
„ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამას დაადგენს სასამართლო. მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები“, - განაცხადა სალიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არცერთი კვალიფიციური იურისტი, რომელიც პროკურორის განცხადებას მოისმენდა, ამ ბრალდებას სერიოზულად არ აღიქვამდა. ალაფიშვილი ამბობს, რომ საქმე იმდენად ზედაპირულად არის წარმოდგენილი, რომ შინაარსობრივად დასაბუთებული ან დაუსაბუთებული არის თუ არა, რთული სამსჯელოა.
იურისტი აცახდებს, რომ როგორც პროკურორმა თქვა, საქმის გამოძიება 20 ივლისიდან დაიწყო და შესაბამისად, როდესაც საუბარი რამდენიმე წლის ქმედებებს ეხება, გამოძიებას დიდი დრო სჭირდება, რათა დაადგინოს , რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც იურისტი ამბობს, რომ პროფესიულად ძალიან არასერიოზულია ასეთ მოკლე დროში მტკიცებით ფორმაში საუბარი, რომ გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა.
„ამ ტიპის საქმეში, როგორიც რთული საფინანსო-საბუღალტრო საკითხებია გამოსაკვლევი, მინიმუმ ექსპერტიზა მაინც უნდა იყოს ჩატარებული. გარდა მაგისა, რამდენიმე მოწმის დაკითხვა უნდა მოხდეს. აქ საუბარია ბევრ მოწმეზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. შესაბამისად, თუ ასეთი მტკიცებულებები მაინც მინიმუმ არ არსებობს, პროცესუალურად ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული იმაზე საუბარი, რომ დანაშაულის ქმედებას ადგილი ჰქონდა.
„ველოდი, რომ ეგებ პროკურორს ის მაინც ეთქვა, რომ ექსპერტიზა დანიშნულია. არც მე და არც სხვა პასუხისმგებლიანი იურისტი ამ საქმეზე ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში სერიოზულად არ იმსჯელებს. ეს არა თუ პროფესიული სტანდარტების მიღმაა, არამედ ადამიანური ეთიკის საზღვრებსაც სცდება. ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გარეშე ადამიანის დანაშაულზე საუბარი წარმოუდგენელია“, - აცახდებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
„წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ეს ხელისუფლება იჭერს, ჰკითხონ ხალხს, იქნებ ცემა ურჩევნიათ?“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს პროკურატურა ისე გახელებით მუშაობს, რომ მათი მუშაობის სტილი კითხვის ნიშნებს ბადებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ წლებით თაროზე შემოდებული საქმეები აქვთ და პოლიტიკურ ოპონენტებს კი ბრალს რამდენიმე დღეში უყენებენ. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, როდესაც ასეთ შეტევაზეა გადასული, საზოგადოება თავის სიმართლეში დაარწმუნოს.
„ეჭვი მაქვს, რომ ამ ტიპის საქმეებს ნორმალურ სიტუაციაში პერსპექტივა არ აქვს. პროკურატურა ახლა მხოლოდ საქმის გახსნის ეტაპზეა და არცერთი მათგანი დახურული არ არის. ყველა საქმე „დაკიდებულია“, რაც, პრინციპში, ზოგად პოლიტიკურ ფონს ძალიან აზიანებს.
„გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ყველაფერს ვუკავშირებ. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ხალვაშმა მაინც და მაინც კარგად არ იცის „რუსთავი 2“-ში რა გააკეთოს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც ტელეკომპანიაშია შექმნილი, ვიღაცას ხომ უნდა დააბრალოს... ბუნებრივია, ხელის შეწმენდის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი გვარამიაზე გადაბრალებაა. ერთ-ერთი ხაზი ესეც არის.
„ხელისუფლებების ჩვევებში პოლიტიკური ოპონენტების ან დაჭერა შედის, ან ცემა. ესენი იჭერენ და ვითომ უფრო ჰუმანურები გამოდიან. იკითხონ, იქნებ ხალხს ცემა ურჩევნია?“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.