თამთა ჩაჩანიძე
09.08.2019

 პროკურატურამ „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. მას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი წაუყენეს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმოს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

იურისტი კახა კოჟორიძე „რეზონანსთან" ამბობს რომ პროკურატურას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებები თაროზე აქვს შემოდებული და შვიდწლიანი მტვერი ადევს.

„მე ბრალდების შინაარს არ ვიცნობ და ვერ გავაკეთებ შინაარსზე განმარტებას, მაგრამ, ზოგადად, ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებთან დაკავშირებული ამბები რომ ძალიან გააქტუალურებულია და ხშირი სამართლებრივი პროცედურები ხდება, ეს ფაქტია.

„ფაქტია ისიც, რომ უამრავი საქმეა, რისი გამოძიებაც არ ხდება, წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სისტემური მძიმე დანაშაულებიდან დაწყებული - მკვლელობა, წამება, ქონების იძულებით გადაფორმება, და ა.შ. და დღეს არსებულ საქმეების გამოძიებით დამთავრებული. უამრავი საქმე, რომელიც პროკურატურის თაროებზე დევს და შვიდწლიანი მტვერი ადევს, ამ საქმეების გამოძიება არ ხდება და როდესაც უცებ პოლიტიკური ოპონენტის თუ მათთვის არასასურველი მედიის მენეჯერის საქმეს თაროდან ჩამოიღებენ და აქტიურად იძიებენ, რა თქმა უნდა, ეს უკვე როგორც მინიმუმ შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს აჩენს და მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე.

„თავად ის გარემოება, რომ მედიებთან მიმართებაში რამოდენიმე თემა ერთმანეთს მიება, „რუსთავი 2"-ის და ნიკა გვარამიათი დაწყებული, გუშინ დაკითხული „ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელით დამთავრებული, ეს ყველაფერი მიუთითებს (იმ ფონზე როცა უამრავი გამოსაძიებელი საქმეა) და კითხვებს აჩენს პოლიტიკურ მოტივაციაზე და მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ მოტივაციაზეც; თან იმ ფონზე, როდესაც გვარამიამ განაცხადა, რომ აპირებს გააკეთოს სხვა ტელევიზია, რომელიც იქნება კრიტიკული არსებული ხელისუფლების მიმართ", - ამბობს იურისტი.

კოჟოიძისვე შეფასებით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ უნდა მოითხოვოს, რადგანაც მისივე თქმით, ეს არ იქნება სწორედ შერჩეული.

„დაიჭერენ თუ არა გვარამიას, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვისურვებდი, რომ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ მოითხოვოს. ეს არ იქნება ამ შემთხვევაში სწორად შერჩეული აღკვეთის ღონისძება.

„როცა ხელისუფლება შეიცვალა,მაშინ მახსოვს, რომ ასეთ ფინანსურ ტიპის დანაშაულებზე პროკურატურის მიდგომა იყო, რომ (განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდისგან, სადაც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე პატიმრობის გამოყენება ) ჩვენ ამ პრაქტიკას შევცვლითო და დავამკვიდრებთ ე.წ. თეთრი საყელოს ტიპის დანაშაულებზე აღკვეთის ღონიძიების სახით ნაკლებათ მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებას, როგორიცაა გირაო, თავდებობაო და ა.შ. ანუ ეს იყო მათი გაცხადებული ნება და არაერთ საქმეში გააკეთეს კიდეც ასე ; და ახლა უცებ ფინანსურ დანაშაულზე მისთვის პატიმრობის შეფარდება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ეჭვებს და კითხვებს, რაც არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციაზე", - ამბობს კოჟორიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×