გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია კვლავ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართის გავლება 7 აგვისტოს დაიწყეს, ერთღიანი შესვენების შემდეგ კი, 9 აგვისტოს ისევ განაახლეს. მათი თქმით, სოფლის პერიმეტრს ისევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. სოფელში მონიშნულია ყველა ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. მესაზღვრეები მავთულხლართებს გაჭიმავენ. ასევე, დამონტაჟებულია სპეციალური აბრები და მობილიზებულია სპეცტექნიკაც.
ადგილობრივი მოსახლეობა ბორდერიზაციის დაწყებას ელოდება. ისინი ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადებების კეთებით პრობლემა ვერ მოგვარდება.
„რეზონანსთან“ საუბარში ადგილობრივი მცხოვრები გივი რაზმაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი სახლი და ნაკვეთები ექცევა. მისი თქმით, არ არის ასევე გამორიცხული, რომ მთელი სოფელი დაკარგული აღმოჩნდეს.
„თუ რუსები მუშაობას ასე გაარძელებენ, ჩემი სახლი და კიდე ერთის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა. ნაწილი ისედაც ოკუპირებული იყო, ეზო ნახევარი იმათია, ნახევარი კიდევ ჩემი. ახლა კი მთლიანად იქით ექცევა.
„ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, რომ ასე ნელ-ნელა, ჩამოწევით მთელი სოფელი მათ მხარეს მოხვდეს. სასმელი წყლის იქით აღმოჩენის საფრთხეც არის და რა ვიცი... თუ ასე მოხდა, სოფელი წყლის გარეშე იქნება“, - განაცხადა რაზმაძემ „რეზონანსთან“.
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები შექმნილს სიტუაციას ადგილზე აკვირდებიან და მობილური ჯგუფი ოკუპანტების ყველა გადაადგილებას აკონტორლებს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 7 აგვისტოს ოკუპანტებმა ქართული საგუშაგოს მოპირდაპირედ 100 მეტრში ბოძები ისე ჩაყარეს და ტერიტორია მონიშნეს, რომ მათთვის ხელი არავის შეუშლია.
ქაცარავა ამბობს, რომ რუსების მხრიდან გარკვეული აქტიურობა 9 აგვისტოს ისევ შეიმჩნეოდა და მათ ტერიტორიაზე ტექნიკა მიიყვანეს. სავარაუდოდ, ისინი მავთულხლართების გაბმას ამ დღეებში ისევ დაიწყებენ. ქაცარავა ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შიში, რომ შესაძლოა მთელი სოფელი ოკუპანტების მხარეს აღმოჩნდეს, რეალურია.
„7 აგვისტოდან მოყოლებული სიტუაციას ადგილზე ვაკვირდებით. 8 აგვისტოს თითქოს არაფერი მზაობა აღარ შეიმჩნეოდა, მაგრამ 9 აგვისტოს რუსები ტექნიკით კვლავ გამოჩდნენ და სამხედრო მანქანებით აქტიურად გადაადგილდებოდნენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სოფლის საერთოდ დაკარგვის საფრთხე რეალურია და ადგილობრივები ამ შიშს გამოხატავენ. მითუმეტეს ვიცით, რომ რუსეთი ყველანაირ პროვოკაციაზეა წამსვლელი.
„ჩვენთვის ყველაზე მძიმე დღეს, 7 აგვისტოს დაიწყეს სოფლის მიმდებარედ ნიშნულების გაკეთება და ბოძების ჩაყრა. ეს ყველაფერი კი საქართველოს პოლიციის საგუშაგოდან 100 მეტრის დაშორებით ხდება. მათ ხელს ამ ყველაფრის გაკეთებაში არავინ უშლის. მართალია, ახლაც იქ დგას ჩვენი პოლიცია, მაგრამ ოკუპაციის წინააღმდეგ უძლურები არიან.
„ჩვენმა ხელისუფლებამ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ორი დღე სრული სიჩუმეა და არავინ არაფერს იმჩნევს. ჩვენ ადგილზე პატრულირებას ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ ატოცის მსგავსად აქტიურობით ოკუპანტებს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას არ მივცემთ“, -აცხადებს ქაცარავა „რეზონანსთან“.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამის უწყებას 7 აგვისტოს, ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება ჰქონდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ უწყება გუგუტიანთკარში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა, სპეკულაციაა.
„კითხვების დასმის შემთხვევაში მედიამ მიიღო პასუხი, მათ შორის ჩემგან თუ ჩემი უწყებისგან და შესაბამისი უწყებებისგან და რაც შეეხება რეაგირებას, სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება 7-ში. დღის პირველ ნახევარშივე რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი. შემდგომ დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო ასევე 7-ში,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.