თამთა ჩაჩანიძე
10.08.2019

 „პოლიტიკური ჭრილიდან ნიკა გვარამიას საქმეზე გეტყვით, რომ გირაოს საჭიროებას ვერ ვხედავ, გირაო რა არის - რომ ადამიანი არ მიიმალოს, ხომ? ადამიანი როდესაც მოდის გამოძიებასთან და საჯარო პირიცაა, გირაოს წინაპირობა არაა. ამ შემთხვევაში რაც შეიძლება საჭირო იყოს, ესაა გაუსვლელობის ხელწერილი, ამაზე მეტის აუცილებლობა მანდ არ არის," -ასეთია საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისა და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრის გედევან ფოფხაძის შეფასება პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნაზე.

მისივე თქმით, ფინანსებზე აქცენტის გაკეთება პუბლიკაზე თამაშია და პიარული ხასიათი აქვს.

„ფინანსურ მომენტზე აქცენტის გაკეთება - ეს უფრო პუბლიკაზე თამაშია. მე თუ მიმალვას ვაპირებ 80 ათასსაც შეველევი და მაინც მივიმალები და თუ მიმალვას არ ვაპირებ მაშინ რა საჭიროა თანხობრივი გირაო?

„ამ მხრივ გასაგებია, რომ ასეთ პროცესებს დღეს უფრო პიარული ხასიათი აქვს, ვიდრე მართლმსაჯულების აღსრულების. შესაძლოა ნიკა გვარამიას ბევრი გამონათქვამი, საქციელი და აზრი არ მომწონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს ატარებს, ბრმა უნდა იყო ადამიანმა ეს რომ ვერ დაინახო.

„მესმის, რომ გვარამიას რიტორიკა არ არის მოსაწონი და გასაზიარებელი. ამ ტერმინებით მას სტუდენტობის დროს არ მახსოვს რომ ელაპარაკა, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ამის გამო მასზე შური იძიოს და პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია გამოხატოს, ეს არის „ნამოძრაობის" სტანდარტი და თუ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა" რამეში არ მოგვწონდა, მაგიტომ არ მოგვწონდა, რომ ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინათ.

„თუ რაიმე დააშავა ადამიანმა, გასაგებია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ „ქართული ოცნება" დღეს საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ძალაა, ზემოდან დაწყებული ქვედა ეშელონებამდე დამთავრებული. ყველა რაღაც სარგებელს ნახულობს ხელისუფლებაში ყოფნისგან და როცა შენ კორუფციისგან გახრწნილი ხარ, სხვასთან გონორით საუბარი უკვე ცოტა უნდა გაგიჭირდეს," - ამბობს ფოფხაძე.

პოლიტიკოსისვე თქმით, თუ ხელისუფლებამ გონიერება არ გამოიჩინა, პროცესები შესაძლოა დაჩქარდეს, პოლიტიკური პროცესი გართულდეს და მისივე თქმით, შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ვერც მივიდეთ.

„ამ პროცესების ბოლო დამოკიდებულია ხელისუფლების გონიერება-უგუნურებაზე, მოსახლეობის 90% დღეს უკმაყოფილოა იმ ყველაფრით, რაც ქვეყანაში ხდება, დაწყებული ლარის კურსიდან დამთავრებული უმუშევრობა, გაჭირვება, შეუსრულებელი დაპირებები, ამ ხალხს არც ის აინტერესებს ნიკა გვარამიას დაიჭერენ თუ არა, აარც სვა მსგავსი რამ, ქვეყანაში ძალიან დიდი გაჭირვებაა ეკონომიკური კრიზისი და ფინანსური კოლაფსი და ამ ვიარებაში შენ გადაიტანო აქცენტები იმაზე, რომ ვიღაცა დაიჭირო თან საუბარი იყო იმაზეც რომ გვარამიას ახალი სატელევიზიო არხი უნდა დაეფუძნებინა და კიდევ ერთი ოპოზიციური კრიტიკული არხი გამოჩენილიყო მედიასივრცეში,საბოლოო ჯამში ამისი კერძო ინტერესი არავისი არ არის გარდა ხელისუფლებისა, რომელსაც არ უნდა საჯარო სივრცეში მას აკრიტიკებდნენ, მე მიმაჩნია, რომ ასეთ ქმედებებს მოყვება პროცესების დაჩქარება და ჩვენ შესაძლოა არჩევნებამდე ვერც მივიდეთ.

‘ქვეყანაში პრობლემებია და მისი გადაწყვეტის მაგივრად ხელისუფლება გადართულია სხვა დღის წესრიგზე.ასეთ ვითარებაში ან საზოგადოება არჩევნებამდე ცოტას გაიჭირვებს და მოითმენს, ან ასეთი ვითარების ესკალაციით ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ მართლა გაგვიჩნდება პოლიტპატიმრები, რაც აქამდე არ იყო (პოლიტიკურ პატიმრებად არც მერაბიშვილს და არც ახალაიას არ ვთვლი) და მივიდეთ იმ მდგომარეობამდე რომ საზოგადოებამ დაინახოს „ოცნება" ბოლომდე გაუტოლდა და დაემსგავსა „ნაცმოძრაობას" მაშინ უკვე პოლიტიკური პროცესი ძალიან გართულდება."ამბობს ფოფხაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×