თამარ შუკვანი
11.08.2019

 „ოპოზიციას საზოგადოების თვალში ისეთი იმიჯი აქვს, თითქოს დასავლეთისგან არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ რუსულ სახელმწიფოებრიობას, რუსულ ღირებულბებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ოპოზიციას ასეთი იარლიყი მიაკეროს, ამიტომაც ისინი საზოგადოების ფართო მხადრაჭერით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთში განახლებულ საპროტესტო გამოსვლებს.

რუსეთში აქციები „სამართლიანი არჩევნებისთვის" განახლდა, რასაც ასევე მოჰყვა დაკავებებიც. რა ხდება მოსკოვში და სადამდე მივა ეს პროცესი. ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ანალიტიკოსმა მოკოვსა და თბილისში მიმდინარე აქციებს შორის პარალელი გაავლო. მისი თქმით, რუსეთში ოპოზიციამ რამდენიმე ნიუანსი საქართველოს მაგალითიდან აიღო.

„საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ოპოზიციას რესურსები ეყოფა. ეს შესაძლოა გაგრძელდეს არჩევნების ჩატარებამდე და მის შემდეგაც. როგორც ჩანს, მოსკოვში საპროტესტო აქციების ერთგვარი რეპლიკაცია მოახდინეს საქართველოს აქციების მაგალითზე. რუსეთში აქციები, როგორც წესი, ერთღიანი ან ორდღიანი არის ხოლმე, ამჯერად კი ეს გამოსვლები გრძელდება. ბევრი რამ ჩვენი საპროტესტო აქციებიდანაა აღებული, თუნდაც ის, რომ საპროტესტო აქციას 19:00 საათზე იწყებენ.

„რუსეთის ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. ის ერთი მხრივ ცდილობს კარგად გამოჩნდეს საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რომელსაც ხელისუფლების ქმედებეზე საკმაოდ მძაფრი რეაქცია აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, არ სურს, რომ ოპოზიციის წინაშე საკუთარი სისუსტის დემონსტრირება მოახდინოს," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი დღითიდღე ეცემა, კრემლი დღეს გამოუვალ მდგომარეობაშია და ხელისუფლებას სიტუაციის კონტროლიც უჭირს.

„გამოკითხვების თანახმად, პუტინის რეიტინგი ეცემა. რუსეთში კი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოსკოვში ეს აისბერგის ერთგვარი წვერია, თორემ რეგიონებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო უკმაყოფილება ნელნელა იმატებს, სიტუაცია კი შესაძლოა ძალიან გაუარესდეს.

„მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში რუსეთში ერთმანეთს მიეწყო სხვადასხვა ნეგატიური მოვლენები - კატასტროფები, აფეთქებები, რომელსაც საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი მოჰყვა. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას სიტუაციის გაკონტროლება უჭირს.

„ოპოზიციას აქვს შინაგანი მოტივაცია, რომ ბრძოლა გააგრძელონ, მაგრამ თუ დავაკვირდებით მიტინგების დინამიკას, ვნახავთ, რომ მომიტინგეთა რაოდენობა არცთუ ისე დიდია პირველ მიტინგთან შედარებით. ეს შეიძლება საზაფხულო შვებულებებს უკავშირდებოდეს, მაგრამ, ზოგადად, ოპოზიციას საზოგადოების თვალში ისეთი იმიჯი აქვს, თითქოს ეს არის დასავლეთიდან მხარდაჭერილი და დაფინანსებული ჯგუფები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ რუსულ სახელმწიფოებრიობას, რუსულ ღირებულბებს.

„ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მას ასეთი იარლიყი მიაკეროს. ამიტომაც ისინი საზოგადოების ფართო მხადრაჭერით ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ. მიტინგები მრავალრიცხოვანი რომ ყოფილიყო, შესაძლოა ხელისუფლება დაფიქრებულიყო დათმობებზე," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისათვის, აქციები „სამართლიანი არჩევნებისთვის" რუსეთის ათობით ქალაქში შაბათს ჩატარდა. მოსკოვის ცენტრში კი, ბოლო ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციაზე მოსკოვში 60 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. გამოსვლები იყო სანქტ-პეტერბურგშიც. დაკავებულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×