თამარ შუკვანი
11.08.2019

 „ნაცვლიშვილი ვინ არის?... ნაცვლიშვილი რას ამბობს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იურისტის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომ პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, დასასაბუთებლად მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით, დეპუტატის იმუნიტეტს სასამართლოს განაჩენისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. მისი თქმით, მელიას საქმე შესასწავლია.

„ნაცვლიშვილის განცხადება არ წამიკითხვას, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო ის, რაც კადრებში ვნახე და როგორც იქცეოდა ნიკა მელია. ასე რომ, ნათელია, რომ სამართლადაცველებს ასე უნდა ემსჯელათ; სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ჰქონოდათ სრული თავისუფლება, იმუნიტეტს ხელი არ უნდა შეეშალა.

„ნაცვლიშვილი რას ამბობს, ის რას ამბობს... სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს. ნაცვლიშვილი ვინ არის? არ მაქვს ინფორმაცია ვინ რა თემას წამოწევს. რაც ვნახეთ ჩვენ იმ დღის განმავლობაში, იმსახურებს შესწავლასა და გამოძიებას," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისათვის, იურისტი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ პარლამენტის კომიტეტმა განიხილა და შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავიდა, სერიოზული ლაფსუსებია დაშვებული. იურისტი ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, რომლებიც სამართლებრივად მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, შესაძლოა, ყველაფერი წესრიგში არ იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×