თამარ შუკვანი
11.08.2019

 „არ მაინტერესებს გვარამიას რა მოუვა. მთავარია, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს სამართლიანად, დანარჩენი - გვარამიას რა მოუვა ცხოვრებაში - ეს საერთოდ არ მაინტერესებს," - აცხადებს „რეზონანსთან" დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ საუბრისას.

ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია შედარებით ცნობადი სახეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის პროცესი თუ რატომ იქცევა ხოლმე მსჯელობის საგნად. მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე, თუკი ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

„უსაფუძვლოდ ხომ არ იქნება ეს პროცესი დაწყებული? რაღაც სამართლებრივი საფუძვლები ალბათ არსებობს. თუკი ვინმე შედარებით ცნობადი სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ყოველთვის მივიჩნევთ ამას დაუშვებლად. მაშინ ასეთი ადამიანების მიმართ სამართლებრივი პროცესის დაწყება აბსურდი იქნება.

„იურისტებმა უნდა გაარკვიონ ის, რამდენად სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა საქმის აღძვრას ნიკა... რა გვარია? გვარამიას წინააღმდეგ. ნებისმიერი, მეც რომ დავაშავო რამე, რასაც ედავებიან იმის საფუძველი თუ არსებობს, იურისტებმა უნდა გაარკვიონ. თუ არ არსებობს, შესაბამისად, არ იქნება მართებული დევნის დაწყება," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, თუმცა, როგორც გვარამია აცხადებს, გირაოს გადახდას არ აპირებს.

გვარამია თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×