„პროცედურა მიმდინარეობს ნაჩქარევად და განსაკუთრებულ რეჟიმში. რატომ ჩქარობენ და რას აკეთენ, გაუგებარია. 15-ზე მეტი ადამიანი უკვე ვიცი ვინ იქნება. გასაუბრება კარგად წარმოაჩენს საბჭოს წევრები ვის მიმართ არიან კეთილგანწყობილები და ვის ეხმარებიან. შემიძლია გითხრათ, რომ ესენი სიაში აუცილებლად მოხვდებიან, უბრალოდ თავს ვიკავებ ამ გვარების დასახელებისგან," - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების შესახებ საუბრისას.
მისი განცხადებით 50 კანდიდატიდან 45, ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათმა წევრმა შეარჩია, თანაც პროცესი დღეს დაჩქარებულად მიმდინარეობს. ჯანეზაშვილი იმ დარღვევებზე საუბრობს, რასაც გასაუბრებების დროს ადგილი ჰქონდა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა, ანუ ათი წევრი ერთიანი სქემით მოქმედებდა და 50-დან 45 ადამიანი მათ ისე მოახვედრეს ამ სიაში, როგორც აწყობდათ.
„მათი უმრავლესობა არის მოქმედი მოსამართლე. მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობის მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მოველოდი, რომ კონკურენცია იქნებოდა უფრო მაღალი.
„ერთ-ერთი მოქმედი მოსამართლე გასაუბრების დროს საკმაოდ არასერიოზულად იქცეოდა. ასეთი იყო ბევრი. მათ ფონი შექმნეს და არა რეალური კონკურენცია.
„პროცედურა მიმდინარეობს ნაჩქარევად და განსაკუთრებულ რეჟიმში. ახლა რატომ ჩქარობენ და რას აკეთენ, ჩემთვის გაუგებარია. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი დღე იყო ჩავარდა, ყოველდღიურად არის გასაუბრება - საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი.
„ასევე იყო დარღვევევები, რასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა. ერთადერთი მიზანი ალბათ ის არის, რომ საბჭომ დროზე მოიშოროს ეს საქმე და სია პარლამენტს გადაუგზავნოს, რათა ზედმეტი მითქმა-მოთქმა მალე დამთავრდეს.
„ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ 20 ადამიანი. 15-ზე მეტი უკვე ვიცი ვინ იქნება. გასაუბრება ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, საბჭოს წევრები ვის მიმართ არიან კეთილგანწყობილები, ვის ეხმარებიან და ვისზე ცდილობენ კარგად წარმოაჩინონ. შემიძლია გითხრათ, რომ ესენი სიაში აუცილებლად მოხვდებიან, უბრალოდ თავს ვიკავებ ამ გვარების დასახელებისგან," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 50 კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს, პარლამენტს კი ამ სიას დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.