ია აბულაშვილი
11.08.2019

 აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში „პასპორტებს“ ცვლიან.  დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, ქალაქებსა და რაიონებში ყველა „საპასპორტო სამსახური“ უქმე დღეებშიც იმუშავებს და ასევე მარტივდება „პასპორტის“ გაცემის პროცედურა. ამგვარი რამ აფხაზეთში პირველად არ ხდება - სეპარატისტთა ხელმძღვანელობა პრაქტიკულად ყველა „არჩევნების“ წინ „პასპორტებსა“ თუ პირადობის დამადასტურებელ „საბუთებს“, რომლებითაც ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი, ცვლის.

თავად დე ფაქტო ხელისუფლებაში ამას იმით ხსნიან, რომ „აფხაზური პასპორტის“ აღების მსურველთა რიცხვი გაიზარდა. აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს მონაცემებით, 130 ათას მოქალაქეზე უკვე გაიცა ახალი „პასპორტი“, მათ შორის 26 ათასი - სოხუმში, 18 ათასი - გუდაუთათში და 14 ათასზე მეტი - ოჩამჩირეში. გასაცემად მზად არის კიდევ 3 ათასამდე „დოკუმენტი“.

როგორც „მთელ კვირასთან“ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, „აფხაზური პასპორტები“ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, რადგან ამ „პასპორტს“ მოსახლეობა მხოლოდ ქონების შესაძენად და „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად იყენებს. სხვა შემთხვევებში, მათთვის უფრო მოსახერხებელია რუსული პასპორტის გამოყენება.

„აფხაზური „პასპორტები“ ახსენდებათ არჩევნების დროს, რადგან რუსული პასპორტი მათთვის უფრო მოსახერხებელია - ამით შეუძლიათ აიღიონ პენსია და იმოგზაურონ რუსეთში. არ მგონია, ვენესუელაში მოგზაურობის მსურველი ბევრი იყოს. „აფხაზური პასპორტით“ კი  შეუძლიათ მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა და მონაწილეობა „არჩევნებში“.  

„ამიტომ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ან საერთოდ შეიძლება არ ჰქონდეს „აფხაზური პასპორტი“, ან თუ აქვს, ვადაგასული.  ალბათ ამასაც უკავშირდება დაჩქარებული წესით „პასპორტების“ გაცემის პროცესი.

„მაგრამ, ამ „არჩევნებში“ „პასპორტიზაციის“ პროცესი კი არ არის მთავარი, მთავარია რამდენიმე მომენტი. ერთი ის, რომ უკავშირდება სკანდალს, რადგან ყველამ იცის, რომ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი მოწამლულია. ამიტომ, გამორიცხული არ არის, ხაჯიმბას პირველ ტურში გამარჯვება არ აწყობდეს, რადგან ამან შეიძლება, მღელვარება გამოიწვიოს და მეორე ტურის გამართვის  შემთხვევაში იტყვის, რომ ძლივს გაიმარჯვა. 

„პირადად ჩემთვის კი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის ბოლო „არჩევნები“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პოსტსაბჭოთა პერიოდის კანდიდატები, რომელებსაც ყველა რესურსი ამოწურული აქვთ. ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდები, რომლებიც მომავალ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც აჩენს შანსს, ახალი ციკლი დაიწყოს ქართულ-აფხაზაურ ურთიერთობაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×