თამთა ჩაჩანიძე
15.08.2019

 "არ ვარ "ქრონიკაში", მაგრამ ვარ "იმედში"!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია!" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნანა ლეჟავა 11 აგვისტოს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, აგვისტოს ომზე გასულ ფილმს სახელწოდებით "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს".

"მე ვფიქრობ, რომ არანაირი ტაბუები არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს თავისუფალ მედიაში და სიმართლე ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი," - აცხადებს ფილმის ავტორი და ტელეკომპანიის გენდირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი.

სოციალურ ქსელში იგივე შინაარსის ტექსტებით დაპოსტეს "იმედის" სხვა ჟურბალისტებმაც, რასაც ერთგვარი ფლეშმობის სახე ჰქონდა. ექსპერტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს პროპაგანდისტული ფილმია.

"არ შეიძლება მედიასაშუალებამ ანტისახელმწიფოებრივი დისკურსი გაატაროს სიუჟეტში ან ფილმში. როდესაც ჩვენ ვიღებთ ასეთი ფორმით გაკეთებულ ფილმს, ეს თავისთავად ცხადია, რომ პროპაგანდისტული მიზნით არის გაკეთებული. და დღეს ამ დისკურსის გამოყენება ხდება მნიშვნელოვან მედიასაშუალებაში. მისი მიზანიც სწორედ ისაა, რომ რუსეთს შემდეგ "არგუმენტი" ექნება ბევრ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომ ასე ფიქრობენ ქართველებიც ქართველი ჟურნალისტები და ქართული ტელესაშუალებები აკეთებდნენ ამ ყველაფერს," - ამბობს გამზარდია

ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა.

"პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ, ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები, რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ამის პარალელურად ვრცელდება ცნობები გადაცემა „იმედი Live"-ის დახურვაზე. ამის შესახებ ამავე გადახცემის წამყვანი თეონა გეგელია საკუთარ ფეისბუქზე წერს, იგი პროტესტსაც უერთდება.

„აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე", მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის" ჟურნალისტების პროსტეტს. არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!" - წერს გეგელია.

მოგვიანებით ნიკა ლალიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ფილმის შინაარსთან და "იმედის"ჟურნალისტების რეაქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. რაც შეეხება ჟურნალისტების ნაწილის შეხედულებას, ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია. ჟურნალისტებს უფლება აქვთ, რომ ნებისმიერი კონტენტის მიმართ, რაც არხზე გადის, თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ. ნებისმიერ რედაქციაში ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. მე თვითონ ვარ ფილმის მთავარი პროდიუსერი. მე ჟურნალისტთა ნაწილის ამ შეხედულებას არ ვიზიარებ.

ეს არ არის რუსული ნარატივი. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამით ხდებოდა თემის ტაბუირება. მე ვფიქრობ, რომ არანაირი ტაბუები არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს თავისუფალ მედიაში და სიმართლე ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი. სიმართლე არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ უკვე ლეგიტიმაციამოკლებული ხელისუფლება. ისინი წავიდნენ აი, ამ ავანტიურაზე და გაწირეს ქვეყანა," - განაცხადა ლალიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×