თამთა ჩაჩანიძე
15.08.2019

 "ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია, ეს ფაქტიურად სამხედრო აგრესიაა და უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინტერესებს," - ასე ეხმიანება "რეზონანსთან "ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ საქართველოში მცოცავ ოკუპაციას.

ვახტანგ მაისაია: ბორდერიზაცია რთული პროცესია. ის დაიწყო ომის დამთავრებისთანავე მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული არაგონივრული პოლიტიკის წყალობით, რომელმაც მიაჩვია რუსი ოკუპანტები თავნებობას. სააკაშვილმა საერთოდ მოხსნა სამხედრო პოსტები და იქ განალაგა საპოლიციო ძალები, რომლებსაც ბუნებრივია არავითარი რეაგირების შესაძლებლობა არა აქვთ. ეს მათი კომპეტენციაც არ არის, რომ მტრული სახელწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ რაიმე წინააღმდეგობა გასწიონ. საპოლიციო "ჩეკ-პოინტები" არავითარ შედეგს რომ არ იღებს, ეს ფაქტია.

ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია, ეს ფაქტიურად სამხედრო აგრესიაა და უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინტერესებს, მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი, რომელიც ფაქტიურად უკვე მათ ხელშია, როდესაც საუბარია 2 კილომეტრიანი ზოლის ხელში ჩაგდებაზე. ასევე უახლოვდებიან თბილისი-გორის ავტომაგისტრალს, რაც არის საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. თუ ამ ობიექტზე მოხდა თუნდაც რაიმეს დაკავება, ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრიობას რეალური გამოწვევა შეექმნება.

"რ": რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად?

ვ.მ: ამ შემთხვევაში საჭიროა უკრაინის გამოცდილების საფუძველზე, კერძოდ დონბასის მაგალითზე, შევიყვანოთ ჩვენს ტერიტორიებზე თავდაცვის ძალების შენაერთები, მოხდეს ახალი სამხედრო "ჩეკ-პოინტების" განლაგება უშუალოდ მცოცავ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, მოხდეს გარკვეული ტერიტორიების დანაღმვა და ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომელიც ფაქტიურად არ მისცემს საშუალებას რუს ოკუპანტებს, მოახდინონ ამ ტერიტორიის ხელახლა ათვისება.

უკვე დროა რომ შეიქმნას სპეციალური ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრი და შტაბი, რომელიც ამ ოპერაციას ჩაუდგება სათავეში და ფაქტიურად წინ აღუდგება ოკუპანტების თავხედურ, ზღვარგადასულ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შებღალვას.

რუსებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიური ამოცანა, მცოცავი ოკუპაციის გაფართოვება, რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ თბილისი-გორის მნიშვნელოვან მაგისტრალთან და ხელში ჩაიგდონ ეს მიმართულება. ეს აშკარად ჩანს ოკუპანტების მხრიდან.

"რ": დღეს აშშ-მ რუსეთს უკანდახევისკენ მოუწოდა, ასევე დაგეგმილია გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის ჩასვლაც. მოახდენს თუ არა რეაგირებას ამაზე რუსეთი?

ვ.მ: კარგია, რომ ოფიციალური პირები გამოხატავენ ასეთ პოზიციას, მაგრამ რუსი ოკუპანტები პირიქით, კიდევ უფრო გათავხედდებიან იმიტომ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აშშ-ს და საერთაშორისო პოზიციები იყო საკმაოდ ქმედითი და რუსეთის ხელისუფლება მათ არაფრად აგდებდა, დღეს რუსეთი და აშშ არიან უკვე მტრები. მათ შორის მიმდინარეობს ახალი ცივი ომი და რუსებმა უფრო რომ გაზარდონ აგრესია, გასაკვირი არ იქნება. ამერიკელების პოზიცია ძალიან კარგია და სჯობს, რომ მათ შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოებიც და დაგმონ ეს ქმედება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, ნაწილი ევროკავშირის სახელმწიფოებისა კი ინარჩუნებენ რუსეთთან სამწუხაროდ თბილ პარტნიორულ ურთიერთობას, ამიტომ მათი პოზიციებიც ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. დიპლომატიური კორპუსის ჩაყვანა ადგილზე და ის, რომ მათ მოახდინონ რეაგირება, ეს იქნება რეალური დიპლომატიური შედეგის მომტანი.

"რ": ანაკლიის კონსორციუმიდან გავიდა მსხვილი აქციონერი "კონტი ჯგუფი" . ეს როგორ აისახება პროექტზე?

ვ.მ: ასეთი მსხვილი კომპანიის გასვლა ამ პროექტიდან, რა თქმა უნდა, მასზე დადებითად არ აისახება. ეს ცხადია. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პროექტის მიმართ არსებობს გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტურები, რომლებიც სცდება ჩვენს ქვეყნის საზღვრებს. მით უმეტეს საქართველოში მძიმდება ეკონომიკური და ფინანსური ვითარება. ამერიკული კომპანიის გასვლა ამ პროექტიდან ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ კვლავ გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×