"ფაქტია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ანაკლიის კონსორციუმს შექმნოდა პრობლემები. ხელისუფლების ამოცანა პროექტის ჩაშლა იყო თუ მისი საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა, ეს უახლოეს პრიოდში გამოჩნდება," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ პერიპეტიებზე საუბრისას.
კერძოდ, ანაკლიის კონსორციუმის და თი-ბი-სი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და კონსორციუმის გენდირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტიდან ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის "კონტი ჯგუფის" გასვლასთან დაკავშირებით განდხადებები გააკეთეს. მათი თქმით, კონტი ჯგუფის გასვლით პროექტს საფრთხე არ შეექმნება.
ხუხაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ პროექტის დამფუძნებლების მხრიდან პოზიტიური განცხადებების გაკეთება ბუნებრივია, თუმცა მეორეს მხრივ კონტი ჯგუფის გასვლა ამ პროექტიდან ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია.
"ხელისუფლებას კონსორციუმი მაინცდამაინც არ მოსწონს, ამ ფონზე "კონტი ჯგუფის" გასვლა რა თქმა უნდა პოტენციური ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, ვფიქრობ, რომ საერთოდ ამ პროექტის ბედი ძალიან ბუნდოვანია, გამიხარდება თუ მეშლება, მაგრამ გამომდინარე იმ პერიპეტიებიდან,როდესაც ხელისუფლებამ ერთის მხრივ თავის კეთილგანწყობის დემონსტრირებას ახდენდა, მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კონსორციუმის დისკრედიტაცია მომხდარიყო...
ამ პროექტის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები, მე მესმის კონსორციუმის დამფუძვნებლების მხრიდან ეს ოპტიმისტური განცხადებები, ისინი სხვა რამეს ვერც იტყვიან, მაგრამ სამწუხაროდ მოვლენების პოზიტიური განვითარების სულ უფრო და უფრო ცოტა შანსი რჩება. "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ თუ თვითონ კონსორციუმსაც პრობლემები შეექმნა, ეს საერთოდ დასავლეთის და დასავლური ინვესტიციების გასვლას ნიშნავს ამ პროექტიდან," - ამბობს იგი.
ხუხაშვილმა "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლას შესაძლო ვარიანტზეც ისაუბრა.
"როდესაც მუდმივად გეუბნებიან, რომ თქვენი პარტნიორი სისხლის სამართლის დამნაშავეა, დიდი ინვესტიცია გაქვს განსახორციელებელი და სერიოზული რისკები უნდა აიღი საკუთარ თავზე, აქ ყველაფერი გასაგებია რატომ გავიდა.
"საერთოდ კონსორციუმს პრობლემები აქვს, ჩვენ ამას ვხედავთ და ამ პრობლემებს აქვს ძალიან ბევრი განზომილება. პროექტის დაწყების შანსი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს, ვინ არიან პარტნიორები და რა კონცეფციის ფარგლებში ვითარდება ეს პროექტი. თუ ეს საბოლოო ჯამში დარჩა მხოლოდ საპორტო გადაზიდვების პროექტად, ეს ქვეყნისთვის საინტერესო საერთოდ არ იქნება, როგორც ჩანს ყველაფერი აქეთ მიდის.
"ფაქტია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონსორციუმს შექმნოდა პრობლემები, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ამოცანა პროექტის ჩაშლა იყო თუ, მისი საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანა, ეს უახლოეს პრიოდში გამოჩნდება," - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".