გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სოფელთან განახლებულ ე.წ. საზღვრების გავლების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ოკუპანტების ამ ქმედებას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გამოეხმაურა, რომელმაც ამ ფაქტს „საშინელი ისტორიული უკანონობა" უწოდა. მისი თქმით, აუცილებელია მხარეები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობა არ მიდის წინ იმ მხრივ, რომ რაღაც მოლაპარაკებები გაიმართოს. გაყინულია ეს პროცესი და აგრძელებენ ისევ ბორდერიზაციას. ამას სჭირდება მოლაპარაკება, დიპლომატიური მოქმედება და ურთიერთობის დამყარება. კულისებს მიღმა თუ კეთდება რამე, არ ვიცი და დასანახად, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. არ ჩანს, რომ ერთი ნაბიჯით მაინც გაუმჯობებსებულიყო მდგომარეობა," - აცხადებს ის.
ოთხმეზური „რეზონანსთან" საუბრისას იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც თავად ტერმინი „სამხრეთ ოსეთი" პირველად გაჩნდა.
„ეს არის ყოველგვარი საერთაშორისო კანონების დარღვევა. გავიხსენოთ რა პირობებში და რა ვითარებაში შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქი. პუტინი, ოსი ისტორიკოსები და რუსები მხარს უჭერენ იმას, თითქოს „სამხრეთ ოსეთი" ოდესღაც არსებობდა. ეს ყველაფერი არის ტყუილი. მხოლოდ ტერმინი გაჩნდა 1830 წელს. „სამხრეთ ოსეთი," როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული, 1922 წელს შეიქმნა.
„მანამდე რუსებს ჰქონდათ მცდელობა და „ოკრუგი" (ოლქი) გააკეთეს მეცხრამეტე საუკუნის 40-50-იან წლებში. ასეთი „ოკრუგის" გახსენება თვითონ ოსებსაც არ უნდათ, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და დღევანდელი თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ერთ მესამედს შეადგენდა დაახლოებით. არც ცხინვალის და არც ახალგორის რაიონში არ შედიოდა. 1842 წლიდან და 1879 წლამდე იარსება ამ ოლქმა და შემდეგ გადაიტანეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს არის საშინელი ისტორიული უკანონობა, რომელსაც დღეს ოსების სახელით რუსები სჩადიან," - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში უკვე რამდენიმე დღეა რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგრძობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს ამაგრებენ. ადგილზე უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს. 15 აგვისტოს სოფელში მიმდინარე უკანონო სამუშაოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდა.