„თბილისის აქციები აფხაზეთის ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან არანაირ კავშირში არ არის. აფხაზეთში ძალიან მძიმეა კრიმინალური სიტუაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს და განუვითარებელია, აფხაზეთის მოსახლეობის, ფაქტობრივად, 45%-ზე მეტი გახიზნულია დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიიდან და წასულია სამუშაოს მოსაძებნად და მეოთხე მომენტი ისაა, რომ აფხაზეთში ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა", - „რეზონანსთან" საუბრისას ასე გამოეხმაურა ექსპერტი ვახტანგ მაისაია აფხაზეთში ტურისტული სეზონის ისევ ჩავარდნას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2019 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდნაზე, ისიც მეტყველებს, ტურისტთა მცირე რაოდენობა და თავად „მაღალჩინოსნებისა" და ადგილობრივების განცხადებები. განადგურებული ინფრასტრუქტურა და ჩავარდნილი საზაფხულო სეზონი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში კრიტიკული მდგომარეობაა,ხოლო ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ საზღვაო ქალაქების სხვა სანაპიროების უმეტესობა, სასწრაფოდ საჭიროებს დასუფთავებას და წესრიგში მოყვანას.
სულ რაღაც 1 თვის წინ დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე აანონსებდა, რომ აგვისტოში გაგრაში უამრავ ტურისტს ელოდებოდნენ და სასტუმროები და სახლები სრულიად დაჯავშნილი იყო.
ასევე აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის უწყება 10 ივნისის მონაცემებით იუწყებოდა, რომ მხოლოდ გაგრაში 10 ათასმა ადამიანმა დაისვენა, რაც ორჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით - თუმცა გაგრაში 10 ათასი ტურისტი, სავარაუდოდ, არავის უნახავს.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეუსაბამო ინფრასტრუქტურის, დაბალი სერვისისა და გახმაურებილი კრიმინალური შემთხვევების გამო, აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობა ზაფხულობით იკლებს, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანები აფხაზეთში წლევანდელ საკურორტო ჩავარდნას თბილისის აქციებს, "გავრილოვის ღამეს" უკავშირებენ.
„რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ასახელებს ოთხ ძირითად მიზეზს, რომელმაც გამოიწვია აფხაზეთში ტურისტული სეზონის ჩავარდნა - უმთავრესი კრიმინალური სიტუაციაა, რომელიც ყველა საზღვარს სცდება:
„თბილისის აქციები აფხაზეთის ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს ყველაფერი აბსოლუტური გამონაგონია. სამწუხაროდ, ჩვენი უნიათობისა და საერთოდ უგუნური პოლიტიკის გამო, აფხაზეთი ცალკე მიდის ჩვენ ცალკე მივდივართ. ამ კუთხით იმის თქმა, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი იმიტომ ჩავარდა, რომ ჩვენმა აქციებმა გამოიწვია იქ რუსი ტურისტების არჩასვლა, არის სიცრუე, საინფორმაციო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მორიგი კამპანია, მგონი ეს წამოსულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან.
„რეალურად, ტურისტული სეოზონი ჩავარდა იმიტომ, რომ აფხაზეთში ძალიან მძიმეა კრიმინალური სიტუაცია, მაგალითად გუშინ ვნახე კონკრეტული ვიდეოსიუჟეტი, რომელსაც, სხვათა შორის, უკვე რუსული არხები ავრცელებენ - დე ფაქტო აფხაზეთის მილიციელები როგორ უდიერად ეპყრობიან რუს ტურისტს, ეს რუსი ტურისტი იმდენი სცემებს, რამდენიც რუსის ბარაბანს არ მოხვედრია დაწყებული ნიკოლოზ პირველის დროიდან.
„კრიმინოგენული სიტუაცია აფხაზეთში უკიდურესად მძიმეა და, რა თქმა უნდა, ეს ტურისტს აფხაზეთში ჩავლის ყოველგვარ სურვილს უკარგავს და საქმე არა მხოლოდ რუს, არამედ უცხოელ ტურისტებსაც ეხება. სხვათა შორის, სოჭის, ნოვოროსიისკის, ანაპისა და კრასნოდარის ტერიტორიაზე მოქმედი ტუროპერატორები დასავლეთ ევროპიდან და სხვა ტერიტორიებიდან ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლას ურჩევენ. ამას კიდევ ერთი ნიუანსი ემატება - ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთოდ არ არსებობს და განუვითარებელია. აფხაზეთის მოსახლეობის, ფაქტობრივად, 45%-ზე მეტი გახიზნულია დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიიდან და წასულია სამუშაოს მოსაძებნად.
„მეოთხე მომენტი ისაა, რომ აფხაზეთში ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა. მოგეხსენებათ, რომ ახლა უნდა ჩატარდეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. ამჟამად, იქ უფრო დაძაბულია სიტუაცია ვიდრე ჩვენთან იყო. აქ არაფერ შუაშია ჩვენი აქციები - აქ მთავარია ის აქციები, რომელიც იმართება ადგილობრივი ოპიზიციის მიერ, რომლებიც უპირისპირდებიან რაულ ხაჯიმბას კლანს, რომელიც პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს და იმაზე წავიდა, რომ ოპონენტი მოწამლა. ეს ფაქტორები სავსებით გასაგებს ხდის აფხაზეთსი 2019 წლის ტურისტული სეზონის ჩავარდნას", - განმარტავს ვახტანგ მაისაია.