თამთა ჩაჩანიძე
16.08.2019

 "ბორდერიზაცია კონფლიქტის მოუგვარებლობის გამოვლენაა, თუ კონფლიქტს მოვაგვარებთ ესეც გაჩერდება, მაგრამ მხოლოდ ბორდერიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით არ მგონია რომ ეს პროცესი შევაჩეროთ," - ასე ეხმიანება "რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესს.

"რეზონანსი": გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენლი ჩავიდა. თქვენი აზრით, რა შედეგი მოყვება ამ ვიზიტს?

პაატა ზაქარეიშვილი: დიპლომატების მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან რუსეთმა იცოდეს, რომ მისი ქცევები არ რჩება შეუმჩნეველი და აუცილებლად ხდება რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრონის მხრიდან, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესები, დასავლეთიდან მკაფიო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

საზოგადოება მეტს ელოდება-ხოლმე, ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ იმ დონეზე მხარდაჭერა, რაც არის სინამდვილეში და ეს არის ის, რომ დასავლეთი მკაფიოდ და ცალსახად ადასტურებს საქართველოს გვერდში დგომას.

რუსეთი სხვაგან კიდევ უფრო საშინლად იქცევა, მაგალითად დონბასში, ყირიმში, სირიაში, ვენესუელაში და აშკარად ჩანს, რომ ყველგან აგრესიულია და თავის პოლიტიკას რადიკალურად ახორციელებს, მაგრამ თუ არ მოხდება რეაგირება, მისი ქმედებები კიდევ მეტად ნებადარული გახდება, ამიტომ რეგულარული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

"რ": არის თუ არა რაიმე საშუალება რუსეთის ამ პროცესის შეჩერებისა?

პ.ზ: მე არ ვარ ფატალისტი და ფატალურად არ ვუყურებ ვითარებას, მგონია რომ ამის არაერთი საშუალება არსებობს, მაგრამ საჭიროა საქართველოს მხრიდან მეტი პროფესიონალიზმი, მონდომება და თანმიმდევრულობა. მგონია, რომ დროს ვკარგავთ. აფხაზურ და ოსურ მხარეებთან უნდა გვქონდეს მუდმივი კონტაქტები, რათა მათ დავაჯეროთ, რომ საქართველოსთან მათი ურთიერთობა უფრო პერსპექტიულია, სანდოა და უფრო მეტის მომტანია, ვიდრე რუსეთთან. ამას დრო სჭირდება. თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება დღეს რაღაცას იმოქმედებს და ხვალ ბორდერიზაცია შეწყდება, ასე არ არის. მუდმივი მჭიდრო კონტაქტია საჭირო და თუ ეს პროცესი დაიწყება, 5-6 წელი მაინც დასჭირდება მისახვედრად, რომ საქართველოსთან მათი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს დებორდერიზაციაც, დეოკუპაციაც და მეტი თანამშრომლობაც, რაზეც შეიძლება დაეფუძვნოს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც აფხაზები, ოსები და ქართველებიც თვითრეალიზაციას თანაცხოვრებაში დაინახავენ.

ბორდერიზაცია კონფლიქტის მოუგვარებლობის გამოვლენაა, თუ კონფლიქტს მოვაგვარებთ, ესეც გაჩერდება, მაგრამ მხოლოდ ბორდერიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით არ მგონია, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ.

"რ": თვლით თუ არა, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების აღდგენის ერთერთი წინაპირობაა?

პ.ზ: ნატოში გაწევრიანება ჯერჯერობით არ ჩანს, მაპიც კი არ მიგვიღია, ჩემი აზრით ალიანსში გაწევრიანებას 7-8 წელი მაინც დასჭირდება, ყოველ ათ წელიწადში ნატო შეიმუშავებს სტრატეგიულ ათწლიან გეგმას, წინა 2010 წლის ათწლიან გემგმაში ერთ პაკეტში აღმოვჩნდით რუსეთთან და უკრაინასთან ერთად, როდესაც მონტენეგრო აღმოჩდა იმ პაკეტში, სადაც გაწევრიანებაზე იყო საუბარი. 2020 წელს რომელ პაკეტში აღმოვჩნდებით, გაწევრიანების კალათაში აღმოვჩნდებით თუ თანამშრომლობის და სამეზობლო კალათაში, ამას უკვვე 2020 წელს გავიგებთ.

უახლოესი 7 წელიწადი ნატოში გაწევრიანების არანაირი პერპექტივა არ ჩანს, ესეც 2008 წლის დაღია, რასაც სამწუხაროდ მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან კონფრონტაციას თავი ვერ აარიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×