თამთა ჩაჩანიძე
17.08.2019

 „თუ მოლოდინი აქვთ, რომ ამ ცვლილებების შედეგად „ქართულ ოცნებას" რეიტინგი მოემატება, ან ამომრჩეველი გულს მათკენ მოიბრუნებს, ეს ასე არ იქნება. მაგრამ ის, რომ როგორც გახარია, ისე ღარიბაშვილი ორივე პიროვნება საკმაოდ ხისტები არიან, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება მზად არის „მკაცრი ხელის" პოლიტიკა გაატაროს, ან მოსახლეობას და საზოგადოებას აჩვენოს, რომ მკაცრი თუ მტკიცე ხელი აქვთ", - ასე ეხმიანება "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

„რეზონანსი": მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფოტმაციით, შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია კი პრემიერი გახდეს. როგორ ფიქრობთ, რეალურად რას შეცვლის ეს?

ვახტანგ ძაბირაძე: მანადე, სანამ 20-21 ივნისის ამბები იქნებოდა, ასეთი ვერსია მეც მქონდა და ვფიქრობდი, რომ მოხდებოდა ჩანაცვლება - ღარიბაშვილი შს მინისტრად და გახარია პრემიერმინისტრად, და ზუსტად 20 ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი შეაჩერა, ან შეანელა.

თუ მოლოდინები აქვთ, რომ ამ ცვლილებების შედეგად „ქართულ ოცნებას" რეიტინგი მოემატება, ან ამომრჩეველი მათკენ გულს მოიბრუნებს, ეს ასე არ იქნება. მაგრამ ის, რომ როგორც გახარია, ისე ღარიბაშვილი ორივე პიროვნება საკმაოდ ხისტები არიან, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება მზად არის „მკაცრი ხელის" პოლიტიკა გაატაროს, ან მოსახლეობას და საზოგადოებას აჩვენოს, რომ მკაცრი თუ მტკიცე ხელი აქვთ და ვთქვათ, „არავის არაფერი შეეშალოს" - დაახლოებით ასეთი მიმართულებით იყოს.

სხვა მხრივ ეს ცვლილება რეალურ შედეგს არ მოიტანს იმიტომ, რომ შედეგის მოტანას სჭირდება სხვა გადაწყვეტილებები, სოციალური განხრით რეალური პროგრამა, არაორდინალური გადაწყვეტილებები და ა.შ და რაც მთავარია, ამას სჭირდებიან ადამიანები, რომლებიც იდეების გენერატორები იქნებიან.

7 წელია „ქართული ოცნების" მოღვაწეობას ვუყურებ და ასეთი იდეებით და მაინცდამაინც დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევიან, მით უმეტეს მოულოდნელი იდეებით. ამიტომ ამ მიმართულებით არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას და თუ ცვლილება განხორციელდება, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხალისუფლებას აქვს მტკიცე ხელი და ნება ცვლილებები კი არა სიტუაცია ხელში დაიჭიროს და აკონტროლოს.

„რ": სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ?

ვ.ძ.: ჩვენი ერთერთი ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ერთმანეთში ვურევთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ასევე ერთმანეთში ვურევთ სხვა სახელმწიფოსა და საკუთარი მთავრობის ქმედებებს.

ის, რაც ხდება გუგუტიანთკარში, ეს არც მხოლოდ ამ ქვეყნის და არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პრობლემაა. როდესაც ასეთი ამბავი ხდება, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უნდა იყვნენ გაცილებით ფრთხილები, ვიდრე ესენი იქცევიან.

ჩემი აზრით, ძალიან სწორად იქცევა პოლიცია, რომ მათ იქ არ უშვებს იმიტომ, რომ არანაირი სამოქალაქო აქტივისტი ამ პროცესს არ შეაჩერებს და ვერც ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ პროვოცირებისთვის რაღაც ნიადაგს შექმნის. თუ ჩვენ პროვოცირება გვინდა, კი, ბატონო, შეუშვან და თუ პროვოცირება არ გვინდა, ამას თავი უნდა დავანებოთ და ზოგადად მივხვდეთ, რომ ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც ორ დღეში არ და ვერ გადაწყდება.

სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ზომიერების ფარგლებში უნდა განაცხადონ და არ ითამაშონ ემოციებზე და მე ასეთ ზომიერ სამოქალაქო აქტივიზმს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სამოქალაქო აქტივიზმი რომ შველოდეს, დიდი ხანია გადაწყდებოდა ჩვენი პრობლემა.

როდესაც ქვეყნის საშინაო საქმეებს ეხება, გნებავთ საგარეოსაც, კი, ბატონო, აქტივობა გასაგებია, ოღონდ არა რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე არაპროგნოზირებადია და ამ მიმართულებით ფრთხილები უნდა ვიყოთ.

„რ": ნიკა გვარამიამ ახალი ოპოზიციური არხი დააფუძნა. შეიტანს თუ არა ცვლილებებს ეს კონკრეტული და ზოგადად ახალი ოპოზიციური არხები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში?

ვ.ძ.: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე დარწმუნებული ვარ, რომ არც დამოუკიდებელი არხი არ იქნება - დაახლოებით ვიცი რა თემატიკით და სარტედაქციო პოლიტიკით იქნება და ეს ჩემთვის მაინცდამაინც მისაღები არ იქნება - მაინც მივესალმები და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ქვეყანაში ასეთი ტელევიზიები დაარსდება იმიტომ, რომ ჩვენ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ, საქართველოში უნდა დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან მუდმივი მცდელობა იმისა, რომ აკონტროლებდეს ელექტორალურ მედიას.

თუ გვარამია შეძლებს ტელევიზიის არა მხოლოდ დაფუძნების გამოცხადებას, არამედ რეალურად ამუშავებას, ჩემთვის ეს როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ზოგადად მისაღები და კარგი იქნება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. ამ ქვეყანაში ეს პრობლემა 30 წელია არსებობს და იქნებ ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს მიხვდეს, რომ მედიის კონტროლს ვერ მოახერხებს.

„რ": „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პარტიას რა შანსები ექნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რამდენად ეყოფა არჩევნებამდე დრო, რომ ხალხის მხარდაჭერა და რეიტინგი მოიპოვოს?

ვ.ძ.: ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას დააანონსებდა. შემიძლია ისიც ვთქვა, რომ მისი მომავალი პარტის ელექტორალური რესურსი ნამდვილად არსებობს, ფინანსების მხრივაც იმედია მას გარკვეული ფინანსები მაინც აქვს. ანუ, თითქოს ყველა პირობა და მოსახლეობაში მოლოდინიც არის იმისთვის, რომ სერიოზული ძალა შეიქმნას, მაგრამ პირობებს სწორი გამოყენება უნდა.

მე არ ვიცი რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, როგორ მოახერხებს პარტიის იდეოლოგიის მოსახლეობამდე მიტანას. საგარეო ორიენტირება ამ შემთჴვევაშჲ ნაკლებად მაინტერესებს იმიტომ, რომ ისინიც კი, ვინც მოსკოვში დადიან, ამბობენ, რომ პროდასავლურები არიან.

ამასთანავე ცხადი იქნება ერთი რამეც - ხაზარაძე როდესაც ხელისუფლებასთან კონფლიქტში იყო, ოპოზიცია მას მხარს უჭერდა, მაგრამ როგორც კი ის პარტიას შექმნის, მათი კონკურენტი გახდება. ამიტომ ესეც გასათვალისწინებია.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ადგილები თითქმის გადანაწილებულია. საერთო ჯამში რესურსი არსებობს და თუ ამას სწორად გამოიყენებს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდს წარმატების შანსი აქვს.

თუ საზოგადოების უცნობი პიროვნება აპირებს პარტიის შექმას და თავისი სანათესაოს, ახლობლების და სამეგობროს გარდა არავის არ იცნობს, რა თქმა უნდა ის ვერ დადებს ვერანაირ შედეგს იმიტომ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დრო ცოტაა. თუ პიროვნების ცნობადობის ფაქტორი არსებობს, სწორად დაგეგმავს და სწორად შეაფასებს სიტუაციას, რა თქმა უნდა სერიოზული წარმატების შანსი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×