ოზურგეთში მომხდარ ავარიას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა-მძღოლი პატრულის თანდასწრებით სცემეს. კოსტავას ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბქუი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ორივე ავტომანქანა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
როცა პატრული ორივე მხარეს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უხსნიდა, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა და მასთან მყოფმა პირებმა მეორე მანქანის მძღოლი სცემეს.
შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ისინი პატრულის უმოქმედობის გამო "გურიის მოამბესთან" გაკვირვებას ვერ ფარავენ:
"პატრული აქ იყო, როცა კაცს ცემა დაუწყეს, მაგრამ არანაირი რეაგირება ამაზე არ ჰქონიათ. გავიგონეთ, როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთ აგრესიულ გოგონას, ვინც მძღოლს ხელი დაარტყა - ამაღამ დაწყნარდით და ხვალ დაგიხოციათ ერთმანეთი თუ გინდათო.
მსუბუქადაა დაზიანებული ორივე მანქანა, აქ ძალიან ახლოს მაღაზიაა და კიდევ კარგი იქ არ შევარდნენ ამ დარტყმის შედეგად", - ყვებიან ადგილობრივები.