მეგობრებმა გუშინ ზუზუს წლისთავი აღნიშნეს. მსახიობის საფლავზე შეიკრიბნენ... ზუზუს გარეშე გაქცეული მძიმე ერთი წელი გაიხსენეს. იტირეს და იცინეს... სხვანაირად ზუზუს მოგონება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ვერიკო ტურაშვილი: - ზუზუს მეგობრები ერთმანეთს რომ ვურეკავთ და მის არყოფნაზე ვსაუბრობთ, ვხვდები, რომ მხოლოდ მე არ დამაკლდა ასე ძალიან. ყველას საუკეთესო მეგობარი დაგვაკლდა, კარგი გაგებით „დებილი", ჩხუბიც რაღაცნაირი იცოდა და სიყვარულიც. ზუზუს მიერ დახასიათებული ჩემი თავი მენატრება. სხვებს რომ არ მოსწონდათ, ისეთი ადამიანები მოსწონდა, განსხვავებული.
ზუზუს დატოვებულ სიცარიელეს ვერავინ ამოავსებს ვერც ჩემთან და ვერც მის სხვა ახლო მეგობრების ცხოვრებაში.
გარდაცვლილი მეგობრების ხსენებაში იყო. თითქოს მასაც წინათგრძნობა ჰქონდა. მე რომ მოვკვდები, შენ იტირებო, მეუბნებოდა, სხვაზე სხვა რამეს ამბობდა...
ლიკა ყაზბეგი: - ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამ ადამიანის დანაკლისი. სხვა ადამიანებიც დამკარგვია, მაგრამ სხვა ენერგეტიკა ჰქონდა. ჩემზე ძალიან იმოქმედა მისმა წასვლამ. იმაზე მეტად ვიდრე მეგონა. 20 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩემი სამოდელო სააგენტოს პირველი წლები მხოლოდ მათან ერთად მახსოვს. ბევრი მეგობარი ყავდა. გუშინ ერთად შეკრებილები თან ვტოროდით თან ვიცინოდით. ზუზუს რომ იხსენებ ცრემლი და სიცილი ერთადაა. მასთან დაკავშირებული მოგონებები კურიოზებითაა სავსე. მონატრება სულ სხვა განცდაა. მძიმე აღმოჩნდა ეს წელი. ეს არის ერთადერთი როლი, რომელიც მას არ მოუხდა, ვერ ითამაშა, ვერ განასახიერა გარდაცვალება ისე, რომ ამას შევგუებოდით და ყველა ისე ვიხსენებდით, როგორც ცოცხალს. ასე იქნება სულ.
ზუზუსთან დაკავშირებით მოუშუშებელი კიდევ იცით, რა არის? დღემდე რომ ყველა მისი მეგობარი ვფიქრობთ, ნეტა რა მოხდებოდა, გადარჩებოდა ზუზუ მის სიცოცხლეში რომ მოესწროთ და ეთქვათ მისი საყვარელი რეჟისორი ფილმში რომ იღებდა? იქნებ ეხლა ჩვენს გვერდზე ყოფილიყო?
ზუზუს ერთ-ერთი საოცარი თვისება, იცით, რა ჰქონდა? თუ გაიგებდა ვინმეზე, რომ ნაჩხუბრები იყვნენ, არ არსებობდა, რომ არ შეერიგებინა. ამას როგორ ახერხებდა, ეგ ცალკე ისტორიაა. ჩვენთვის უნიკალური ადამიანი იყო. ზუზუ არის, იყო და იქნება ერთადერთი.
სიკვდილის მერეც ძალიან ბევრი ადამიანი გააცნო და დაამეგობრა ერთმანეთთან. ვერიკო ტურაშვილს, დიზაინერ მეგი გაბუნიას, განო მელითაურს და ხათუნა სალუქვაძეს ვიცნობდი. ზუზუსგან, მისი სიკვდილის შემდეგ, არაჩვეულებრივი მსახიობები მაია ცეცხლაძე და თამუნა ქოთილაიძე გავიცანი. ასევე ამ სიაში არიან - ნანა ტაკიძე, ლევან დვალი, ნინი დედალამაზიშვილი, თამუნა გიორგაძე და ქეთი კაკუბერი. ამდენი ადამიანი გააცნო და დააკავშირა ერთმანეთთან ამ საყვარელმა ადამიანმა.
ჩემი ნათესავი (ზუზუს ნათლია) ჩიტო წურწუმია იხსნებდა, ზუზუს ბავშვობის ფრაგმენტებს. გული მწყდება, იმ პერიოდზე ერთად რომ არ ვიყავით. წლები დავიკარგებოდით, მერე ისევ გადავიკვეთებოდით და ისეთი შეგრძნება გვქონდა, ისე ვნახავდით ერთმანეთს, თითქოს წინა დღეს დავშორდით. ძალიან უშუალო იყო ზუზუ. სასწაული ადამიანი იყო. არავის დაუწყვეტია ჩემთვის გული ისე, როგორც ამ ბიჭმა შეძლო.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე