ია აბულაშვილი
20.08.2019

 „არ ვიცი „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი პარტიები გაიზიარებენ თუ არა სააკაშვილის ამ იდეებს, მაგრამ მე პირადად კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ გეგმას და მის არცერთ პუნქტს. ფაქტიურად, ეს არც არის გეგმა, ეს არის პოპულისტური განცხადებები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საქართველოს მესმე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქმედო გეგმას, რომელსაც „გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებეში საქართველოს მოსახლეობს გააცნობს.

ცნობისთვის, სააკაშვილის გეგმის თანახმად, რომელიც „ვარშავის გეგმის“ სახელით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, ცვლილებები უნდა განხორციელდეს საგადასახადო სისტემაში და საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც იქნება მხოლოდ ერთი გადასახადი - დამატებითი ღირებულების გადასახადი; გაუქმდება მოგების, საშემოსავლო და დივიდენდების გადასახადი.

ასევე ევროპაში საქართველოს ეყოლება ყველაზე მცირე ზომის მთავრობა - ტექნიკური მთავრობა, რომელიც მთლიანად სერვისზე იქნება ორიენტირებული; ასევე აშენდება თავისუფალი ქალაქი ლაზიკა, სადაც თავისუფალი სავალაუტო რეჟიმი იმოქმედებს; ცვლილებები შეხება ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ.

„კატეგორულად არ ვეთანხმები ამ გეგმას და მის არცერთ პუნქტს. ეს არც არის გეგმა, ეს არის პოპულისტური განცხადებები.  ვცდილობ ვიყო კორექტული, მაგრამ პუნქტები, რომელიც სააკაშვილმა სამოქმედო გეგმაში წარმოადგინა, ძალიან არსერიოზულია, მოწყვეტილია კონკრეტიკას, არც ერთი პუნქტი ამ გეგმიდან არ არის შესრულებადი. ასე მეც შემიძლია ვთქვა - „წავიდეთ მარსზე". 

„გაიზიარებენ თუ არა „გაერთიანეულ ოპოზიციაში“ ამ იდეებს, არ ვიცი, ეს მათი ასარჩევია, ალბათ პარტიაში ეყოლებათ ეკონომისტები და ისინი სერიოზულად იმსჯელებენ ამ ცვლილებებზე.

„ყველა პუნქტს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რამდენიმეს შევეხები, მცირე ზომის მთავრობა, რომელიც უნდა რომ სმარტფონებით მართოს. ვფიქრობ, რომ სრული აბსურდია. როგორც ჩანს, ლაზიკასაც ვერ ეშვება და ილფი და პეტროვის რომანს უფრო ჰგავს. ამას რომ თავი დავანებოთ, წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს ყველა ვალუტის თანასწორობა.  

„რაც შეეხება განცხადებას, რომ ციხეების ნაწილი უნდა დაიხუროს და მხოლოდ გაუპატიურებაზე მოხვდებიან ციხეშიო... ადრე ამბობდა „ყველა ციხეშიო“, ახლა ამბობს „ყველა გარეთო, არავის არ დავიჭერო“, თან ამბობს, რომ ბიძინას დაიჭერს და ჩამოართმევს ყველაფერს. ვფიქრობ, შეუსაბამო და ნაკლებად სანდო განცხადებებია“, - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×