ია აბულაშვილი
20.08.2019

 „გულწრფელად ვამბობ, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტია და მასთან ერთად დაწერილი მაქვს 3 სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ხოლო მის მოადგილედ დაინიშნოს ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 2020 წლის გაზაფხულზე უთავდება, მაგრამ მან გაიარა გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რათა მუშაობა გააგრძელოს უზენაეს სასამართლოში. გასაუბრება წარმატებული იყო და სრულიად არ არის გამორიცხული, რომ ვადამდე ადრე წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, ანუ გამონთავისუფლდება ვაკანსია.

„რამდენადაც ვიცი, ირაკლი შოთაძემაც გაიარა გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამიტომ ცოტა სადაოდ მეჩვენება, დათანხმდეს საკონსტიტუციო სასმართლოს თავმჯდომარის მოადგილეობას, რადგან, მოარული ხმებით, ის არ იქნება წინააღმდეგი გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს და მის კვალიფიკაციას, თავს შევიკავებ მისი როგორც პოლიტიკოსის შეფასებისგან, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ იგი ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტია  და მასთან ერთად დაწერილი მაქვს 3 სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში.

„პირადად მე კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას პოზიტიურად განვიხილავ. მაგრამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არავინ ნიშნავს, მას ირჩევენ თავად სასამართლოს მოსამართლეები. თუმცა, ჯერ წევრი უნდა გახდეს და უზენაესმა სასამართლომ უნდა განაწესოს წევრად. შემდეგ უკვე მოსამართლეები აირჩევენ თავმჯდომარედ, ან არ აირჩევენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო აირჩევენ, მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×