თამარ შუკვანი
20.08.2019

 რუსული მედია რუს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-საქართველოს ახალი 3-წლიანი შეთანხმება, რომელსაც ხელი ამ დღეებში უნდა მოეწეროს, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ე.წ. უსაფრთხოების ერთობლივ პუნქტებზე, რომლებსაც აშშ-ში სხვაგვარად „შროშანის ფურცლის ბაზებს" («lily pad» basing) ეძახიან.

უსაფრთხოების ერთობლივი პუნქტები (Cooperative Security Locations - CSL) სამხედრო დანიშნულების ობიექტია, რომლის მთავარი მიზანიც ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაა. გარდა ამისა, მათ საწვრთნელი და საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვთ. ამგვარი პუნქტები აშშ-ს გახსნილი აქვს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში.

ამგვარი პუნქტები, როგორც წესი, იმ სახელმწიფოთა საკუთრებას წარმოადგენს, რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობს და მათზე აშშ-ის სამხერდო კონტიგენტი იქ ან მინიმალური რაოდენობითაა წარმოდგენილი, ან საერთოდ არ არის. ამერიკელი სამხედროების გადასროლა ამ პუნქტებში მხოლოდ კონკრეტული კონტრტერორისტული ან სხვა ტიპის ოპერაციის ჩატარებისას ხდება.

ამასთან, ამგვარ პუნქტებში განლაგებულია შესაბამისი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

აშშ-მა უსაფრთხოების ერთობლივი პუნქტების გახსნა 2004 წლიდან დაიწყო, პრეიზდენტ ობამას პერიოდში კი ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.

რუსული მედიის შეფასებით კი, საქართველოში უსაფრთხოების ერთობლივი პუნქტების გახსნა პრაქტიკულად აშშ-ის სრულფასოვანი ბაზების გახსნას ნიშნავს, რადგანაც, მათი შეფასებით, სრულფასოვან ბაზად გადაქცევისათვის ასეთ პუნქტებზე მხოლოდ ამერიკელი სამხედროების გადასროლა იქნება საჭირო, რასაც სულ რამდენიმე საათი დასჭირდება. სამხედრო ბაზისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კი ასეთ პუნქტებს ისედაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა გამოცემა „ევრაზია დეილიმ" ცნობა აშშ-საქართველოს ახალი სამხედრო შეთანხმების დეტალებზე, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების ერთობლივი პუნქტების გახსნას ითვალისწინებს, გამოაქვეყნე როგორც რუსი ანალიტიკოსების ვარაუდი. თუმცა, გამოცემას არ მიუთითებია ამ ანალიტიკოსების ვინაობა.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი პუნქტების გახსნა ტერორიზმთან ბრძოლას ითვალისწინებს, რაც შესაძლოა „ისლამური სახალიფოს" გააქტიურებას უკავშირდებოდეს.

„ასეთი უსაფრთხოების ცენტრების გახსნა შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს ეხებოდეს; ამერიკული წყაროების მიხედვით, „ისლამურმა სახალიფომ" თავისი ქმედება სირიასა და ერაყში გააქტიურა. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ისლამურმა სახალიფომ", თურქეთსა და აზერბაიჯანში შექმნეს თავინთი „ვილაიეთები", რომლებიც უშუალოდ ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში იმოქმედებენ.

„ეს ცენტრები არ იქმნება მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი უსაფრთხოების ცენტრები იქნება გახსნილი კონტრტერორისტული სტრატეგიის და მისიის შესასრულებლად, რაც მოიცავს პრევენციული ტიპის ღონისძიებების გატარებას ასეთი ტიპის საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებაში," - აღნიშნა მან.

მაისაია ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს შესაძლოა რუსეთის ერთგვარი დეზინფორმაცია იყოს, რაც დღეს ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, სიტუციის კიდევ უფრო დაძაბვას ემსახურებოდეს, ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ტიპის გააქტიურების საფუძველს წარმოადგენდეს.

ასეთი ცენტრის შექმნა რუსეთმა 2004 წელს შესთავაზა საქართველოს, როდესაც მოხდა რუსული ბაზების ბათუმიდან და ახალქალაქიდან გაყვანა. რუსები გვთავაზობდნენ ანტიტერორისტული ერთობლივი ცენტრის შექმნას.

„როგორც ჩანს, რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მოხდა ამ ინფორმაციის ჩაგდება. შეიძლება ეს რუსეთმა აღიქვას მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. თუმცა, ასეთი საკითხები ჯერჯერობით არ იყო განხილული. ალბათ ქართულმა მხარემაც უნდა გააკეთოს განმარტება.

„გუგუტიანთკარში და ზოგადად, საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარების ფონზე, რუსეთი ცდილობს სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებას. თუ ეს ინფორმაცია მართალია, ქართულმა მხარემ ან უნდა დაადასტუროს, ან უარყოს.

„შეიძლება ეს მორიგი დეზინფორმაციაა, თანაც საშიში დეზინფორმაცია. გუგუტიანთკარში არსებული ვითარების ფონზე ამ ინფორმაციის კიდევ შემოგდება, ხომ არ არის დაკავშირებული რუსების ახალ სამხედრო გააქტიურებასთან? თუ ეს ნამდვილი ინფორმაციაა, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული დაზვერვა ეფექტურად მუშაობს და კულუარებში არსებული ინფორმაციის გაჟონვა ხდება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×