ელზა პაპოშვილი
20.08.2019

 რუსეთის მიერ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია  გუგუტიანთ კარში გრძელდება. სიტუაცია საკმაოდ რთულია და ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი სახლების ოკუპაციას 7 აგვისტოდან ყოველ დღე თვალს ადევნებს. რა გამოსავალი აქვს საქართველოს  ხელისუფლებას? რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს? როგორია მთავრობის პოლიტიკური და დიპლომატიური   სვლები იმისთვის, რომ ქვეყანამ საერთოდ  სოფელი არ დაკარგოს. რის საფრთხეზეც ადგილობრივები მიუთითებენ.?

„რეზონანსთან“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მთავრობამ უნდა შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ასევე, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. მათი აზრით, ხელისუფლებას ამ ვითარებაში რამდენიმე გზა აქვს -აპელაცია თავის პარტნიორებზე, სამხედრო მოქმედებების დაწყება, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება და პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება აფხაზებთან და ოსებთან. 

ანალიტიკოსებისვე აზრით, ის, რც გუგუტიანთკარში ხდება, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმდება არ არის. ეს არის, ასევე  ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული, რასაც  გეოპოლიტიკური პროცესების პარალელურად იყენებენ. 

მათი მტკიცებით, რუსეთი საკუთარი ქმედებებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  მას ვერავინ დასჯის, მათ შორის ვერც საერთაშორისო საზოგადოება. 

დღეის  მონაცემებით კი გუგუტიანთკარის  ირგვლის სიტუაცია ასე ვითარდება - 7 აგვისტოდან რუსებმა სოფელში ბორდერიზაცია განაახლეს და მავთულხლართების გასაბმელად აქტიური სამუშაოები დაიწყეს. „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ რუსები სატვირთო ავტომაქანით მიტანილი ძელებით ე.წ. საზღვარს ნიშნავენ სოფლის იმ ნაწილში, სადაც ადგილობრივ მცხოვრებს სათავსო ჰქონდა. ამიტომ სახლის მეპატრონე  იძულებული გახდა, რომ  კონსტრუქცია დაეშალა.

ადგილობივების ინფორმაციითვე, ოკუპანტები ძელებს  სოფლის მცხოვრებთა ბაღებშიც დგამენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლის ბაღებში ხეხილის ხეებსაც ჭრიან და მავთულხლართების გასაბმელად  ადგილს ათავისუფლებენ.  

ძელები  დაახლოებით ასი მეტრის მანძილზეა დადგმული. მოგვიანებით, საოკუპაციო ძალები ამ ძელებზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ. ამჟამად ღობე დადგმულია დაახლოებით 30 მეტრზე. 

გუგუტიანთკარში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე არსებულ ვითარებას აფიქსირებენ.

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ 2008 წლი ომის დასრულების შემდეგ, 2009 წლიდან მთელი ომის უბედურება და სიმძიმე ამ სოფელში ჩანდა. მისი თქმით, გუგუტიანთკარში  ყველაზე კარგად ჩანდა როგორი მძიმეა კონფლიქტი, რომელსაც ერთი სახლი ორად ჰქონდა გაყოფილი. ამიტომაც რუსებისთვის ეს ადგილი გარკვეული საჩვენებელი ობიექტია, რომელსაც ხმაურისთვის და ჭრილობის გასახსნელად  იყენებენ. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ომის შემდეგ, ამ სოფელში 50 მეტრის დაშორებით ერთმანეთის პირისპირ ქართველები და რუსები  შეიარაღებულები იდგნენ. 

„გუგუტიანთკარში თავიდანვე რუსეთის მხრიდან ნაჩვენები იყო, რა არის ომი. ყველაზე უფრო ხმაურიანი და ძალის დემონსტრირებისთვის კარგად გამოსაყენებელი ტერიტორიაა. ამიტომაც რუსეთი სწორედ ამ სოფელს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება. ეს არის საქრთველოს ხელისუფლების და სახელმწიფოებრივობის  დისკრედიტაცია და მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი მოკავშირეებისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთთან ისინიც უძლურები არიან. 

„როდესაც ჩვენ რუსეთის მხრიდან ასეთ აქტიურობას ვუყურებთ, უნდა მივაქციოთ ყურადღება გეოპოლიტიკურ მოვლენებს. შესაბამისად მივხდებით, რომ დასავლეთის ნებისმიერ გააქტიურებას  გუგუტიანთკარში მცოცავი ოკუპაციის დაწყებაა მოჰყვება ხოლმე. 

„ორი ასეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური აქტიურობა მიდის. ერთ  ეს არის თურქმანბაშიში 12 აგვისტოს ჩატარებული ეკონომიკური ფორუმი. სწორედ ამ ფორუმზე ძალიან აქტიურად დადგა საკითხი თურქმენეთიდან ევროპაში გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. 

„ასეთივე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიუკური გადაწყვეტილებაა, წლის ბოლომდე ამერიკული სამხედრო იდეის რეალიზაცია საქართველოში. ჩვენ არ ვიცით, საქართველოს ტერიტორიაზე რა ტიპის ამერიკული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ჩათვალეთ, რომ გუგტიანთკარში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ატქივობებზე რუსეთის პასუხია“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობა გუგუტიანთკართან მიმდინარე პროცესებზე ხმაურს არ ტეხენ, შიდა მოხმარების იაფფასიანი პოპულიზმია. არეშიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი განცხადებებით, ან მწვავე რიტორიკით რა შეიცვლება? მისი თქმით, ყველა მსგავს განცხადებებს უკვე ყავლი გაუვიდა.

„ხელისუფლებას ვურჩევ, რომ ამ სიტუაციაში შექმნას კონსოლიდირებული პროგრამა, სადაც ჩართული იქნება არა ერთი უბადრუკი სამინისტრო, არამედ მოიცვას როგორც დიპლომატიური აქტოვობები, ისევე პრაქტიკულ აქტივობებიც. საჭიროა მრავალინიციატივიანი პაკეტის შექმნა, რომელიც ამ რეგიონების მიმართულებით, როგორც შიდა პოლიტიკურ, ასევე საგარეო მიმართულებით მუშაობას  გულისხმობს. 

„ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსი არ არის. გუგუტიანთკარი კრეფსითი გეოპოლიტიკური პრობლემაა. შეიძლება ამ მთავრობას უნიათობა, მოუქნებლობა და ათასი სხვა რამე დავწამოთ, მაგრამ ამ სიტუაციაში მოქმედების არეალი იმდენად შეზღუდულია, რომ ამაზე მეტს ვერაფერს გააკეთებენ. 

„ხელისუფლებას ამ ვითარებაში 3 გზა აქვს - აპელაცია თავის პარტნიორებზე, სამხედრო მოქმედებების დაწყება და რუსეთთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ბოლო ორის გაკეთების საშუალება საქართველოს მთავრობას შეზღუდული აქვს. თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სისტემის შექმნაა საჭირო, რის შედეგადაც სიტუაციის შემსუბუქება შესაძლებელი იქნება“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში გამოსავალის ძიება საკმაოდ რთულია. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად მისი უნიათო და გაუგებარი საერთაშორისო პოლიტიკისა, მაინც ყველა რესურს და შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან გუგუტიანთ კარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია დაგმოს. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამაც ვერ შეძლო ომიდან 4 წლის განმავლობაში იმაზე მეტის გაკეთება, რასაც ახლა „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს. 

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ისეთ ვერაგ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის რესურსი მოძიება იქნება. მისი აზრით, ეს უნდა იყოს შორს გათვლილი პერსპექტივა, რომელიც სახელმწიფოს პროგრამის დონეზე უნდა შემუშავდეს. 

„გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი რუსეთის მხრიდან ერთ  მიზანს ემსახურება, რომ 2008 წელს წაქცეული საქართველო ფეხზე ვერ ადგეს და რამდენჯერაც ის თავს წამოწევს, იმდენჯერ სახეში სილა უთავაზოს. რუსეთისთვის ეს ტერიტორია ძალის დემონსტრირების და საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია. კრემლისთვის ახლა ერთი მთავარი მიზანი არსებობს - საქართველო მუდმივად დაჩოქებულ და დაშანტაჟებულ მდგოარეობაში ჰყავდეს. 

„ისმის კითხვა - რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ? ვერაფერს ვერ იზამს იმაზე მეტს, რასაც აკეთებს. თავად სააკაშვილის ხელისუფლებმა ვერაფერი ქნა ომიდან 4 წლის განმავლობაში, მითუმეტეს პრეტენზია ჰქონდა იმ ხელისუფლებას, რომ საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკიას აწარმოებდა და ჩვენი ქვეყანა მუდმივად საერთაშორისო რადარზე იყო. 

„ჩემი პრონციპული პოზიციაა, რომ ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთ გამოსავალზე შეიძლება ვიფიქროთ - პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. სხვა გამოსავალი ამ ვერაგ ქვეყანასთან არ არსებობს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×