ია აბულაშვილი
20.08.2019

 „არსებობს „მარშალის გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ფეხზე დაყენებას და გაძლიერებას, სააკაშვილის „ვარშავის გეგმაში“ კი მიზანი ბუნდოვანია და იკითხება მხოლოდ ის, რომ მომიყვანეთ ხელისუფლებაში და გათენდება საქართველოშიო“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

„რეზონანსი“: მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის წარმატებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. ამ გეგმას პირობითად „ვარშავის გეგმა“ ჰქვია, რომლითაც „გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო პერიოდში იხელმძვანელებს.

რამაზ საყვარელიძე: არსებობს „მარშალის გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ფეხზე დაყენებას და გაძლიერებას. ამ გეგმაში თავი მოიყარა დიდმა კაპიტალმა და მიზნის მისაღწევად ეკონომიკური შესაძლებლობებიც გათვლილი იყო. სააკაშვილის „ვარშავის გეგმაში“ კი რა არის მიზანი და რა არის გზები ამ იდეალების მისაღწევად, ბუნდოვანია. იკითხება მხოლოდ ის, რომ მომიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებ გაზაფხულსო, თუ „გათენდება საქართველოშიო“.

მთავარია გათენდეს და პროჟექტორები არ მოგვანათონ თვალებში, როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილი და მისი გუნდი.

მაგრამ საქმე ისაა, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ამიტომ ეს პირველი სირთულეა, რაც ამ გეგმას ახლავს - რომ მხოლოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყოს გამიზნული. 

რაც შეეხება იმ ხუთ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადადგას ქვეყნის ასაღორძინებლად, კონკრეტიკა აკლია, თორემ ასე ყველა დაგპირდება, რომ რუსეთს გააქრობს და ამერიკას შემოიერთებს. აქედან ერთი დაპირება კი, რომელიც ციხეების თემას ეხება - ციხეებს შევამცირებო... ჯერ ამ გუნდს არც კი მოუნანიებია ის, რაც ჩაიდინეს, ევროპაში პირველები რომ ვიყავით პატიმრების რაოდენობით.

„რ“: მართალია, მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა მედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ მოსალოდნელ სამათავრობო ცვლილებეზე და იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შსს მინისტრის თანამდეობას - ისევ ირაკლი ღარიბაშვილი...

რ.ს.: მიზანი ცუდი არ არის და არც გასაკვირი იქნება, თუ 2020 წლისთვის არის გამიზნული, მაგრამ ვფიქრობ სერიოზული მიდგომა სჭირდება, რადგან რთულია ერთი წლით ადრე შეცვალო მთავრობა, მაშინ, როცა მმართველ გუნდს არ აქვს გარანტია, რომ მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს და დანიშნულ მინისტრებს მომავალ მთავრობაშიც შესთავაზებს თანამდებობებს. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის და ნულოვანი ბარიერის პირობებეში ეს გარანტია ვერ ექნება და ვერც კოალიციურ მთავრობაზე დახუჭავს თვალს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა მთავრობა იცვლება, წარმატებული ხალხი უნდა მოიყვანო, ასეთები კი ერთწლიან ციკლს არ დათანხმდებიან. გახარიასაც არ ვიცი ექნება თუ არა ინტერესი ერთი წლით იყოს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, უფრო დიდი ამბიცია უნდა ჰქონდეს.

„რ“: ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არანაირი სამთავრობო ცვლილებები „ოცნებას“ აღარ უშველის და შემოდგომაზე მასშატაბურ საპროტეტსო აქციებს აანონსებენ.

რ.ს.: დაპირებები ხშირად მოგვისმენია - ძალიან დიდი საპროტეტსო აქცია იქნებაო, რაც იშვიათად ხდება. შეიძლება თვითონ  აპირებენ, მაგრამ შეძლებენ ხალხის გამოყვანას? სწორედ აქ დევს „ოცნების“ ოპტიმიზმი - მართალია ბევრს არ მოსწონს ეს ხელისუფთლება, მაგრამ ალტერნატივასაც ვერ ხედავენ. არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც უფრო მძიმე შედეგები მოიტანა ვიდრე „ოცნებამ“.

„ევროპული საქართველო“ ისევ „ნაციონალების“ გვერდით დადაგება. დანარჩენი პარტიები კი კონკურენტულ გარემოს ვერ უქმნის. ასე რომ, გამარჯვებისთვის „ოცნებას“ შეიძლება მთავრობის შეცვლაც არ დასჭირდეს და ისევ ეს თემა წამოწიოს - მე თუ არ მაძლევთ ხმას, „ნაციონალები“ დაბრუნდებიანო.

„რ“: ამ კონფიგურაციაში, თქვენი აზრით, რა ადგილს დაიკავებს მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობა, რომელიც შემოდგომაზე შეიქმნება?

რ.ს.: პირადად მე მესიმპატიურება ხაზარაძე და ჯაფარიძე, პოლიტიკურ ველზე მათ შემოსვლას მივესალმები, მაგრამ მახსოვს პატარკაციშვილის პოლიტიკური მოძრაობის ტრაექტორიაც - 10%-იც რომ ვერ აიღო, მოსახლეობა არ აჰყვა, ის მოსახლეობა, რომელიც მიტინგზე იდგა და სააკაშვილის ხელისუფლებას აპროტესტებდა.  

ზოგადად, საზოგადოებას ბიზნესმენები არ უყვარს. გამონაკლისი იყო 2012 წელი, რადგან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა არა როგორც ბიზნესმენი, არამედ როგორც ქველმოქმედი. ასე რომ, ეს სირთულე დგას ამ ბიზნეს ჯგუფთანაც, რომელსაც ხაზარაძე-ჯაფარიძე ჰქვია.

„რ“: გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა. ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობასა და რუსეთთან მაამებლურ პოლიტიკაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პროცესის შესაჩერებლად ყველა ბერკეტს გამოყენებს. თქვენი აზრით, მაინც რა არის კრემლის მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში?

რ.ს.: ამ პროცესში ხელისუფლების დადანაშაულება ცოტა გადაჭარბებული მგონია იმ ძალისგან, ვისაც თავისი წვლილი მიუძღვის იმაში, რაც დღეს ხდება. მათ რიტორიკაში არ არის პატიოსნება და არის მხოლოდ გაზეპირებული ფრაზები. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ დაიწყებდა რუსეთი ამ ხელისუფლებისთვის ცუდ პროცესს? 

საქართველოს ხელისუფლებისთვის ნერვების მოსაშლელად რუსეთს სულ ერთი საათი დასჭირდება, მაგრამ თამაშობს იმაზე, რომ დაანახოს ევროპას და ამერიკას, რომ რუსეთი რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. ამის დემონსტრირება კი რუსეთს უყვარს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×