თამარ შუკვანი
20.08.2019

 აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამასთან ერთად, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების ნაწილი ცენტრალური მთავრობიდან დევნილთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა.

დევნილთა ნაწილი სოციალურ ქსელებში ამ პროცესს კრიტიკულად აფასებს. ისინი ზოგადად აფხაზეთის მთავრობის მუშაობით არიან უკმაყოფილო და მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ამ სტრუქტურის ასეთი ფორმით არსებობა და საჭიროა უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარება, რისთვისაც საკანონმდებლო ცვლილება იქნება საჭირო.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის" წარმომადგენელი ორგანიზაციის, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის" პრეზიდენტი ზვიად ფოჩხუა, რომელიც თავად სოხუმიდან დევნილია, „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წლების განმავლობაში ვერ ან არ ახორციელებდა დევნილთა ინტერესების დაცვასა და ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ამიტომაც, ის საკანონმდებლო ცვლილების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„აფხაზეთის ხელისუფლებამ დევნილობაში დაკარგა ლეგიტიმურობა. აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი, ისევე, როგორც თავად ამ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა. კანონი დღემდე აძლევს საშუალებას ამ პირებს განუსაზღვრელი ვადით, კერძოდ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე შეინარჩუნონ უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი. ამ მიზეზით, აფხაზეთის მოსახლეობას წართმეული აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

„ვითარება ტრაგიკულია. აფხაზეთის დევნილ ხელისუფლების ზოგიერთ წევრთა ასაკი 80 წელს გადაცდა. სამწუხაროდ, ყველაფერს, მათ შორის ადამიანებს ეწურებათ რესურსი. გარკვეულ ეტაპზე საზოგადოება დადგება აბსურდული ვითარების წინაში - გადასცეს ხელისუფლება მემკვიდრეობით, ან გააუქმოს ის.უმცა, ასაკის მიუხედავად, უმაღლესმა საბჭომ დიდი ხანია დაკარგა თავისი დანიშნულება. აფხაზეთიდან დევნილთა მდომარეობა, ასევე ზოგადად აფხაზეთის მიმართულებით საკითხების მიმდინარეობა თვალსაჩინოს ხდის ამ სტრუქტურაში კატასტროფას," - აღნიშნა ზვიად ფოჩხუამ.

ამის საპასუხოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა მეთაურმა, ვახტანგ ყოლბაიამ „რეზონანსს" განუცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა იყოს შუამავლის როლში. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო დევნილთათვის გარკვეული პირობების შექმნას ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერ უზრუნველყოფს.

„ეს ეხება საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ხომ არ ვართ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვართ დევნილი ხელისუფლება, რომელიც, ბედის უკუღმართობიდან გამომდინარე, თბილისშია განთავსებული. როგორ უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხები, ცოტა გაუგებარია.

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის საკანონმდებლო წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 1990-1991 წლებში აფხაზეთში ომამდეა არჩეული. 1991 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობს არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აფხაზეთისა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამიტომ იქ არჩეული ორგანო, ე.წ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახალხო კრება, ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არაკანონიერი სტრუქტურაა.

„აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, უფლებამოსილება გაგრძელებული აქვს მანამ, სანამ აფხაზეთში თავისუფალი და საყოველთაო არჩევნები არ ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთის სრული მოსახლეობა," - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

ზვიად ფოჩხუა მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობს, რასაც, მისი თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო წლების განმავლობაში ვერ აგვარებს. მისი განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები.

„უმაღლესმა საბჭომ წლების განმავლობაში ვერ ან არ განახორციელა დევნილთა ინტერესების დაცვა, ვერც მათი მასობრივი გამოსახლებების დროს, ვერც საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის საკითხში. ათიათასობით დევნილი კვლავ უკიდურეს მძიმე პირობებში ცხოვრობს. ბევრ შემთხვევაში, წყლის, ელექტროენერგიის, გათბობის და გაზის გარეშე. დევნილთა უდიდეს ნაწილს წვდომა არ აქვს საჭირო მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურეობაზე.

„აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ არ იმუშავა ინვესტორების მოზიდვის კუთხით, ხელი ვერ შეუწყო სოციალური საწარმოების გახსნას, რომლებიც დევნილთა დასაქმებას უზრუნველყოფდა.

„უმაღლესმა საბჭომ ვერ ან არ უზრუნველყო აფხაზეთში გენოციდის საქმის საერთაშორისო სასამართლოში წარმართვას. ასევე დაკარგა უპირატესობა საინფორმაციო ომში.

„აუცილებელია მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და აფხაზეთის დევნილ მოსახლეობას აღუდგეს არჩევნების უფლება. ახალი ხელისუფლება, რომელსაც წართმეული ექნება მუდმივობის განცდა, ორიენტირებული იქნება დევნილთა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე. მათ მიმართ გაჩნდება საზოგადოებრივი მოთხოვნა და ნდობა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ამ საკითხის იგნორირებას ახდენდა," - განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის განცხადებით კი, უმაღლეს საბჭოს არ შეუძლია დევნილებთა მდგომარეობის გაუმჯობესება და შეცვლა, მას შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ ოჯახს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლიბით გაუწიოს გარკვეული დახმარება.

„დღეს ჩვენ ვართ ე.წ. ხაზი, რომელიც იქ დარჩენილ აფხაზეთის მოსახლეობას და აქ არსებულ მოსახლეობას აერთიანებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია დევნილების მდგომარეობა შეცვლა. რასაც ჩვენ შევძლებთ, ეს არის შუამდგომლობით საქართველოს ხელისუფლებასთან ვიყოთ. ჩვენ შუამდგომლობით შეგვიძლია კონკრეტულ ოჯახს, პიროვნებას დავეხმაროთ. თუ ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე, ვცდილობთ ვიყოთ მათი ლობისტები.

„დღეს დევნილთა პირობები, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ის შემწეობა, რომელიც აქვთ, არაა საკმარისი. ეს საკითხი შესაძლოა განხილულ იქნეს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება და გათვლა," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ უნდა მცირდებოდეს.

„აფხაზეთის დევნილთა მთავრობა ეს არის უფრო სიმბოლური ფენომენი. იქ უზენაესი საბჭო არის, რომელიც არჩეულია ომამდე, ამიტომ თავის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. უზენაესს საბჭოს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, პოლიტიკური ლეგიტიმაცია გააჩნია. დანარჩენი კი რაც ხდება - მთავრობა, სამინისტროები... ეს ცოტა ნონსენსი მგონია. პირიქით, მგონია, რომ უნდა მცირდებოდეს მათი უფლებამოსილებები და არ უნდა იზრდებოდეს. მინიმუმზე უნდა დავიდეს, მხოლოდ დეპუტატები უნდა დარჩნენ და მათი აპარატი, მინიმალური ფუნქციებით. ახალი სამინისტროები კი არ უნდა იქმნებოდეს...

„ის კი არადა, მათ აქვთ ნდობის აღდგენის და შერიგების სამინისტრო. საინტერესოა, როგორ აგვარებენ კონფლიქტებს? - არასდროს მომისმენია მათი ანგარიში.

„აფხაზეთის მთავრობის მთელი ფუნქცია უნდა გადაეცეს ცენტრალურ მთავრობას. იქ ჰყავთ ფეხბურთის გუნდები, ანსამბლები, თეატრი... ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ხალხი უმუშევარი რომ არ დარჩეს, გადაჰყვეს თან.

„გადავიდეს, მაგალითად, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ცენტრალურ ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის სახით და გადაჰყვნენ კადრები. ასე სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსება, ხალხის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თორემ ეს უწყება უკვე მეხუთე ბორბალივითაა თავისი აღმასრულებელი ფუნქციებით," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისათვის, აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის მთავრობის აპარატს; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა;

დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის შესაბამის დაწესებულებებს; რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. გარდა ამისა, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×