მწერალი თეონა დოლენჯაშვილი „რუსთავი 2"-ში განხორციელებულ რეორგანიზაციას ეხმიანება. მწერალი ამბობს, „რაღაც პერიოდი მის პათოსს თუ პოლიტიკას არ ვეთანხმებოდი, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არხი ჩემთვის ყველაზე მებრძოლ, პროფესიონალ, აქტუალურ, ძლიერ და მოვლენათა ეპიცენტრში მყოფ ტელევიზიად რჩება." თეონა მიიჩნევს, რომ მედიასთან, თავისუფალ სიტყვასთან, ხელოვნებასთან გამარჯვებული დიქტატურა, რეჟიმი არ არსებობს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას დასძინა, რომ იმედს იტოვებს, რომ „შემდეგი არ იქნება „ტვ პირველი" და თითოეული ჩვენგანი, ვინც ვდილობთ ჩვენს ფეისბუქგვერდებზე დავწეროთ ჩვენი სუბიექტური, მართალი თუ ის აზრი, რომელიც არ მოდის ჰარმონიაში მმართველი რეჟიმის მსახურების აზრთან."
თეონა დოლენჯაშვილი: - არ შეიძლება „რუსთავი 2"-ის მიმართ გულგრილი და ნეიტრალური დამოკიდებულება გქონდეს. ამ არხზე გაიზარდა ჩვენი თაობა. ის თავისი ლოგოთი, ჟურნალისტებით, თავისუფალი სიტყვის, პროტესტის სიმბოლო იყო. ამ არხმა შექმნა ისტორია და არა მხოლოდ მედიაისტორია, არამედ მან ასახა ქვეყნის უახლესი ისტორია. ყველაზე პროფესიული გუნდი ჰყავდა, აქტუალურობა არასდროს დაუკარგავს და ჩემთვის ამ არხის გაქრობა, გადაკეთება და შეცვლა - წარმოუდგენელია. ალბათ, იგივე აზრზეა მთელი პროგრესული საზოგადოება. დღეს რაც ხდება ამ სიმბოლოების მოშლაა, თავისუფალი ველის მოსუფთავებაა. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ და ვიცით, რომ მედიასთან, თავისუფალ სიტყვასთან, ხელოვნებასთან გამარჯვებული დიქტატურა, რეჟიმი არ არსებობს. ეს არის ხელისუფლების თავიდანვე წაგებული ომი.
„რუსთავი 2" არ გაქრება, ის ისევ ფენიქსივით აღდგება. მაგრამ ეს ფაქტი ისტორიას სამარცხვინო ლაქად დარჩება. ეს საკუთარი თავის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლაა. როდესაც თავისუფალ აზრზს ახშობ, გუდავ და ცდილობ, შენს გემოვნებაზე მოარგო და შენი რეჟიმის მსახურად აქციო, მოკლე ვადიანი და ძალიან წარუმატებელი პროცესია. სოციალური მედიის არსებობის პერიოდში ძალიან სასაცილოა მედიით აკონტროლო საზოგადოება. რაც მეტია ზეწოლა, მეტია წინააღმდეგობა და იღებენ უკუშედეგს.
ახალი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ჩემი როგორც მწერლის და მოქალაქის სოლიდარობა და მხარდაჭერა „რუსთავი 2"-ს და თავისუფალ მედიას!
წყარო: პრაიმტაიმი