„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ოპონენტებისა და სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორება“, - ასე აფასებენ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას. მათი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ზუსტდ იგივე მეთოდებით ებრძვის ხაზარაძეს, როგორც თავად მას 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი დევნიდა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ანგარიშები დაუყადაღა.
ამ პროცესში ასევე საყურადღებოა დეპუტატისა და „ოცნების“ წევრის ბიძინა გეგიძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება. ანალიტიკსოები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ოპონენტების ან მომავალი ოპონენტების განეიტრალებისთვის გარკვეულ ჯაჭს კრავს. მათი ვარაუდით, გეგიძე გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობის გამო იდევნება.
მართალია, ჯერ კონკრეტულ დეტალებზე არაფერია ცნობილი, მაგრამ როცა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკაში მოსვლას ნიშნავს და პროცესში აუცილებლად იქნებოდა ჩართული გიორგი კვირიკაშვილიც.
თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს ანაკლიის პორტსაც უკავშირებს და მსჯელობას ამ ხაზითაც ლოგიკურად მიიჩნევენ.
„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ – წერს ხაზარაძე „ფეისბუქში“.
პროკურატურის განმარტებით კი სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ანაკლიის პორტის საკითხს ემთხვევა. მისი აზრით, ხაზარაძის მიმართ ბრალდება აბსურდულია და პოლიტიკურად მოტივირებული.
„დაახლოებით იგივე ვითარებაში აღმოვჩნდით 2012 წელს, რაშიც დღეს მამუკა ხაზარაძეა. ხაზარაძესთან მიმართებაში დღის წესრიგი ეტაპობრივია და ემთხვევა ანაკლიის პორტის საკითხს. რაც შეეხება მისი ანგარიშების დაყადაღებას, აქაც გაუგონარი რამ ხდება, როცა აყადაღებენ ზუსტად იმ თანხას, რომლითაც პროკურატურის ვერსიით აზარალა ხაზარაძემ, ხომ უნდა თქვან ვის სასარგებლოდ აყადაღებენ, ვინ არის დაზარალებული? ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ? მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი ხაზარაძესთან გარკვეული კითხვები არსებობს, ეს ბრალდება სრული აბსურდია.
აქედან ერთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ - როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს არჩევნების მოგებას, ის აპირებს არჩევნების ყიდვას. ზუსტად იგივე გზას 2012 წელს სააკაშვილი დაადგა, როცა მოგელაძის მეშვეობით ცდილობდა ჩვენთვის გამოეცალა ყველა რესურსი. სასწრაფოდ სჭირდება ხელისუფლებას მოგელაძე, რადგან მის გარეშე ამ ამოცანას ვერ გადაწყვეტენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხაზარაძისს და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიდის. მისი აზრით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნოდ მკაცრი ხელი გამოაჩინოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მესამე ძალა არ გამოჩნდეს.
„არ ვიცი, ბიძინა გეგიძის სუს-ში დაბარება რამდენად შეიძლება ხაზარაძის და კვირიკაშვილის განეიტრალებასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ერთი რამ მნიშვნელოვანია. როდესაც ასეთი საქმეები ახლა გახსენდება, თანაც ყველაფერს დროში ასე ემთხვევა, გამოდის, რომ სამართალს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ. ზუსტად იგივე მეთოდით იბრძვი ოპონენტების წინააღმდეგ, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა. ეს ყველაფერი ოპონენტების ან სავარაუდო ოპონენტების ჩამოშორებას ჰგავს, რაც უკვე გავიარეთ და მისი ამოცნობა არ გვიჭირს. ხაზარაძე თავისი რესურსით და სოციალური კაპიტალით, რა თქმა უნდა, „ოცნებისთვის“ დიდი თავისტკივილია, ხელისუფლებას 2020 წლისთვის მესამე ძალის გამოჩენა არაფრით არ სურს. მის გასანეიტრალებლად ყველაფერს გააკეთებენ“, - აცახდებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.