ია აბულაშვილი
21.08.2019

 "ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში უშედეგო იქნება, რადგან "ოცნებასაც" არ სძინავს და ბიძინა ივანიშვილს საარჩევნოდ კიდევ ბევრი მანევრი ექნება შემონახული. ერთ-ერთ მანევრი უკვე სახეზეა და ძალზედ მნიშვნელოვანია - პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და მათი სამოქმედო გეგმა მიხეილ სააკაშვილის 5 პუნქტიანი გეგმაა, რომელსაც "ვარშავის გეგმა" ჰქვია და მიზნად ისახავს ქვეყნის წარმატებულ სახელმწიფოდ გადაქცევას. გეგმის თანახმად, ცვლილებები უნდა განხორციელდეს საგადასახადო სისტემაში. საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ეყოლება მცირე ზომის მთავრობა. ასევე მიხეილ სააკაშვილი აპირებს ციხეების ნაწილის შემცირებას და ა.შ.

იგორ კვესელავა: რა თქმა უნდა, სააკაშვილი ცდილობს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ტაქტიკას ცვლის, მიხვდა, რომ შტურმით, გადატრიალებით, რევოლუციური გზით ხელისუთფლებაში ვერ დაბრუნდება. ამ გეგმაში ჩანს მშვიდობიანი გზა, თუცმა ეს სქემა უფრო პოპულისტურია და გამიზნულია ამომარჩევლის მოსაზიდად. ყველა პუნქტს ვერ შევეხები, შეიძლება საგადასახადო სისტემაში შესატანმა ცვლილებებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იმუშაოს. რაც შეეხება ციხის თემას, ციხების შემცირებას და არავის არ დავიჭერო, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკლებად სანდოა.

ოპოზიცის თვითმიზანია, რომ როგორმე "ოცნება" ჩამოაცილოს ხელისუფლებას, თუცმა უპირველესი ამოცანა არის, რომ "ოცნება" უმრავლესობით არ მოვიდეს ხელისუფლებაში. მაგრამ რაც გინდა სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდსაც არ სძინავთ. ივანიშვილს საარჩევნოდ კიდევ ბევრი მანევრი ექნება შემონახული. ერთ-ერთი უკვე სახეზეა, პროპორციული საარჩევნო სისტემით მომავალი არჩევნების ჩატარება, ეს კი ძალზედ მნიშვნლოვანი საკითხია.

"რ": პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ნულოვანი ბერიერის პირობებეში გამარჯვების რა შანსები აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს?

ი.კ: სამოქმედო გეგმა, რომელიც სააკაშვილმა შეიმუშავა, "გაერთიანებულ ოპოზიციაზე" არ არის გათვლილი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა და ტაქტიკა. ამიტომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შანსებზე მოგახსენებთ და არა "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შემავალ ერთკაციან პარტიებზე. "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ 10-12%-ს აიღებს. "ევროპული საქართველო" უფრო ნაკლებს. რაც შეეხება "ოცნებას" - 30-35%-ს და დანარჩენ პარტიებთან, რომლებიც მომავალ პარლამენტში შევა, საერთო ენის გამონახვას შეძლებს და მათთან ერთად შექმნის კოალიციურ მთავრობას.

"რ": ამ კონფიგურაციაში რა ადგილს დაიკავებს ხაზარაძის ახალი მოძრაობა, იმის გათვალისწინებით, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია და ხაზარაძე ამ ფაქტს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს?

ი.კ: შეიძლება ხაზარაძე თვითონ არ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ 3-4 კაცის გაყვანას მაინც შეძლებს და თავისი ტრიბუნა ექნება პარლამენტში.

"რ": ოპოზიცია სექტემბერში საპროტეტსო ტალღის გაძლიერებასაც აანონსებს.

ი.კ: რა თქმა უნდა პროცესების გამწვავებას სექტემბერ- ოქტომბერში ველი, მაგრამ ეს საპროტესტო აქციები იმ მასშტაბის ვერ იქნება, რომ "ოცნების" ხელისუფლება შეარყიოს.

"რ": მართალია "ოცნებას" თავისი სამოქმედო გეგმა ჯერ არ წარმუდგენია, თუცმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებეზე საუბარი აქტიურდება. სახელდება სავარაუდო კანდიტებიც მომავალ მინისტრთა კაბინეტში, გახარია პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი შსს მინისტრად.

ი.კ: სამთავრობო ცვლილებები აუცილებლია, რადგან დღეს მოქმედმა მინისტრებმა თავისი რესურსი ამოწურეს. მოსალოდნელ ცვლილებეთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილსაც შეუძლია დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მაგრამ იგი ამ ნაბიჯს არ გადაგამს, ღარიბაშვილი და გახარია კი გვერდზე უნდა დაიყენოს, ამ დუეტის ახალ მთავრობაში ყოფნა აუცილებელია. ჩემი აზრით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ პარტიაშიც; ასევე უნდა შეიცვალოს გუბარნატორებიც და ქალაქის მერებიც. რა თქმა უნდა ცვლილებები ყველას არ უნდა შეეხოს, ვინც კეთილსინდისერად ასრულებდა თავის საქმეს, უნდა დარჩეს, მაგრამ ვინც ამ წლების განმავალობაში მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავდა, მათ უნდა დაემშვიდობონ.

"რ": "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რას იტყოდით. ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, თუმცა მათი განცხადებით, ისინი ნიკა გვარმიას ახალ ტელევიზიაში იმუშავებენ.

ი.კ: თავისი პოლიტიკით, იდეოლოგიით და ცინიზმით, "რუსთავი 2"-ი წარსულს ჩაბარდა, მან თავის მისია შეასრულა. მართალია აქვთ უფლება შექმნან ახალი ტელევიზია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ თუ იგივეს გააგრძელებენ, საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ ექნებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×