თამარ შუკვანი
21.08.2019

 ლაურა ღაჭავას ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანის მიყენებას ედავებიან, ყალბი აქტივების შექმნითა და გამოყენებით. ღაჭავა „რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხის" მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთავსების თაობაზე ესაუბრა. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ფართი არ აღმოჩნდა საკმარისი. თავად ღაჭავა ამ ორი საკითხს ერთამანეთს არ უკავშირებს.

„ახალი არხის განთავსება ჩემს კუთვნილ შენობაში უნდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ფართი არ იყო საკმარისი. ერთი წლის უკან განაცხადი მიცემული მქონდა უძრავ ქონებაზე, რომ რამდენიმე ობიექტი გამეყიდა. რამდენიმემ ყიდვის სურვილი გამოთქვა, რასაც საგადასახადოსთან ვათანხმებდი, რადგან ამ ქონებას ყადაღა ედო. ვეუბნებოდი, რომ გაყიდვას ვაპირებ და მომცემთ თუ არა უფლებას-თქო. „რუსთავი 2"-ის ხალხმა რომ დაავალიერა შენობა, მოეწონათ, მაგრამ ფართი არ ეყოთ," - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ღაჭავამ.

„რეზონანსი" ამ საკითხზე ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა:

„ქალბატონმა ლაურა ღაჭავამ განაცხადოს ამის შესახებ. მე ბევრი ვარიანტი მაქვს განხილული და ვერ დავადასტურებ. ქალბატონ ლაურას ჰკითხეთ და მან ილაპარაკოს," - გვითხრა ნიკა გვარამიამ.

ლაურა ღაჭავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებულ საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს 2012 წლის აქტივია, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

„ვიყავით და გამოგვატანეს 15 ტომი, რომელსაც არ ვარ გაცნობილი. გვითხრეს, რომ უნდა გავეცნოთ ამ მასალა და შემდეგ უკვე ჩვენებას მივცემთ. აზრზე არ ვარ, რა წერია. ეს არის 2012 წლის ჩემი აქტივი," - დასძინა ღაჭავამ.

ანალიტიკისო ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები სამეწარმეო პრაქტიკაში მანამდეც არაერთი ყოფილა და „ალბათ ქალბატონი ღაჭავას შემთხვევაც არ არის გამონაკლისი."

„გადასახადების დამალვა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, ასეთი რამ ჩვენ სამეწარმეო პრაქტიკაში, სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, ალბათ ქალბატონი ღაჭავას შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვყავს ასეთი არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ ფონს გავიდნენ გადასახადების დამალვით და ფინანსური მაქინაციებით.

„ალბათ მოხდება რეაგირება იმ კუთხით, რომ გარკვეულ ვადას მისცემენ იმისათვის, რომ დავალიანების გადახდის რესტრუქტურიზაცია მოხდეს. ღაჭავა ფლობს მთელ რიგ საწარმოებს და თუკი ეს საწარმოები დაიხურა, ხალხი დარჩება უმუშევარი. ხელისუფლებას კიდევ დღეს, ასეთ სიტუაციაში, ხალხის გაღიზიანება არ უნდა აწყობდეს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×