დამფუძნებელი ამბობს, რომ მის ოჯახს ტელევიზიის გამო დევნიან
ელზა პაპოშვილი
22.08.2019

 „წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ველის და მედია სივრცის მოსუფთავების მცდელობა"-ასე აფასებენ „რეზონანსთან" მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამისთვის ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებას.

22 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება".

მედია ექსპერტი ფიქრობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა კრიტიკული მედიის გაკონტროლების და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის სურვილი. პოლიტიკოსების განცხადებით კი, ხელისუფლება წინასწარ გაწერილი გეგმით მოქმედებს, ავთანდილ წერეთლის საქმით კი ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს.

„ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს პროკურატურის განცხადების შემდეგ. წერეთელი თვლის, რომ მამის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ტვ პირველის ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდება.

"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში. P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა" - წერს ვატო წერეთელი ფეისბუქ გვერდზე.

თავად ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს. მისი თქმით, მას არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ბიზნესმენის ადვოკატი კახა წერეთელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ბიზნესმენი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება საგამოძიებო უწყებაში მივა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი, მას არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და არავის დახმარებია. როგორც კი საქართველოში ჩამოვა, უწყებაში მაშინვე გამოცხადდება", - აღნიშნა ადვოკატმა.

"თქვე ჩლუნგებო" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, "ტვ პირველის" მფლობელის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

"რუსთავი2"-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის", დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც", მოვუგრიხოთ კისერიო,

ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით", - წერს გრიგოლია.

მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ტვ „პირველის" საქმიანობაში ჩარევა სურს. მისი აზრით, ივანიშვილს ერთის მხრივ იმ მოძრაობის შესუსტება სურს, რომელიც ხაზარაძემ დააფუძნა და მეორეს მხრივ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედქციო პოლიტიკაში ჩარევა უნდა.

„ავთანდილ წერეთელს, როგორც ერთ-ერთ აქტორს ფულის გათეთრების ოპერაციაში, დიდი ხანია პროკურატურა ასახელებს. მაგრამ ის, რომ ბრალი დღეს წაუყენეს - და ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გაიმართება და იმსჯელებს აღმკვეთ ღონისძიებაზე - მის კონკრეტულ საქმიანობას აღარ ეხება. ეს ყველაფერი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პარალელურად ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილს სურს იმ მოძრაობის შესუსტება, რომელიც ხაზარაძემ დააფუძნა და მეორეს მხრივ,რადგან ავთო წერეთელის შვილი ვატო წერეთელი არის ტვ „პირველის" დამფუძნებელი, ივანიშვილს სურს, ჩაერიოს „პირველის" სარედაქციო პოლიტიკაში", - აცხადებს ზვიად ქორიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი კი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ ჯაფარიძე-ხაზარაძისა და წერეთლის საქმეები შეისწავლონ.

„ავთო წერეთლის პროკურატურაში დაბარება ეჭვებს აღძრავს იმ ფონზე, რომ ჯერ ძველი საქმის გახსენებით ხაზარაძე-ჯაფარიძეს დევნიან, მერე„რუსთავი 2" ჩაიგდეს ხელში და ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ტვ „პირველი" დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპირებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმების მიხედვით განვიხილოთ, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალონ ეს პირები პოლიტიკურად დევნილებად. აქ იგულისხმებიან როგორ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი, ასევე 20- 21 ივნისის მოვლენების დროს დაპატიმრებული ადამიანებიც",-ამბობს ცქიტიშვილი.

„შენების მოძრაობის" ლიდერი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა.

უსუფაშვილი ამბობს, რომ წერეთლისთვის ბრალის წაყენება პირდაპირ უკავშირდება „ტვ პირველის" ფუნქციონირებას და იმ ბიზნესწრეების არსებობას ქვეყანაში, რომლებიც ხელისუფლებას არ ემორჩილებიან.

„ახლა მითქმა-მოთქმა და გოდება არაფერს უშველის. ყველაზე უპრიანი ნაბიჯი იქნება შეიქმნას „ტვ პირველის" გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას შეექმნება ფუნქციონირების პრობლემა, მისი მფლობელების, პარტნიორების, დამფინანსებლებლის წინააღმდეგ სახელისუფლებო ზეწოლის გამო, მოქალაქეები ავიღებთ ჩვენს თავზე ამ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს შევუნარჩუნოთ განსხვავებული, თავისუფალი სიტყვის საშუალება.

ეს არის სამოქალაქო და არა პარტიული საქმე. ფონდი არ უნდა დაექვემდებაროს არანაირ საარჩევნო პოლიტიკურ, პერსონალურ თუ სხვა კონიუქტურებს. ბიზნესწრეებმა თავად ხარისხობრივი წვლილი უნდა შეიტანონ ამ ფონდის არსებობაში, რათა ხვალ და ზეგ მათ არ გაუჩნდეთ ის პრობლემები, რაც გარდაუვალია ხოლმე ავტორიტარული მმართველობის სტილზე გადასული ხელისუფლების პირობებში," - ამბობს უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×