ელზა პაპოშვილი
22.08.2019

 მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში გააქტიურებას სექტემბრიდან დაიწყებს. ის ასევე საზოგადოებას ჰპირდება, რომ ბევრ სიახლეს გაიგებენ და მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, ასე არ დასრულდება.

ბანკირი ამბობს, რომ ის მზად ციხეში ჩაჯდომისთვისაც არის, თუმცა, ბრძოლას მაინც არ შეწყვეტს, რადგანაც ბევრი ახალგაზრდა თანამოაზრე ჰყავს. ვის ემუქრება ბანკირი და რა გზავნილები გაუგზავნა მან ხელისუფლებას, პროკურატურიდან ბრალის დაზუსტების გაცნობის შემდეგ.

ბრალდების დადგენილების წარსადგენად და წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები იყვნენ ბიზნესმენი ავთო წერეთელი და TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

„საზოგადოება გაიგებს ძალიან ბევრ სიახლეს. ასე არ დამთავრდება ეს. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა, სამართალი უნდა იყოს ყველასთვის", - განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ახალ მოძრაობას უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი უერთდება. როგორც ბიზნესმენი ამბობს, იქ არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმიდან.

„ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. ბოლო 9+9 წლების განხილვებით არის მთელი საზოგადოება დაკავებული და ერთდღიანი შოუებით. მე გეუბნებით, იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის", - ამბობს ის.

ბიზნესმენმა განმარტა ის მიზეზებიც აქამდე, რატომ არ დააფუძნა მოძრაობა.

„ვიღაცები ამბობენ, რომ თითქოს იმიტომ დავიწყეთ მოძრაობა, რომ რაღაცას ამოვეფაროთ. ჩვენ ეს მოძრაობა შეგვეძლო დაგვეწყო იანვარში, როდესაც პირველი შეტევა იყო; დეკემბერში, როდესაც პირველად დაგვიბარეს; თებერვალში, თუნდაც მაისში. მაგრამ არ გაგვიკეთებია, სანამ ჩვენი აქციონერები და პარტნიორები არ დარწმუნდნენ, რომ სუფთები ვართ. ერთი ხინჯიც კი არ არის. ბოლო 15 წელზეა საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადეთ მოძრაობისა და პარტიის დაფუძნების გეგმების შესახებ", - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ მის პარტიაში ის ხალხი იქნებიან, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. როგორც საზოგადოებას შევპირდი, ეს მოხდება სექტემბერში. უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ესენი არ იქნებიან ძველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ან იქიდან ან აქედან. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. მთელი საზოგადოება ბოლო 9+9 წლის განხილვებით და ერთდღიანი შოუებით არის დაკავებული. გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის", - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის მოუწოდებს რუსული „პაგონების" ქვემოთ ჩამალულებს, რომ არაფერი გამოუვათ. ბანკირი აცხადებს, რომ ანაკლიას მაინც ააშენებს, ამერიკელ და ევოპელ პარტნიოერბთან ერთად.

მისი თქმით, საზოგადოებას ეცოდინება „იმ დინების შესახებ", რომელიც სამთავრობო უწყებებში, ე.წ. მეხუთე კოლონის სახით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ეწინააღმდეგება.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე კი აცხადებს, რომ პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რათა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშები დაეყადაღებინა.

კორძაძის განცხადებით, ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ერთი მხრივ, ხანდაზმული არ არის და მეორე მხრივ, პირდაპირ იძლევა ყადაღის დადების შესაძლებლობას.

ადვოკატის ინფორმაციით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ წარდგენილ დაზუსტებულ ბრალდებაში რამდენიმე ადგილას ჩამატებულია ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის გვარი.

„იმ აბსურდულ სქემაში, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, თემა არის ასეთი: ბადრიმ და მამუკამ განიზრახეს, საკუთარ ბანკს მოტყუებით და თაღლითობით გამოსტყუონ თანხა. ამისთვის ვითომდა დაუკავშირდნენ ავთო წერეთელს და მისი ხელშეწყობით მოახერხეს ეს. მათი ლოგიკით ეს არის თაღლითობა, მაგრამ იმისთვის, რომ თაღლითობა ხანდაზმული იყო, ბრალის წარსადგენად მიაწებეს ფულის გათეთრება, რომელსაც ასე ხსნის პროკურატურა: ნებისმიერი გზით მოპოვებული ასეთი ფული რომ დახარჯო, ეს ფულის გათეთრებაა. რისთვის დასჭირდა ფულის გათეთრება პროკურატურას, ეს გუშინწინ გამოჩნდა. ფულის გათეთრება არის ის მუხლი, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღის დადების შესაძლებლობას. მეორე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ხანდაზმული არ არის და მესამე - ფულის გათეთრება არის მუხლი, რომელიც ბიზნესმენებსა და ბანკირებს ამ მდგომარეობაში ჩააგდებს. პროკურატურამ ამ ბრალით დაამთავრა თავისი საქმე. მამუკა და ბადრი აღარ არიან ბანკის ხელმძღვანელობაში, აღარ არიან ანაკლიის პორტის ხელმძღვანელობაში და მათი ანგარიშები დაყადაღებულია ეს არის მიზანი, რომელიც ასრულდა ამ ყველაფრით", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×