თამარ შუკვანი
23.08.2019

 „მთავარი არხი" მაუწყებლობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს და ის „კომედი არხის" სიხშირეზე გავა, რომელიც ამჟამად საერთოდ გათიშულია. ამის შესახებ "რეზონანასს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა უთხრა.

მისი თქმით, "რუსთავი 2" თითქმის ყველამ დატოვა, მათ შორის სტაჟიორებმაც კი, თუმცა კვლავ უცნობია, ტოვებს თუ არა არხს ვანო ჯავახიშვილი და მისი გუნდი. ის პრინციპში ერთადერთია არხის ცნობილი სახეებიდან, რომელსაც ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

მან ორი დღის წინ განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს. „რეზონანსი" კომენტარისთვის ჯავახიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

ამ საკითხზე საუბარი არც თამთა მურადაშვილმა ისურვა. მისი თქმით, "მთავარ არხზე" მთავარი სახეები იქნებიან ყოფილი „რუსთავიორელები," რომლებიც გამოუშვეს და თავად წამოვიდნენ. ამბობს, რომ ამ დროისთვის „რუსთავი 2" თითქმის ცარიელია. ახალი არხის შესახებ სხვა დეტალებზე საუბრისგან მურადაშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს.

„რუსთავი 2"-ში მგონი არავინ დარჩა, სტაჟიორებიც კი წამოვიდნენ. „კურიერი" წამოსულია მთლიანად, სტაჟიორების ჩათლით. ტელეკომპანია დატოვეს სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმაც; მარკეტინგმა, შესყიდვებმა, იურისტებმა, „სხვა შუადღის" წამყვანებმა... ძალიან ბევრი წამოვიდა," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ცნობისათვის, ამ დროისთვის, „კურიერის" სრულმა შემადგენლობამ არხი უკვე დატოვა, "რუსთავი 2"-დან წავიდნენ სხვადასხვა გადაცემის წამყვანები და ტექნიკური პერსონალი.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „მთავარი არხი" ჟურნალისტებთან ხელშეკრულებებს უკვე ორშაბათიდან გააფორმებს.

ახალი არხის ლოგო ცნობილია, რომლის ავტორიც ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაა. უკვე შეიქმნა „მთავარი არხის" ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც, რომელსაც „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას სოცილურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს. ახალი არხის სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს და ის „კომედი არხს" ჩაანაცვლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×