ელზა პაპოშვილი
23.08.2019

 გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სასტიკი მკვლელობა მოხდა. „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ სოფელ ძირკოკის მცხოვრები  34 წლის ვ. მ,  სავარაუდოდ, ვეჯინის მცხოვრებმა და-ძმამ მოკლა.  მათი თქმით, როგორც ისინი პოლიციას უყვებიან, ცხედარი დაანაწევრეს და ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. თუმცა პოლიცია ცხედარს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე მიყვანილმა, სავარაუდო ეჭვმიტანილებმა აჩვენეს ტერიტორია, სადაც 34 წლის მამაკაცი დანაწევრებულ მდგომარეობაში ჩანთით მიიტანეს და მდინარეში გადააგდეს, თუმცა ცხედრის პოვნა პოლიციის და მაშველების დაუღალავი შრომის მიუხედავად ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. 

სოფელ ვეჯინის რწმუნებული პაატა გველუკაშვილი „რეზონანს“ უყვება, რომ საკმაოდ უცნაური და დაუჯერებელი ამბავია. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილები და-ძმანი გამოდიან. გოგონა 17 წლამდე იქნება, ბიჭი კი 20 წლამდე. მისი განცხადებით, გაუგებარია, ამ ოჯახში ძირკოკელი 34 წლის ბიჭი რას აკეთებდა.

რწმუნებული ყვება, რომ გარდაცვლილს სოფელში არ იცნობენ, ის მხოლოდ საქონლის სამწყემსად თუ გადმოდიოდა. როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანლები პოლიციას უყვებიან, მოკლული მამაკაცი მათთან სტუმრად საქეიფოდ იმყოფებოდა. უცნობია მკვლელობის მოტივი და რეალურად არავინ იცის, რა გახადა ასეთი სასტიკი დანაშაულის მიზეზი. 

როგორც სოფლის რწმუნებული გვიყვება, მკვლელობის სავარაუდო ვერსია ასეთია, გარდაცვლილი ვ.მ. სტუმრად მათ ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც 34 წლის მამაკაცი მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი დაანაწევრეს, ტაქსში ჩადეს და ალაზანში გადაააგდეს. თუმცა უკვე მეორე დღეა მათ მითითებულ ადგილას პოლიცია გვამს უშედეგოდ ეძებს.

პოლიციამ ტაქსის მძღოლი დაკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გვამის პოვნის მიზნით კი ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ჯერ  ვერ იპოვეს.

„გვამს ეძებენ და აქამდე ვერ უპოვიათ, არ ვიცით მკვლელობა რანაირად დავარქვათ. საკმაოდ უცნაური და გაუგონარი ამბავია. მკვლელობაში ეჭვმიტანილია და-ძმა. ამ ბავშვებმა პოლიციას  აჩვენეს ტერიტორია, სადაც ვითომ დანაწევრებული გვამი ჩააგდეს. თუმცა ის ისეთი ტერიტორიაა, იქ თუ ჩააგდეს, მაშინ უეჭველი უნდა ეპოვათ. დაახლოვებით ერთი კილომეტრი მერე სათავე იწყება, იქ გვამს ვერ გაიტანდა ისეთი რელიეფია, არ არის.

სეტკებია ჩადებეული და გვამს ის სეტკები დაიჭერდა. მოკვდნენ პოლიციელები ძებნით, ესენიც მეცოდებიან, მაგრამ გვამი არსად არ არის. ხალხი ამბობს, რომ ბავშვებმა აღიარეს დანაშაული. თუმცა ზუსტად რა და როგორ მოხდა ამ ოჯახის გარდა არავინ იცის. ცოტა უცნაური ხალხია, ვერ გაიგებ. გაუგებარია ეს გარადცვლილი მათთან რას აკეთებდა, გვერდით სოფელში ძირკოკში ცხოვრობს. კი ამბობენ ეს ბავშვები, რომ მოვკალითო, მაგრამ ვერაფრით მტკიცდება, რომ მოკლეს.

 სად არის გვამი? ვერ ვპოულობთ. ხომ არ იტყუებენ, ვერ გაიგებ, უცნაური ოჯახია. თუ აღიარებენ, რომ მოკლეს, მაშინ პოლიცია ადგილზე ზუსტად ხომ უნდა მიიყვანონ. ამდენი ხნის განმავლობაში პოლიციამ და მაშველებმა დაანგრიეს იქაურობა, მაგრამ არაფერი კვალი არ არის“, - აცხადებს „რეზონანსთან“ სოფლის რწმუნებელი გველუკაშვილი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიცია კვლავ მუშაობს, თუმცა რაიმე დამატებით დეტალები მათთვის უცნობია. არიან თუ არა დაკავებული და-ძმა, სოფელში ინფორმაცია არა აქვთ. რწმუნებული ამბობს, რომ ოჯახს ცხენი და საჭაპანო ტრანსპორტი ჰყავს, ამიტომაც გვამის თავიდან მოშორება ურმითაც  არ გაუჭირდებოდათ. ყველაფერი შესაძლებელია, რადგანაც, სავარაუდო მკვლელი ძმა ფსიქიურად გაუწონასწორებელია და მას გარკვეული ემოციური მდგომარეობა აქვს. ამიტომ მისი ნათქვამი ადგილობრივებისთვის და სოფლის რწმუნებულისთვისაც ნაკლებ სარწმუნოა. სავარაუდოდ, მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.  რწმუნებელი ამბობს, რომ ისიც ყოფილი პოლიციელია და იმდენად უცნაური ამბავია, რომ ჰგონიათ თითქოს კვალზე არიან გასულები, მაგრამ შემდეგ რეალურად იჭედებიან. 

„რეზონანსი“ დაუკავშირდა შსს-ს, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით გვამი ნაპოვნი არ არის, ამიტომაც გამოძიება არა მკვლელობის არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით არის აღძრული. პოლიცია გვამის ძიებას ამ დრომდე განაგრძობს და მუხლის გადაკვალიფიცირება, მხოლოდ გამოძიებაში გამოჩენილი ახალი დეტალების შემდეგ მოხდება. უწყებაში განგვიცხადეს, რომ იკითხება, როგორც ტაქსის მძღოლი, ასევე სოფლის ყველა მცხოვრები, ვინც 34 წლის ვ.მ ბოლოს ნახა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×