ია აბულაშვილი
25.08.2019

 "ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული, კარიკატურული ფიგურებით და მეორე მხარეს ახალგაზრდობის სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა."

აცხადებს "რესპულიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "მთელი კვირა" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბარა.

"მთელი კვირა": "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი" გავიდა და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელების საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ხელისუფლება და საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფორასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, სადაც ამერიკული კომპანიის შესაბამისი ინვესტორით ჩანაცვლბას მოითხოვს. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ჩავარდნა ანაკლიის პროექტს?

დავთი ბერძენიშვილი: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კატეგორიულ შეფასებებს მოვერიდებოდი, მაგრამ, ანაკლიის პორტის ბლოკირება ხელისუფლების მიერ მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.

სულ ახლახანს ვუსმენდი ვიდეოჩანაწერს, სადაც შევარდნაძე ჯერ კიდევ 1995 წელს საუბრობდა ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის.

"მ.კ" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რუსული "პაგონების" ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოუვათ და ანაკლიას მაინც ააშენებს, ციხეში ჩაჯდომისთვის მზად არის, თუმცა ბრძოლას მაინც არ შეწყვეტს.

დ.ბ: მამუკა ხაზარაძე, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა კომპრომისის გამონახვას, ბიძინა ივანიშვილმა აიძულა რომ დაპირისპირებოდა ხელისუფლებას და დაეცვა პრინციპები და ღირსება. არა მგონია, რომ ხაზარაძემ უკან დაიხიოს. სარისკოა პრინციპების დაცვა, მაგრამ ხაზარაძეს დაუდგა რისკზე წასვლის დრო.

დააკავებენ თუ არ დააკავებენ ხაზარაძეს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ივანიშვილის მატარებელი გაჩერებულია და მას პერსპექტივა აღარ აქვს.

"მ.კ": მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში გააქტიურებას სექტემბერში აპირებს და აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ხაზარაძის ახალ მოძრაობას?

დ.ბ: ცალკეული პიროვნებები, ძველი თუ ახალი ძალები, ცალკე აღებული რეალობას ვერ შეცვლიან ქვეყანაში, თუმცა, ხაზარაძის მოძრაობას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში.

ივანიშვილი არჩევანს აღარვის უტოვებს, მისი ყოველი ნაბიჯი არაადეკვატურია, ხაზარაძე- ჯაფარიძეზე შეტევა, 20 ივნისის შემდეგ ადამიანების დაპატიმრება. შეტევა "რუსთავი 2"-ზე და "ტვ პირველზე".

"მ.კ: გაიზიარებს თუ არა "ტვ პირველი" "რუსთავი2"-ის ბედს?

დ.ბ. რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ვერ გეტყვით, დღე არ ჩაუგდია ივანიშვილს, რომ სახიფათო სვლები არ გააკეთოს, მას პრობლემა აქვს კალენდართან და ამოვარდნილია დროში.

ცდილობს შეტევას, მაგრამ "ტვ პირველის" ხელმძღვანელობამ ღირსეული პასუხი გასცა ხელისუფლების შეტევას, ისინი აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. "ტვ პირველს" თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი, რომ მას ერგო ლიდერობა მედიაში, მაგრამ ისეთი სივრცე შეიქმნა, რომ მან იტვირთა ეს ფუნქცია, რაშიც წარმატებას ვუსურვებ.

"მ.კ": ანუ, თქვენი აზრით მედიაში ლიდერის პოზიციას დათმობს ნიკა გვარამია? რომელიც აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ზე უკეთეს ტელვიზიას შექმნის და ისევ წამყვან პოზიციებზე იქნება.

დ.ბ: დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. მედიასივრცეში თანაზომადი ტელევიზიების დრო დადგა. ანუ, მედიაპლურალიზმის დრო შეიქმნა. რაც შეეხება გვარამიას ახალ ტელევიზიას, ის პირველივე თვეებში ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ტელევიზია არ არის მხოლოდ შენობა და ტექნიკა, ტელვიზია არის ხალხი, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ამიტომ დრო გვიჩვენებს ვის რა რეიტინგი ექნება.

"მ.კ": როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, შემოდგომა პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იქნება და 20 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არ არის ის რესურსი, რომ ხელისუფლება შეარყიოს.

დ.ბ: ხელისუფლებას აღარ აქვს კონტრშეტევის რესურსი, კარიკატურული, წარსული ფიგურებით ფონს ვეღარ გავა და წარმატებას ვერ მიაღწევს 2020 წლის არჩევნებში.

ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ლპება, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული და მეორე მხარეს ახალგაზრდების სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა. ასე რომ, ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×