რეზონანსი
26.08.2019

 (რეზონანსი) ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანი მესტიის რაიონ სოფელ ლაყვრში დაიბადა. თუმცა შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. ის ზუგდიდის მე-9-ე საჯარო სკოლაში მეათე კლასამდე სწავლობდა. გუშინ ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„სოფელში, საცხოვრებელი სახლიდან სკოლამდე 6კმ იყო ფეხით გასავლელი მანძილი. არანაირი პირობები არ იყო ლაყვრეში, რომ დავრჩენვილვიყავით. და-ძმასთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად, ვექტორის დასახლებაში. ტერიტორიულად მაწყობდა, მეცხრე საჯარო სკოლა და მშობლებმაც აქ შემიყვანეს... მერე იყო ძიუდოთო გატაცება. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო მერაბ ფიფია. დაუღალავად ვშრომობდი, ვარჯიშობდი და სწორედ 15 წლიანმა მომზადებამ მომცა შედეგი. ბოლო სამი-ოთხი თვე იღბლიანი გამოდგა ჩემთვის. ჯერ ევროპის ჩემპიონი და ახლა კი გავხდი ტოკიოში- ძიუდოს სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონი,-გვიყვება ლუხუმი ტოკიოდან.

მსოფლიო ჩემპიონის თქმით, იაპონიაში სინჯის მედლის მოპოვება, ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატზე უდიდესი გამარჯვებაა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ყველა გულშემატკივარს და ჩემს მშობლიურ სკოლას. განსაკუთრებით სკოლის დირექტორს თეა გაბელაიას, რომლისგანაც მუდმივად მხარდაჭერას ვგრძნობ. ბოდიში მინდა მოვუხადო პედაგოგებს, მაინცდამაინც სწავლაში გამორჩეული მოსწავლე არ ვიყავი. როგორც კი მოვიცლი ჩავალ ზუგდიდში ჩემს სკოლაში", - ამბობს ლუხუმი.

ლუხუმ ჩხვიმიანის თქმით, შეჯიბრებებზე გასვლის წინ ყოველთვის ასრულებს ერთ რიტუალს.

„მოგეხსენებათ, ტატამზე გასვლის წინ პირჯვრის გადაწერა დაუშვებელია. გულში ვიმეორებ „მამაო ჩვენოს", რაც მაძლიერებს და ძალას მმატებს. სწორედ, ასე იყო გუშინ ტოკიოში. შვიდ მეტოქესთან ვიასპარეზე და მოხდა ის, რაც მოხდა ღმერთის და ჩემი 15 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგი." - ამბობს ჩხვიმიანი.

ლუხუმ ჩხვიმიანი საქართველოში ტოკიოდან ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდება.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×