„რადიკალური, პოპულისტური მემარჯვენე ჯგუფი, - „ალტერნატივა გერმანიისათვის," უკვე დიდი ხანია რუსეთთან არის დაახლოებული და მუდმივად რუსეთის დაკვეთებს ასრულებს. ზოგადად ფაქტი არასასიამოვნოა. მიზანი სწორედ ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ამ „არჩევნებს" ლეგიტიმაცია მისცენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კონელი კაკაჩია აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე „საერთაშორისო დამკვირვებლების" ყოფნას.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ულტრამემარჯვენე პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენელი შტეფან კუეტერი, ბერლინის რეგიონული პარლამენტის წევრი გუნერ ლინდმენი და ავსტრიის ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი პატრიკ პოპელი იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებს" გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება.
„აფხაზურ პრესაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებოდნენ. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალა და საოუკუპაციო რეჟიმები ცდილობენ კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებით ცდილობენ პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ.
„გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის კერძო სტატუსით იმყოფება და მას რაიმე სახის რწმუნება ან ნებართვა არ აქვს იმ უწყებიდან, სადაც ის მუშაობს," - აცხადებს კონსტანტინიდი.
კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს ჯგუფი, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია, მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის იღებს მონაწილეობას.
„ესენი არიან „ალტერნატივა გერმანიისათვის," - რადიკალური, პოპულისტური მემარჯვენე ჯგუფი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გერმანიის ბუნდესტაგის წარმოდგენილია.
"ეს ის ხალხია, რომელიც უკვე დიდი ხანია რუსეთთან არის დაახლოებული და მუდმივად ასრულებს რუსეთის დაკვეთებს. გარდა აფხაზეთის „არჩევნებისა," ისინი „ყირიმის მეგობართა ლიგის" წევრები არიან და ყველა იმ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც რუსეთის დიპლომატიურ ვითარებაში სჭირდება.
„ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელია, როგორც ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, ეს არის პირადი ვიზიტი და ის გერმანიის ბუნდესტაგს არ წარმოადგენს, თუმცა ზოგადად ფაქტი არასასიამოვნოა," - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.
მისი განცხადებით, ეუთო არ სცნობს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს." ამით ორივე მხარე რუსეთი და დეფაქტო ხელისუფლება ცდილობს მეტი ლეგიტიმაცია მისცეს ამ „არჩევნებს."
„ამით რეალურად რუსეთი და ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება ცდილობს გარკვეულწილად ლეგიტიმაცია მისცენ ამ „არჩევნებს," რომელსაც არ ცნობს, როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ლეგიტიმაცია მისცენ, რომ თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გერმანიის მხრიდანაც კი ესწრებოდნენ ამ „არჩევნებს".
„ეუთო არ სცნობს აფხაზეთს, „სამხრეთ ოსეთსა" თუ უკრაინის ე.წ. რესპუბლიკებს. ამ შემთხვევაში რუსული და აფხაზური მხარე ცდილობს სასურველი რეალობა წარმოსახონ, ვიდრე რეალობაშია.
"იციან, რომ მათ ეს ბერკეტები არ აქვთ, ვინაიდან ამ მხრივ ისინი საერთაშორისო იზოლაციაში არიან და სწორედ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობენ თავიანთ ადგილობრივ საზოგადოებას წყურვილი დაუკმაყოფილონ, თითქოს ისინი საერთაშორის საზოგადოების წევრები არიან.
„ადგილობრი დონეზე, პოლიტიკური ინტერესი უფრო იკვეთება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გული მოიგონ ასეთი იაფასიანი ტრიუკებით," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოს, „საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართა. ე.წ. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის" ლიდერი ალხას კვიცინია. ამის შესახებ სოხუმში გამართულ ბრიფინგზე დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ განაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე (ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში) გამართულ არჩევნებს არ ცნობს.
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.