თამთა ჩაჩანიძე
26.08.2019

 რუსთავი 2-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება და რამდენიმე გადაცემა ამ დრომდე არ გასულა, არხს თანამშრომლები ტოვებენ, მათ რუსთავი 2-ის დატოვების გადაწყვეტილება მასობრივად მას შემდეგ მიიღეს, რაც არხის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას,ნანუკა ჟორჟოლიანის და გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავი 2-ის ოფიციალურ საიტზე ამ დროისთვის ახალ ამბებზე მხოლოდ არხის 100 %-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის ოფიციალური განცხადება დევს, განცხადების მიხედვით, ხალვაში არხის რეაბილიტაციას და კურიერის ეთერში დაბრუნებას აანონსებს.

თავის მხრივ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალი არხი - „მთავარი" შექმნა. არხის ლოგოს ავტორი გადაცემა P.S.-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაა. ფეისბუქზე „მთავარს" ამ დროისთვის 115 ათასი ადამიანი იწონებს. გვარამიას თქმით, „მთავარი არხი" კრიტიკული ტელევიზია იქნება.

დიდი ალბათობით რუსთავი 2-იდან წასული და გათავისუფლებული თანამშრომლები კი შესაძლოა ზუსტად „მთავარ არხზე" ვიხილოთ.

რუსთავი 2-ის გადაცემა „აქცენტების" წამყვანი ეკა კვესიტაძე „რეზონანსთან" ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ „მთავარ არხზე" და რუსთავი 2-ის მომავალ სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრობს.

„მე ვარ ნიკა გვარამიას გუნდში, შესაბამისად, სადაც ნიკა იქნება, იქ ვიქნები მეც და ეს იქნება „მთავარი არხი", როდის იქნება, ვინ იქნება ამ არხზე, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თვითონ გვარამია გააკეთებს, მე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით.

„ძალიან ძნელად წარმომიდგენია განახლებული "რუსთავი 2" და თუ ის დაიწყებს მუშაობას, ეს იქნება პროსახელისუფლებო არხი, ისევე, როგორიც სხვა მაუწყებლებია „იმედის", „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სახით, ეს იქნება ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოიალური, მხოლოდ ასეთი რუსთავი 2 წარმომიდგენია მომავალში."- აცხადებს კვესიტაძე „რეზონანსთან".

საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ რუსთავი 2-ზე დარჩენილი გადაცემები და მათი წამყვანები გააგრძელებენ თუ არა განახლებულ არხზე მუშაობას. არსებული ინფორმაციით, ვანო ჯავახიშვილმა და „კომედი ჯგუფის" ნაწილმა "რუსთავი 2" დატოვა, თუმცა გუნდის რაღაც ნაწილი შესაძლოა რუსთავი 2-ში დარჩეს, რადგან "ფარული კონვერტი", რომლის ხელმძღვანელიც „კომედი ჯგუფია", "რუსთავი 2"-ზე რჩება. ამის შესახებ გადაცემის ავტორმა ია ფარულავამ დაწერა.

„გადაცემა „ფარული კონვერტი" დარჩა რ 2-ზე ძვირფასო ჟურნალისტებო მე არ დამიკავშირდეთ, განცხადებას მალე გააკეთებს კომედი ჯგუფის ( რომლის ბაზაზე კეთდებოდა ეს გადაცემა) ხელმძღვანელობა.. მადლობა...P.S. არავის გაუმართია კავკასიური ცარცის წრე ჩემს გამო...."-წერს ფარულავა ფეისბუქზე.

„სხვა შუადღის" წამყვანები ამ დრომდე რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

„პრაიმტაიმი" „სხვა შუადღის" წამყვანებს დაუკავშირდა. დვალიშვილის თქმით, ის რუსთავი 2-ზე არ რჩება. „ჭკუათმყოფელი რუსთავი 2-ზე დარჩება? არც მე ვრჩები, რა თქმა უნდა" - დასძინა ბაია დვალიშვილმა.

„პრაიმტაიმი" თიკა ფაცაციასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ის ჯერ შვებულებაშია და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „შვებულებაში ვარ და ჯერ არაფერი არ ვიცი. როცა გამოვალ მერე გავაკეთებ კომენტარს" - ამბობს თიკა ფაცაცია.

ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს "ფეისბუქ ლაივით" დაუბრუნდა, მან საზოგადოებას ბევრი სიახლე აცნობა, იგი „მთავარ არხზე" სოციალუ თოქ-შოუს გააკეთებს. იგი ასევე აცხადებს, რომ ახალ არხზე ე.წ ყვითელი გადაცემები არ იქნება.

"როგორც უკვე დავაანონსე, "ნანუკას შოუ" 10 წლის ხდება, ვაპირებდით ფორმატის შეცვლას. გავაკეთებ სოციალურ თოქ-შოუს დარბაზით, მაყურებლებით, ძალიან საინტერესოს, რის გაკეთებაც დიდი ხანია მინდა" - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუქ ლაივით".

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ლაფერაშვილმა, რუსთავი 2-ის შესახებ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა შემომთავაზა ეტაპობრივად ჩემი პრობლემების მოგვარება და ხელფასის 30%-იანი მატებაც. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე "რუსთავი 2". ეს ჩემმა ხელქვეითებმა და ზემდგომმა პირებმაც იცოდნენ.

"ისე, მათი თხოვნა, რომ შვებულება დამეწერა და ამ ფორმით წავსულიყავი, გავითვალისწინე. უკან მიბრუნებას რომ არ ვაპირებდი, ყველამ იცოდა. ხალვაშს თუ პრობლემა აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან, შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რა საჭირო­ იყო ეს ერთთვიანი კატათაგვობანა? თუ ასე ძალიან უნდა "კურიერი", რომლის შესახებაც თვალცრემლიანი ლაპარაკობდა თათბირებზე, გაუგებარია, ეს რა გაითამაშა?

„ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ ვიღაცის ხელფასს ვჭამდი, რომ თანამშრომლებს­ შიოდათ და მე მაძღარი ვიჯექი. მარტო თანხის გაცემის უწყისებს რომ აფრიალებენ, იმავე დღეს თანხის მიღების უწყისებიც ააფრიალონ. შავი პიარის აგორებას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ სასამართლოს მივმართო საპასუხო სარჩელით პატივისა და ღირსების შელახვისთვის",- განაცხადა ლაფერაშვილმა „კვირის პალიტრასთან".

არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნოდარ მელაძის ნაცვლად რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებდა, თუმცა შემდეგ მან ფეისბუქზე დაპოსტა, რომ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო"- ამ სიტყვებით გავიდა 20 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში ბოლო 9 საათიანი კურიერი, ეს იყო გადაცემის წამყვანების მიშა სესიაშვილისა და დიანა ჯოჯუას განცხადება ტელეკომპანიიდან წავლის გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო შემდეგ კი ტელეარხი კურიერის მთელმა გუნდმა და სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×