ელზა პაპოშვილი
26.08.2019

 აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების „ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, „საპრეზიდენტო არჩევნებში" მოქმედი „პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა ლიდერობს. ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა და რაულ ხაჯინბამ ამომრჩეველთა ხმების 23,85% აიღო. პარტია „ამცახარას" წარმომადგენელმა ალხას კვიწინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, ხოლო კვიწინიას 18 929 ამომრჩეველმა. „არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

აფხაზეთი ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს თბილისში უკვე გამოეხმაურნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს აფასებს. სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია.

მინისტრის განცხადებით, ვერც პირველ და ვერც მეორე ტურს, როგორც პროცესს, ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სხვა სამართლებრივ ასპექტებთან ერთად, ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა დევნილობაში იმყოფება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლაც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც, როცა ე.წ. მეორე ტურია დანიშნული, პროცესები მშვიდობიანად, დაძაბულობის გარეშე წარიმართოს, რადგან აფხაზური საზოგადოების ბედი ჩვენთვის სულ ერთი არ არის. არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს გავაფართოვოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე.

"არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები - უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ საჭიროა კომუნიკაციის არხების გაფართოვება თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო, ასევე მშვიდობაზე დიალოგის კუთხით.

ე.წ აფხაზეთის არჩევნებს ნატოშიც ეხმაურებიან. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს, რომ ნატო ამ არჩევნებს არ აღიარებს.

„ნატო-ს მოკავშირე ქვეყნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში," - წერს აპატურაი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას აფასებს და ამბობს, რომ ვინც არ უნდა გახდეს ე.წ. პრეზიდენტი საქართველოსთან მიმართებაში მაინც არაფერი შეიცვლება. მისი თქმით, ნებისმიერ ე.წ. პრეზიდენტს რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა კვლავ მოუწევს და მუდმივად მისი კონტორლის და გავლენის ქვეშ იქნება.

"არა აქვს მნიშვნელობა მეორე ტურში ვინ გავა. არჩევნების შედეგებით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება. რაიმე რომ შეიცვალოს, საქართველომ უნდა შესთავაზოს. აქ კიდევ ახლა აფხაზეთისთვის არავის სცალია.

"ამ არჩევნებში ხაჯიმბას, როგორც ჩანს, შანსები აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო სიტუაციაა არშბასთან, რომელმაც მაღალი ხმები აიღო. თუმცა როგორც აღვნიშნე ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. არცერთი მათგანი საკუთარი სურვილით საქართველოსკენ ნაბიჯს არ გადმოდგამს. ყველას ვინც ე.წ. პრეზიდენტი გახდება რუსეთთან თანამშრომლობა მოუწევს. ნებისმიერი მათგანი რუსეთის გავლენის ქვეშ არის და მასთან ყველაფერში ანგარიშვალდებულია",-აცხადებს ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×