თამარ შუკვანი
27.08.2019

 რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, 25 აგვისტოს დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნები მოულოდნელი შედეგით დასრულდა; მოქმედმა „პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ ხმების მხოლოდ 23,85% მიიღო. მეორე ადგილზე ოპოზიციონერი ალხას კვიცინიაა 21,97%-ით, მესამეზე კი 21,60%-ით ოლეგ არშბა გავიდა, რომელიც ყოფილი „პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის კანდიდატად იყო ცნობილი.

საბოლოოდ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთის მეტოქეები რაულ ხაჯიმბა და ალხას კვიცინია არიან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერის გამარჯვების შანსები იზრდება.

ვინ არის ალხას კვიცინია და როგორია მისი დამოკიდებულება ქართველების მიმართ? თუკი ის „პრეზიდენტი" გახდება, როგორ შეიცვლება აფხაზური მხარის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კვიცინია არასოდეს გამოირჩეოდა ქართველების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, თუმცა „წინასაარჩევნო კამპანიისას" „საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე" აკეთებდა განცხადებებს.

ქართველების მიმართ აფხაზური მხარის პოლიტიკა გარკვეულწილად შესაძლოა გაუმჯობესდეს, რასაც ქართულმა მხარემაც ხელი უნდა შეუწყოს. ის იმედოვნებს, რომ დღეს თუ არა, 2020 წლის შემდეგ, საქართველო „გამოსავალს შესთავაზებს."

„ძალიან არაპოპულარულია ხაჯიმბა და მისი დღევანდელი პოლიტიკა. საზოგადოებას აშკარად ცვლილებები სურს. საქართველოს მიმართ არსებითად ან არაფერი შეიცვლება, ან თუ შეიცვლება, შედარებით უკეთესობისაკენ წავა, რადგან ურთიერთობის ასეთი მძიმე და დაბალი დონე არასდროს ყოფილა. ამას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებამაც.

„საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომაც ეჭვი მეპარება „ქართული ოცნების" დღევანდელმა პოლიტიკამ მზარდი ნაბიჯები გადადგას და აფხაზურ მხარეს გარკვეული გამოსავალი შესთავაზოს, რადგან ოპოზიცია ამას არ მიესალმება და დააზარალებს ისედაც დაზარალებულ „ქართულ ოცნებას".

„ზოგადად, კვიცინია არ გამოირჩეოდა არასდროს პროქართული განწყობით. ის იბრძოდა ომში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგ, მაგრამ სამხედროებში უფრო არის გარკვეული პრაგმატიზმი, ვიდრე პოლიტიკოსებში.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაფერს ვერ დაუჯერებ პოლიტიკოსებს, მაგრამ კვიცინიამ ცალსახად თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გასაუმჯობესებელია. თუ რამე შეიცვლება, შეიძლება გალის რაიონში არსებულ მდგომარეობაზე აისახოს, გალელების მიმართ დამოკიდებულებაზე, რადგან იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. თუ კვიცინიამ გაიმარჯვა, ამით გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდება.

„ხაჯიმბამ ფსკერზე დაიყვანა ქართველების მიმართ დამოკიდებულება. ასეთი რთული ურთიერთობა, რაც ბოლო წლებშია, აფხაზეთში არ ყოფილა. ხაჯიმბამ საერთოდ გამორიცხა ქართული მოსახლეობა აფხაზური საზოგადოებიდან, რაც ძვირად უჯდება თვითონ აფხაზურ საზოგადოებას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი შეფასებით, კვიცინიას ე.წ. მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის დაუჭერენ მხარს მე-3 ადგილზე გასული არშბა და მის უკან მდგომი ანქვაბი.

პაატა ზაქარეიშვილი „საპრეზიდენტო არჩევნების" პირველი ტურის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის თუ ვის დაუჭერს მხარს ყოფილი „პრეზიდენტი" ალექსანდრ ანქვაბი, რომელმაც ამ „არჩევნებზე" ოლეგ არშბა წარადგინა.

„მოსალოდნელი იყო მეორე ტური, სადაც ხაჯიმბა და კვიცინია გავიდოდნენ, მაგრამ საინტერესოა მესამე შედეგი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა; ოლეგ არშბას შედეგი თითქმის იგივეა, რაც დანარჩენი ორის. ვის მხარეს წავა ოლეგ არშბას ხმები, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოლეგ არშბას უკან ყოფილი „პრეზიდნეტი" ანქვაბი დგას, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. თურმე ძალიან გავლენიანი ყოფილა, რომ მისმა კანდიდატმა ასეთი მაღალი ხმები აიღო. რომელი მხარეც ანქვაბის გულს მოიგებს, ის გაიმარჯვებს.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი დაბალი აქტივობა არასდროს ყოფილა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი „არჩევნების" მიმართ გულაცრუებულია. ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა ამ ხალხზე.

კვიცინიას შანსები იზრდება არა იმიტომ, რომ კვიცინიაა, არამედ იმიტომ, რომ „ამსახარას" წარმომადგენელია. ეს არის ყველაზე სტრუქტრული სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დიდი ხანია ჩამოყალიბდა. თავის დროზე არძინბას წინააღმდეგ იბრძოდა. კვიცინიამ მხოლოდ იმიტომ მიიღო ამდენი ხმა, რომ „ამსახარას" სახე იყო," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×