თამარ შუკვანი
27.08.2019

 მამუკა ხაზარაძის ახლა პარტიაში არ იქნებიან „ცნობილი სახეები პოლიტიკიდან". იგი აქცენტს ახალგაზრდა პროფესიონალებზე გააკეთებს, რომლებიც დღეს საქართველოში თვითრეალიზებას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ მთავრობა ამისათვის საჭირო პირობებს უსპობს. ამის შესახებ ხაზარაძემ 27 აგვისტოს ნადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია.

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია. მინდა შეგაშინოთ - ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან, მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება.

ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გუნდს, სადაც ცნობილი სახეები პოლიტიკიდან ვერ მოიაზრებიან ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ სახეებს, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, ყველას ველოდებით," - განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციითვე ცნობილი ხდება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს გაუგზავნა ნოტა და მოითხოვა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში," - აღნიშნა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება მათ წინააღმდეგ:

„ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის.

„რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია," - ამბობს ჯაფარიძე.

თუმცა, მიუხედავად ანგარიშების დაყადაღებისა, ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ.

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა - რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ მათ, იმიტომ, რომ, როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია.

„რასთან გვაქვს საქმე? თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ მათი გაგებით, ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, რომელსაც ვახორციელებდით და რომლითაც ვაფინანსებდით და დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს; ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ.

„არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს," - აღნიშნა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით მოქმედებენ.

„ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და რომლებიც აგრძელებენ სამწუხაროდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს - რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებულია ყადაღის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლოს იმის ნაცვლად, რომ გადაეხედა არის თუ არა რაიმე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფულადი სახსრები არის უკანონო, არის თუ არა მტკიცებულება და საფუძველი ამისთვის, ნაცვლად ამისა, პირდაპირ დაადასტურა ყადაღის მოთხოვნილება.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ. ამავდროულად, გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყენაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს საფუძვლიანობის და მიზნების მიმართებაში," - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, რომელიც დღეს უკვე ღიად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხაზარაძემ პრესკონფერენიციაზე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ამისათვის აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება.

„იცით, რომ ჩვენ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღედაღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ!

„ეს ქმედება (ანგარიშების დაყადაღება) მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე," - მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×