თამთა ჩაჩანიძე
27.08.2019

 „არათუ ხაზარაძემ, ვინც არ უნდა მიიწვიოს ივანიშვილი დებატებში, ის ამ ნაბიჯს არ გადასდგამს. მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის", - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტელედებატებში გამოწვევას.

„რეზონანსი": ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მისი ვაჟი, ტელეკომპანია „ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან „ტვ პირველზე" ზეწოლის მცდელობაა.

ვახტანგ ძაბირაძე: გამომდინარე იქიდან, რა პროცესებიც მიდის, რომელი დაკავშირებულია „რუსთავი 2"-თან და უფრო ადრე სხვა ტელეკომპანიებთან, ასევე ისიც, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მაგალითად იმის, რომ მოხდა აქტუალიზაცია 11 წლის წინანდელი პროცესისა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სწორედ უკავშირდებოდეს ტელევიზიას.

თავიდანვე მქონდა ეს ვერსია. როდესაც ხაზარაძეზე ეს თემა გაჩნდა, მაშინვე გამიჩნდა ვერსია, რომ დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ამ ამბავს აუცილებლად „ტვ პირველს" დაუკავშირებდნენ. აქედან გამომდინარე, შემიძლია თამამად ვივარაუდო, რომ ეს უკავშირდება „ტვ პირველის" თემას.

„რ": როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში შეძლებენ თუ არა მეპატრონეები ტელევიზიის დაცვას?

ვ.ძ.: თუ წერეთლის საქმე უკავშირდება ტელევიზიას, ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ეს ტელევიზიაც რიგში იდგება. თუმცა რამდენად შეძლებენ მისი მეპატრონეები ამ ტელევიზიის დაცვას, ეს სხვა საქმეა. ალბათ იქნება გარკვეული შეთავაზებები და წავლენ თუ არა კომპრომისზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი.

„რ": ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის რეაბილიტაცია დაანონსა.როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება განახლებული „რუსთავი 2"?

ვ.ძ.: დიდი ალბათობით ეს არ იქნება ისეთი კრიტიკული ტელევიზია. შესაძლოა მან გარკვეული პერიოდი რაღაც კრიტიკა და (არა ისეთი, როგორიც იყო „რუსთავი 2" მანამდე) კრიტიკული პოზიცია შეინარჩუნოს, თუმცა შემდეგ ის ნელ-ნელა გადავა ისეთ რელსებზე, როგორზედაც ჟღერს სახელისუფლებო მედიები.

„რ": ნიკა გვარამიას ახალ არხ „მთავარის" შესახებ რას ფიქრობთ და როგორი მოლოდინი გაქვთ?

ვ.ძ.: ექნებათ ზუსტად ისეთივე პოლიტიკა, ან ძალიან მიახლოებული იმასთან, როგორიც იყო აქამდე „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა. სხვანაირად ამ ტელევიზიის შექმნა არავის ინტერესებში არ შედის. ეს ტელევიზია სჭირდებათ არჩევნებისთვის და არჩევნებამდე იმ ხარისხში გააგრძელებს მუშაობას, რასაც მუშაობდა აქამდე „რუთავი 2".

მე მოხარული ვიქნები, თუ გვარამია შექმნის ამ ტელევიზიას. ჩემთვის მისი სარედაქციო პოლიტიკა მაინცდამაინც მისაღები არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წარმატებას ვუსურვებ იმიტომ, რომ ასეთი ტელევიზიის შექმნა, ჩემი აზრით, დაასრულებს ხელისუფალთა მუდმივი ლტოლვას, რომ კონტროლი დაამყარონ მედიასაშუალებებზე.

„რ": მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო დებატებში მიიწვია ბიძინა ივანიშვილი. როგორ ფიქრობთ, დათანხმდება ივანიშვილი ამ დებატებში მონაწილეობას?

ვ.ძ.: ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ივანიშვილი ამ დებატებში არ მიიღებს მონაწილეობას. ჩემი აზრით, ხაზარაძემაც ასეთი სვლა სწორედ აქედან გამომდინარე გააკეთა, მაგრამ პოლიტიკაში დასაშვები და მისაღებია რასაც ხაზარაძე აკეთებს, თუმცაღა გამორიცხულია, რომ ივანიშვილი დებატებში მივიდეს.

არათუ ხაზარაძემ, ვინც არ უნდა მიიწვიოს ივანიშვილი დებატებში, ის ამ ნაბიჯს არ გადასდგამს. მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის.

„რ": როგორ განიხილავთ მამუკა ხაზარაძის და მისი მომავალი პარტიის პოლიტიკურ შანსებს?

ვ.ძ.: რეალურად მისი დაანონსებული პარტიის პოტენციური ამომრჩეველი არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ელოდებიან რაღაც ახალი ძალის გამოჩენას, ელექტორატი არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხაზარაძემ გარანტირებულად მოიპოვა მათი მხარდაჭერა.

მამუკა ხაზარაძეს მოსაპოვებელი აქვს ამომრჩევლის გარანტირებული მხარდაჭერა და ამას სჭირდება სწორი პოლირიკური ნაბიჯები. ივანიშვილის დებატებში გამოწვევა რომ საქმეს წყვეტდეს, რამდენიც გინდა იმდენი გამოჩნდება დებატებში გამოწვევის მსურველი. ეს არ არის საკმარისი. ხაზარაძეს როგორი გუნდი ეყოლება, რამდენად სწორად შეაფასებს სიტუაციას, რეალურად მას რა უნდა - აი, ამაზეა დამოკიდებული მისი რეიტინგი.

მთავარია ის, თუ რეალურად რა უნდა ხაზარაძეს - პოლიტიკაში იმისთვის უნდა მოსვლა, რომ თავისი ბიზნესი „დაკრიშოს", ანუ იყოს ოპოზიციაში და მისთვის ეს საკმარისი იყოს, თუ ის მოდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ ძალაუფლება აიღოს ხელში და ქვეყანაში რაღაც შეცვალოს. ეს ორი სხვადასხვა მიმართულებაა.

იმის მიხედვით, თუ რა გუნდი ეყოლება ხაზარაძეს და როგორ წარმართავს თავის საქმეს, აქედან გამოჩდება რისი შემძლე იქნება ის. ჯერჯერობით რესურსი არსებობს, მაგრამ ამ რესურსის ათვისება მარტო იმის თქმით, რომ „პოლიტიკაში მოდის" ვერ მოხერხდება. ვერც ვერასდროს ხერხდებოდა. უახლოესი ისტორიის მანძილზე ოპოზიციიდან ვინც კი ხელისუფლებისთვის იბრძოდა, ის კარგ გუნდს ყოველთვის კრებდა თუ ხაზარაძეს ასეთი გუნდი ეყოლება, მაშინ ის რეალურად დაიწყებს ბრძოლას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×