
ვის გასანიტრალებლად იყენებს ხელისუფლბე ავთანდილ წერეთელს - მამუკა ხაზარაძის, თუ „ტვ პირველის“, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენის შვილი ვატო წერეთელია? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას აპირებს, თუმცა ეს საქმე იმდენად აბსურუდულია, რომ ხელში მხოლოდ დიდ მგელი შერჩებათ.
ანალიტიკოსების აზრით, ავთო წერეთელის დახმარებით ხელისუფლებას, ერთის მხრივ, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლება სურს და მეორე მხრივ მას ასევე „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეში ხაზარაძეზე „გამყვან“ ფიგურად თვლიან.
გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა გირაოს სახით 500 ათასი ლარის გადახდას ითხოვდა. პროკურატურის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ბიზნესმენის შვილი ვატო წერეთელი კი აცხადებს, რომ მათი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის და გირაოს გადასხდელად ტელეკომპანიის შენობის ჩადება მოუწევს.
„ყველაზე ცუდი რაც ხდება, არის, რომ გირაოს სახით შეიძლება მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება. მე უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ, ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.
თავად ავთანდილ წერეთელი კი ამბობს, რომ მას პროკურატურა არარსებულ დანაშაულს ედავება, სადაც დაზარალებულიც კი არ არსებობს.
„აბსურდია, ვერ შემედავებიან. რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ, ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა?! მე ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული“, - ამბობს ის.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ მისი შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა. მისი თქმით, ბიზნესები მის შვილზეა გადაფორმებული. მათი მთავარი შემოსავალი კი „ტვ პირველია“, რომლის წართმევასაც ხელისუფლება აპირებს.
„ბიზნესები ჩემ შვილზეა და ასე ვცხოვრობთ, ერთი ოჯახი ვართ. თუ გინდათ, სიმართლე გითხრათ, პენსიაც არ მაქვს გაფორმებული. ამათმა იციან, რომ ბოლო ორწელნახევარია შემოსავალი არ მაქვს და უნდათ ჩემს შვილზე ზეწოლა მოახდინონ. ტელევიზია უნდათ და ვერ მიიღებენ“, - განაცხადა წერეთელმა მოსამართლის კითხვაზე, თუ რა სახის შემოსავალი აქვს მას.
ვატო წერეთელი კი 27 აგვისტოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. იგი ამბობს, რომ მამის მძევლადდ აყვანით ხელისუფლებას მისთვის ტელეკომპანიის წართმევა სურს.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თი-ბი-სი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.
რატომ გაახსენდა ხელისუფლებას 12 წლის წინანდელი საქმე, სადაც მთავარი ფიგურანტი ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან? ავთო წერეთლისთვის ბრალის წარდგენას, „ტვ პირველის“ საქმიანობას უკავშირებს თავად ხაზარაძეც. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, ავთო წერეთელი აიძულონ, გავლენა მოახდინოს ოჯახის წევრებზე იმისთვის, რომ ქვეყანაში დარჩენილი მცირე თავისუფალი მედიის ნაცვლად, საზოგადოებამ გაუგებარი რაღაც მიიღოს.
რას ედავება რელურად პროკურატურა ავთო წერეთელს და „თი-ბი-სი ბანკის“ საქმეში მას რა როლი აკისრია? როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, 2008 წელს ავთო წერეთელმა ხაზარაძესა დ ჯაფარიძეს მოკლევადიანი, 17%-იანი სესხი მისცა, რომელიც იურიდიულადაც გაფორმდა. აგვისტოს შუა რიცხვებში კი უცხოელ პარტნიორებთან კაპიტალის მოძიების შესახებ გარიგება უნდა დახურულიყო. თუმცა დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი და ყველფერი გაფუჭდა. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არ თქმულა, იმ დროს საქართველოში ბანკები პრაქტიკულად გაკოტრდნენ.
როგორც ბანკირი ამბობს, ის და ბადრი ჯაფარიძე უზარმაზარი ვალის წინაშე აღმოჩნდნენ. სწორედ ამ დროს შეიტყვეს, რომ თანხა, რომელიც ავთო წერეთელმა მათ ასესხა, „თი-ბი-სი ბანკიდან“ ჰქონდა აღებული.
კონკრეტულად ავთო წერეთლისგან აღებული სესხი კი იმ თანხის მხოლოდ 10%-ს შეადგენდა, რომელთან დაკავშირებითაც „თი-ბი-სი ბანკი“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
კრიზისიდან გამოსასვლელად ხაზარაძეს და ჯაფარიძეს „თი-ბი-სი ბანკის“ 60%-იანი წილის დათმობა მოუხდათ და მხოლოდ 20% დარჩათ.
ხაზარაძე ამბობს, რომ საბოლოოდ, მის და ბადრის გარდა, ბანკს არავინ ჰყოლია დაზარალებული. ამიტომ გაუგებარია პროკურატურა რას ედავებათ და ამ საქმეში დაზარალებული ვინ არის.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ავთო წერეთელი ხელისუფლებისთვის ის ფიგურაა, რომლის გამოყენებითაც ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ. მისი მეშვეობით შეუძლიათ არა პირდაპირ, არამედ ირიბად „ტვ პირველს“ გარკვეული სახის თუნდაც ფინანსური პრობლემები შეუქმნან და გაკოტრებით გააჩუმონ. ხოლო ხაზარაძის საქმეში წერეთელი მთავარი ხელჩასაჭიდია, რადგანაც სხვა ამ საქმეში არც არაფერი აქვთ.
„ეს საქმე იმდენად აბსურდია, რომ სამართლებრივად ამაზე საუბარიც კი მიჭირს. წარმოგიდგენიათ საქმე, სადაც არც დაზარალებული და არც მომჩივანი არსებობს? მითუმეტეს ავთო წერეთელს პროკურატურა ედავება 12 წლის წინ რომ ფული გაასესხა, იმ კაცმე ეს ფული რაღაც ტრანზაქციად გამოიყენა და დამნაშავე შენ ხარო. ამ დონის აბსურდზე შეიძლება დავა? ხელისუფლებას ვიცით მსგავსი საქმეები უკან ბუმერანგივით როგორც უბრუნდება.
„წერეთელი ახლა ორი კურდღლის დასაჭერად სჭირდებათ. მაგრამ კურდღლის მაგივრად დიდი მგელი შერჩებათ. რა თქმა უნდა, მათ ინტერესს „ტვ პირველიც“ წარმოადგენს და „თიბისი ბანკის“ საქმესთან ერთად მასაც ხელს გააყოლებენ. შეიძლება ასე პირდაპირი დარტყმა არ დაიწყონ, მაგრამ თუ კომპანიის მეპატრონეს ანგარიშებს დაუყადაღებენ, ან გააკოტრებენ და მედიას მუშაობაში ხელი შეეშლება, მიზანს მიაღწევენ. მათი მთავარი სამიზნე ახლა ხაზარაძეა და ვინც ხელს მოხვდებათ, მასთან ერთად მიაყოლებენ“, - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
იურისტი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაფანტოს. მისი აზრით, „ტვ პირველის“ ირგვლივ მოვლენები დროში საკმაოდ უცნურად ემთხვევა. მითუმეტეს, როდესაც პროკურატურას ამდენი გახმაურებული საქმე თაროზე აქვს შემოდებული და 12 წლის წინანდელ საქმეს იძიებს, სადაც არც დაზარალებული და არც მომჩივანი ჩანს.
„რა თქმა უნდა, პროკურატურის ქმედება ეჭვებს იწვევს. მითუმეტეს გამოდიან და ორი სიტყვის მეტს არაფერს ამბობენ. გაურკვეველია რა წერია ბრალის დადგენელიებაში და უწყება მხოლოდ ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლება.
„ტვ პირველის“ ირგვლივ რომ მოვლენები საკმაოდ საეჭვოდ ვითარდება, არახალია. მითუმეტს ვხედავთ, როგორ ხდება თავისუფალი მედია ველის მოსუფთავება არჩევნების წინ. ხელისუფლება ვალდებულია, რომ „თიბისი „ ბანკის საქმეზე უფრო მეტი მტკიცებულებები წარმოადგინოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არ არის. ამის მზაობა კი არ ჩანს“, - აცახდებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.