თამარ შუკვანი
27.08.2019

 „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე მოქმედი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნას პოზიტიურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. როგორც მან „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, ამან შესაძლოა მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირებები დროებით შეაჩეროს.

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლები წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „ნიუპოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა სამთავრობო ცვლილებების განხორციელება - პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო გახარიას ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის. 

„თუკი ამ ქვეყანაში ვინმე მართლა პრემიერ-მინისტრი გახდება, უკეთესი იქნება და რაც მალე მოხდება, კიდევ უკეთესი. ამჟამად ქვეყანას პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს. ამიტომ შესაძლოა ეს კრიზისი მეტ-ნაკლებად, თუნდაც დროებით, შეჩერდეს. როგორც ამბობენ, „ახალი ცოცხი კარგად გვის“ - ამ პრინციპით შესაძლოა იმუშაოს და რაღაც სიკეთე „ქართული ოცნებისთვის“ გამოდნეს; შიდა დუღილი, შიდა დაპირისპირებები, შიდა ბრძოლები ოდნავ მაინც დააწყნაროს,“ - განუცხადა „რეზონანსს“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

სხვა დამატებითი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ჭიჭინაძეს არ აქვს:

„ფაქტია, რომ ბახტაძე, პრაქტიკულად, თავის ფუნქციას აღარ ასრულებს, ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, არც მთავრობა. ეს გადაწყვეტილება არ მგონია, რომ დიდი მოწონებით სარგებლობდეს საზოგადოებაში და აღტაცება გამოიწვიოს. ეს იმის დასტური იქნება, რომ მოსახლეობისა და ხალხის აზრს „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს.

„ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად ერის გაერთიანებას და არა მის გახლეჩვას. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საზოგადოება გაყოს და ვადის გახანგრძლივება შეძლოს. ეს საკმაოდ ცუდად აისახება ზოგადად ქვეყანაზე, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ მდგომარეობაზე,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×