ელზა პაპოშვილი
28.08.2019

 მთელი ქალაქი შეძრა 27 აგვისტოს გავცერებულმა კადრებმა, სადაც 50 წლამდე ქალი 3 წლის ბავშს სახის არეში პეკინის გამზირზე ცივი იარაღით ჭრილობებს აყენებს. ხოლო შემთხვევის ადგილს მშვიდად ტოვებს და მის დაკავებას გამვლელები არ ცდილობენ. ქალმა 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ, მისი დის ტყუპის ცალის დაზიანებაც სცადა, თუმცა, მას წინააღმდეგობა მამამ გაუწია. ქალი დანით დაზიანების მიყენებას ბავშვების მამისთვისაც შეეცადა.

ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი პოლიციამ დილით დააკავა. მისი ამოცნობა ახლობლებმა და მოქალაქეებმა შეძლეს, რომლებიც ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური აშლილობა აქვს და ის სამედიცინო ადწესებულებიდან არის გამოქცეული.

ის საბურთალოს რაიონში, სავარაუდოდ, ყაზბეგის და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ვაჟას ძეგლთან მცხოვრები მოსახლეობა „რეზონანსთან" ყვება, რომ კადრების გავრცელებისთანავე ის ამოიცნეს და ბავშვების მიმართ ძალადობაში შემჩნეული არაერთხელ ყოფილა. მათივე ინფორმაციით, ქალი მოწყალებას ქაშუეთის ეკლესიის წინაც ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რეზონანსი" იმ ადამაინებს გაესაუბრა, ვისაც ვაჟას მიმდებარედ ქალი არაერთხელ უნახავს. ერთ-ერთი მოქალაქე, ანა გოგია გვიყვება, რომ მან ქალი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან იცნო. მისი თქმით, ქალთან შეხება მასაც ჰქონია. ის ვაჟას ძეგლთან ხშირად შეუნიშნავს და ქალმა მასთან კომუნიკაციაც სცადა. გოგონა ამბობს, რომ დაკავებული ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და არაადეკვატური ქცევები აქვს.

„ერთხელ ავტომობილით ვიყავი გაჩერებილი, მოვიდა და მითხრა ვინ ვიყავი და სად ვცხოვრობდი. თავიდან ვერ მივხვდი, რომ ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ავტომობილში ჯდებოდა და ამბობდა, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა და თავს უნდა ვუშველოთ. ქართულად საუბრობდა, თუმცა მისი ეროვნება არ ვიცი. საკმაოდ გამართულად ლაპარაკობდა, აქცენტი არ ჰქონია. მერე მივხვდი, რომ ცუდად იყო. ადრე ქაშუეთთანაც შემიმჩნევია, ხან კარგად ეცვა და ხანაც ამინდთან შეუფერებლად.

ბავშვების მიმართ ძალადობაში ადრეც შეუმჩნევიათ. უბნის ბავშვებს დაიჭერდა და თავში ურტყამდა. არ ვიცი ვინ ჰყავს, როგორც მერე თქვეს ფსიქიატრიულიდანაც გამოქცეულა",-აცხადებს გოგია „რეზონანსთან".

რაც შეეხება 3 წლის დაჭრილ ბიჭს, ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს.

ბავშვს კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ჟვანიას კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ვასაძე „რეზოანნსთან" აცხადებს, რომ ამ დროისთვის მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმი ამბობს, რომ 3 წლის ბიჭი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღრმა ნაკვეთი ჭრილობებით მიიყვანა. მას ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის არეში აქვს მიყენებული.

მისივე თქმით, დაზიანება მხოლოდ რბილ ქსოვილზე იყო და ძვლოვანი ქსოვილი დაზიანებული არ არის. მცირეწლოვნისთვის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აღარ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×