“მოვითხოვე მხოლოდ ის, რომ სრული თავისუფლება მქონდეს, ვიმუშავო ისე, როგორც ვმუშაობდი ტელეკომპანია „იბერიაზე“
თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „რახან ცდილობენ, რომ რუსთავი 2-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მიუკერძოვებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს რუსთავი 2-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას"- ასეთია „რეზონანსთან" ანალიტიკოსის არჩილ გამზარდიას განმარტება მისსავე ფეისბუქ სტატუსზე.

"რუსთავი 2-ის" ახალ ხელმძღვანელობას ვთავაზობ ჩემს თავს საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად ისეთივე თავისუფლების პირობებში, როგორიც "იბერიაზე" მქონდა. სხვათა შორის, არც თუ ურიგო გადაცემას "პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად" ვაკეთებდი, ჰოდა, რატომაც არა - ხომ ამბობს" რუსთავი 2-ის" ახალი ადმინისტრაცია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედიაპროდუქტი გვინდაო, ჰოდა, აგერ ბატონო, მშვენიერი ინდიკატორი, თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე, მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში, როგორიც "იბერიაში" მქონდა.

„პ. ს. ცხადია, ვეჭვობ, ვინმეს ეს შეთავაზება აინტერესებდეს, გასაგები მიზეზების გამო "ხელისუფლება არ დაუშვებს ამას), თუმცა, თუნდაც რიტუალური თვალსაზრისით ასე ღიად გამოვთქვამ შეთავაზებას" - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

ანალიტიკოსი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზემოაღნიშნული სტატუსი ნახევრად ხუმრობითაა დაწერილი, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეთავაზება რუსთავი 2-ისათვის ერთგვარი ე.წ. „ლაკმუსის ქაღალდი" და ტესტი იქნება.

„მართალი გითხრათ, ეს ნახევრად ხუმრობით დადებული სტატუსია, მაგრამ, იცით რაშია საქმე? "რუსთავი 2"-ის ახლანდელი ადმინისტრაცია თუ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები არ იქნებიან და კვლავ კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა უნდათ, ვიფიქრე. რომ ამ შემთხვევაში ჩემით უნდა დაინტერესდნენ.

"მე არც კონკრეტულ პარტიასთან ვყოფილვარ, ჩემს გადაცემებში ვერავინ ვერავის მხარეობას ვერ დამწამებდა, ("იბერიაზე" მუშაობას ვგულისხმობ) გადაცემა შემდგარი და ნორმალურად ყურებადი იყო და ყველას ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები ჰქონდა.

„წესით რუსთავი 2-ს უნდა აწყობდეს ასეთი გადაცემის არსებობა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა როგორც წესი, არის ხოლმე თავისუფლება, მე მხოლოდ ვითხოვ სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობას, ეს "რუსთავი 2"-საც რამდენადმე შანსს მისცემდა რეპუტაციის შენარჩუნებისათვის, ან მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებისათვის.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს "რუსთავი 2"-ის რეპუტაცია წნეხის ქვეშაა, მედიაპროდუქტების კრიზისსაც განიცდის, ჩავთვალე, რომ ეს შეთავაზება წაადგებოდა მათაც და ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა, თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი ამ ტელევიზიის ადმინისტრაციისათვის სერიოზული განხილვის საგანი იყოს და შესაძლოა ეს იდეა იქვე დაიბლოკოს.

„რადგან ცდილობენ, რომ "რუსთავი 2"-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მოუკერძოებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს რუსთავი 2-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას.

„ჩემი სტატუსი გარკვეულწილად ტესტი იქნება, იმიტომ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ შეიძლება თავი შეიკავოს რუსთავი 2-მა ასეთი გადაცემისაგან, ეს რომ იყოს უხარისხო, არაკვალიფიციური კი ბატონო, მაგრამ ეს პირიქითაა, ჩემი გადაცემა არის შემდგარი, მე დღესაც საჯარო ცხოვრებას განვაგრძობ, მაქვს ჩემი სიტყვა, გარკვეული დადებითი იმიჯი, კრიტიკულობაც არააჟიტირებული და მიუკერძოებელი, ამიტომ არ არის პრაქტიკულად მოტივი იმისა, რომ თეორიულად უარი თქვან, თუ სინამდვილეში რაღაცა სხვა მოტივები არ არსებობს, ან ხელოვნური, ან სარედაქციო თვარსაზრისით." - ამბობს იგი.

გამზარდიას თქმით, თუ "რუსთავი 2" შეთავაზებაზე დასთანხმდა და ტელევიზიაში მისვლისას სრული სარედაქციო თავისუფლება არ ჰქონდა, ნებისმიერ მომენტში უარს იტყვის თამანშრომლობაზე და ტელევიზიიდან წამოვა.

„სადაც თავისუფლება არ მაქვს, იქ არ ვჩერდები და რომც იყოს მსგავსი შეთავაზება მიღებული, ჩემთვის არასოდეს არ იქნება პრობლემა, თუ რაღაცეები ისე არ წავიდა, ნებისმიერ წამს ფეხი დავკრა და წამოვიდე, ისე, როგორც გამიკეთებია, მე პაატა სალიასაც პირადად მივმართე, რომ თუ ექნება სურვილი ჩემი შეთავაზება მიიღოს, მოვითხოვე ერთადერთი მხოლოდ ის, რომ სრული თავისუფლება მქონდეს, ვიმუშავო ისე, როგორც ვმუშაობდი ტელეკომპანია „იბერიაზე", სხვა მეტი არაფერი მომითხოვია.

„პაატა სალიასგან პასუხი არ მიმიღია, ასეთ რეჟიმში ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს დრო იმისათვის, რომ მომენტალურად რაღაცეებს უპასუხოს, ხვალინდელი დღე აჩვენებს ყველაფერს, თუმცა, მართალი გითხრათ, ვეჭვობ, უბრალოდ ეს ყველაფერი რუსთავი 2-ის ახალი იმიჯის ქმნადობაში მნიშვნელოვანი იქნება.

„ყოველთვის ვგულშემატკივრობ მედიასაშუალებებს, მიუხედავად იმისა როგორ მუშაობენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მედიის განვითარება და რაღაც ფორმით შენარჩუნება.

"თუ "რუსთავი 2" მიუკერძოვებელი და კრიტიკული მედია დარჩება და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც ამბობენ, მაშინ საერთო ჯამში ეს მხოლოდ გაამდიდრებდა ქართულ ტელემედია სივრცეს, მიუხედავად იმ სამწუხარო მოვლენებისა, რაც ამ ტელევიზიას გაუკეთეს, მაინც შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.

„ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დაინიშნა "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჩემი ძველი თანამშრომელია, ტელეკომპანია „მზეში" ერთად ვმუშაობდით, იგი ძალიან საინტერესო, კვალიფიციური და გონიერი ადამიანია, ამიტომაც ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს რამდენად იქნება საკმარისი, რომ ამხელა მანქანა აამოძრაოს, აი ამას მომავალში ვნახავთ.

„მე ადრე ვმუშაობდი „ჯი-დი-ესზე"და მიმყავდა გადაცემა „20:30", ეს იყო გადაცემა, რომელშიც კრიტიკული ნაწილი არ იყო, თუმცა მე შევედაცე, რომ ბოლო გადაცემებში გარკვეული კრიტიკის ნაწილი შემეტანა. მე იქიდანაც წამოვედი იმის გამო, რომ ისეთი თავისუფლების სივრცე არ იყო როგორიც მე მინდოდა, აღმოვაჩინე, რომ  არ შემეძლო თავისუფლების გარეშე.

„მე ვითხოვ თავისუფლებას, თუ ვიღაცას ვჭირდები ისეთი როგორიც ვარ, როგორც ვფიქრობ, ვაზროვნებ, როგორც ვხედავ სამყაროს და ეს მისთვის ასატანია, მაშინ მე სიამოვნებით ვთანამშრომლობ, შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანა „იბერია", როდესაც მე მუშაობა დავიწყე, მაშინ მისი მფლობელები იყვნენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებსაც მე საკმაოდ აქტიურად ვაკრიტიკებდი მათსავე მფლობელობაში არსებულ ტელევიზიით ეთერით.

"წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალი იყო ტელეკომპანია „იბერიაში" დემოკრატიის ხარისხი, რომ პრაქტიკულად „პატრიოტთა ალიანსი" კრიტიკას სრულიად მშვიდად იღებდა, მე თავს ვგრძნობდი ძალიან კარგად, მქონდა სრული თავისუფლება და პირიქით, მაქსიმალურად მეხმარებოდნენ მფლობელებიც და არხის ადმინისტრაციაც.

„არის რაღაც საქმეები, რომლებშიც ან ისე ვთანამშრომლობ, როგორც მე ვხედავ, ან საერთოდ არ ვთანამშრომლობ, მე გუშინ და დღეს არ გამოვჩენილვარ და ყველამ იცის ჩემი ხასიათი, თუ მათთვის ეს მისაღები იქნება, მაშინ, კი ბატონო, მაგრამ თუ ცენზურის მცდელობა იქნება, ცენზურის სურვილი, რომ მქონოდა იმაზე მაღალ პლატფორმას, რაც მქონდა „ჯი-დი-ესზე" ბევრი ვერ შემომთავაზებს.

"აქედან გამომდინარე, რადგანაც ცენზურა ჩემთვის მიუღებელია და მსგავსი რამ ვისაც ექნება, მასთან უბრალოდ მენტალურად ვერ მოვახერხებ თანამშრომლობას."-ამბობს გამზარდია „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×