თამთა ჩაჩანიძე
28.08.2019

 „10 წელი ძალიან ცოტაა!" - ამ სახელწოდებით გავრცელდა სოციალური ქსელში პეტიცია, სადაც 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის ქუჩაზე, სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ.

„10 წელი ძალიან ცოტაა. ამიტომ ვითხოვთ, რომ დამნაშავეს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა ან გაუმკაცრდეს სასჯელი" - ნათქვამია პეტიციაში

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან საქმის გამოძიება არ დასრულებულა და საქმე სასამართლოს არ განუხილავს.

„ვიდრე არ არის გამოძიება დასრულებული და ვიდრე სასამართლოს არ განუხილია საქმე, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ჯერ ერთი - მტკიცებით ფორმაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქალმა დაჭრა ბავშვი, კულტურულ და ცივილიზებულ საზოგადოებაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ჩაიდინა ასეთი დანაშაული, შემდეგ უნდა დაველოდოთ სასამართლოს.

„იცით რა მიკვირს? ჩვენს საზოგადოებას სასჯელის სიმკაცრეს მარტო ქალების მიმართ რატომ ახსენდება? მამაკაცებიც სჩადიან საშინელ დანაშაულს და მაშინ ნაკლებად ისმის ხოლმე იგივე მოთხოვნები. საერთოდ მე მომხრე ვარ, რომ ეს მართლმსაჯულებამ გადაწყვიტოს, მივანდოთ სასამართლოს და არ იყოს ასეთი მოთხოვნები.

„სასამართლო რა თქმა უნდა ამას გაითვალისწინებს, ამიტომ, ძალიან ცუდია, თუ მედიის მხრიდან გაშუქდება ეს ამბები იმიტომ, რომ ეს იქნება გარკვეული ზეწოლა სასამართლოზე და მოსამართლეზე.

„ყველა შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს უდანაშაულობის პრეზუმფცია იმიტომ, რომ მართ შორის მკვლელობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ბრალის გამომრიცხველი გარემოება არსებობდეს, უკიდურესი აუცილებლობა, ან აუცილებელი მოგერიება, იურისტები ასე ვიქცევით, ეს არის სწორი დამოკიდებულება." - ამბობს მუხაშავრია „რეზონანსთან".

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ პეკინის ქუჩაზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×