საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმს ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში რუსეთთან დიალოგი აღდგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარიზში ვიზიტის დროს, „ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის აღდგენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის. პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა განახლდეს, რუსეთის მხრიდან ქვეყანამ მკაფიო ნიშნები უნდა დაინახოს.
"ჩვენ უნდა დავინახოთ მკაფიო ნიშანი იმისა, რომ რუსეთი შეცვლის დამოკიდებულებას ისეთ პატარა მეზობელ ქვეყანასთან, როგორიც ჩვენ ვართ და აღიარებს, რომ მეზობელთან ურთიერთობა არ შეიძლება წარიმართოს ძალისმიერი გზებით. თუ ჩვენ ამ ნიშანს დავინახავთ, დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით რუსეთთან დიალოგისთვის".
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და ევროკავშირის პარტნიორი, რომ მას ექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს შესაძლებელი გახდა.
„სწორედ ეს ფაქტორი ხდის ჩემს პრეზიდენტობას გამოწვევებით სავსეს და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე „ადამიანური ტრაგედია" უწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას იქ მცხოვრები ადამიანებისათვის და აღნიშნა, რომ ადგილზე რუსიფიკაციის პოლიტიკა მიმდინარეობს.
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად მისი წინააღმდეგობრივი განცხადებებისა, რუსეთთან დიალოგის თემაზე მიცემული კომენტარი საქართველოს საზოგადოების და ხელისუფლების განწყობას ზუსტად გამოხატავს.
კაკაჩია ამბობს, რომ სავარაუდოდ, მთავრობაზე და პირადად პრეზიდენტზეც ბოლო დროს რუსეთი მიმართ საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატულმა მწვავე დამოკიდებულებამ მეტი სიფრთხილის გამოჩენიკსენ უბიძგა. კაკაჩია ამბობს, რომ ზურაბიშვილი რუსეთთან რაც უფრო მეტ მსგავს განცხადებას გააკეთებს, მით უკეთესია.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ რუსეთთან რაღაც საერთო ენა გამონახოს. თუმცა ფაქტია, რომ ვერცერთმა ჯერჯერობით ვერ იპოვა ის ხაზი,რომელიც მისაღები იქნებოდა საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის. მხოლოდ მცდელობაზე არ არის დამოკიდებული, მზაობა რუსეთის მხრიდანაც უნდა იყოს, რასაც წლებია უკვე ვერ ვხედავთ. პირიქით, მათი რიტორიკა დღითი-დღე მწვავდება.
"რაც შეეხება ამ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ პოლიტიკას რუსეთთან, ვხედავთ, რომ საკმაოდ რბილია და ყველა გზით რუსეთთან სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს. თუმცა, შედეგი არაფერი გვაქვს. ზურაბიშვილის განცხადება დიპლომატიური და სახელმწიფოებრივი თავლსაზრისით საკმაოდ სწორია.
"ზუსტად ასეა, რომ რუსეთი მხოლოდ ცარიელი სიტყვებით საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენთან დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ არა როგორც თანასწორ ქვეყანასთან. „ოცნების" მიერ დაანოსნებული ნორმალიზების პოლიტიკაც, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით მიდის, გარკვეულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა სცნოს. ბუნებრივია, სანამ ასეთი მიდგომა იქნება, მაღალი დონის შეხვედრებიც დაუშვებელი და მიუღებელია", - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან".
მისივე თქმით, თუკი რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში რამის გაკეთება სურს, მაშინ საქართველოში საოკუპაციო ჯარების ყოფნაზე უარი უნდა თქვას. კაკაჩია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ საქართველოში ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით და ასევე აგვისტოს ომზე საკმაოდ სკანდალური განცხადებები გააკეთა.
ამიტომაც მისი ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სწორია და პოლიტიკურად მისაღებია, მაგრამ არა სანდო. მისი აზრით, ზურაბიშვილმა პოზიცია როდის შეეიძლება შეიცვალოს რთული სათქმელია.