
25 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება (მას ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს), შეწყვიტოს გზის გაყვანა და პოლიციის საგუშაგოს განთავსება. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. ამის პარალელურად ცხინვალმა მიმდებარედ ე.წ. საზღვრის გამაგრება ბრძანა.
ჩორჩანაში რუსების გამოჩენა ქართულმა მხარემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე გააპროტესტა. ამ შეხვედრაზე ბრალდებები ოსურმა მხარემაც გააჟღერა და მოითხოვა, რომ ქართულმა მხარემ ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან შეიარაღებული ფორმირებები გაიყვანოს, ხოლო "უკანონო" მშენებლობა კი შეწყვიტოს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისიც განაცხადა, რომ შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში „სამხრეთ ოსეთი“ მიიღებს საპასუხო ზომებს „რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.“
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის კი ეს მიუღებელია.
„ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და პროტესტი მიუღებელია,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ატარებს იმ სამუშაოს, რომელსაც საჭიროდ თვლის.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა და გააფრთხილა, რომ ქართული მხარის ქმედება ახალი შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს ქმნის, ამიტომ აუცილებელია მასზე ზეწოლა დაძაბულობის ესკალაციის შესაჩერებლად.
„ძალა ერთობაშიას“ აქტივისტი დავით ქცარავა აცხადებს, რომ ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის მთავარი მიზანი ჩვენი პოლიციური ძალების უკან დახევააა, რათა რუსებმა და ოსებმა ჩორჩანას ტყის გაკონტროლება შეძლონ. მისი თქმით, ჩორჩანას ტყე მდებარეობს ხაშურის რაიონში და არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
„სიტუაცია ჩორჩანას ტყეში ჩვენი საგუშაგოს მიმდებარედ შემდეგია - რუსებმა ჩვენი საგუშაგოს მახლობლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილზე, შეიყვანეს და განალაგეს ასეული და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა.
მათი ულტიმატუმი მდგომარეობს შემდეგში - ჩვენმა მხარემ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს საგუშაგოს დემონტაჟი და გაიყვანოს ჩვენი ძალები ჩვენივე არაოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩორჩანას ტყეს ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა 90 იანი წლების შემდეგ.
მხოლოდ 2018 წლის ივლისიდან დაწყებული სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად 2019 წლის 8 თებერვალს ვაიძულეთ რუსოსური მხარე ეღიარებინა რომ ჩორჩანას ტყე არ წარმოადგენს მათი მოქმედების ზონას. ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყო მზადება საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ საგუშაგოს მოწყობა დასრულდა, რამაც გამოიწვია ოკუპანტების მძაფრი რეაქცია. ოკუპანტების მხრიდან ხორციელდება უსერიოზულესი ზეწოლა ჩვენ სახელმწიფოზე. უპირობო მხარდაჭერა ჩვენ პოლიციელებს! არავითარი უკან დახევა!“ -აცახდებს ქაცარავა.
მისივე თქმით, თუ ჩვენი ხელისუფლება დათანხმდება პოსტის გაუქმებას, რომელიც დე-ფაქტო და დე-იურე ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიაა, მივიღებთ სიტუაციას, რომელშიც იდეურად და პრინციპულად ამ დათმობის შემდეგ "რუსოსები" უპრობლემოდ ავტობანზეც ჩამოვლენ, გორსაც შეღობავენ და თბილისსაც მიადგებიან.
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოსების პრეტენზიები გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებას პრინციპია, რადგანაც ბორდერიზაციის პარალელურად ისინი ქართულ მხარეს ოკუპაციის ხაზთან საპოლიციო ძალების გაძლიერებაში ადანაშაულებენ. არეშიძე ფიქრობს, რომ ამ გაღმა შეედავეს პრინციპს ტაქტიკური მიზანი აქვს, რადგანაც რუსეთი და ცხინვალის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საქართველო როგორმე საზღვრების მოწესრიგების მოლაპარაკებაზე დაითანხმოს.
„რუსეთს სურს, რომ საქართველო სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. ამაზე კი წლებია, რაც ჩვენი ხელისუფლება ლეგიტიმურად თავს არიდებს. სქემა ასეთია, ჩვენ ხომ ვჩივივართ, რომ ისინი პირობით საზღვარს აქეთ გვიწევენ, ახლა ამათმა დაიწყეს, რომ ევროპელ კოლეგებთან, იგივე ჟენევის მოლაპარაკებაზე საკითხი დასვან, რომ მოდი განვსაზღვროთ ბოლოს და ბოლოს ეს ოლქის თუ პირობითი საზღვარი სად გადის. აი, ეს არის ამ ბრალდებების მთავარი მიზანი.
საქართველოს ხელისუფლებას კი ასეთ ბრალდებებზე რეგირება უნდა ჰქონდეს. თუნდაც ისეთი ტიპის აქტიურობა დავიწყოთ, რომ ორივე მახრის საგუშაგოების განთავსება მოხდეს. ამით კი იმ პროცესის შეჩერება მოხდება, რაც დღეს მიდის. რეალური პოლიტიკა სხვა ტიპის მოთხოვნებს აჩენს. იმ ტაქტიკას, რასაც რუსეთი და ე.წ. ოსეთის ხელისუფლება გვიპირისპიებს, მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ვეღარ დაველაპარაკებით. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფორმატი შევთავაზოთ და დროებითი საგუშაგოების განლაგება მოხდეს. სხვაგვარად მუდმივად ასეთი ბრალდებებისგან თავის მართლება მოგვიწევს“, - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან“.