უკრაინაში მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართულ ლეგიონს" ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამის შესახებ ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა „რეზონანსს" განუცხადა. მანამდე მან „ფეისბუკში" საგანგაშო ცნობა გაავრცელა, სადაც დეტალები გაასაჯაროვა და სავარაუდო დამქირავებლების სახელები და გვარები დაასახელა.
„ადამიანი, ვის დაქირავებასაც ცდილობდნენ, ჩვენი მეგობარი აღმოჩნდა. ის ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მუშაობს. არ მინდა იმ ადამიანის ვინაობა გავამხილო, ვინც ძალოვან სტრუქტურაში განცხადება დაწერა. არც იმის თქმა მსურს, რომელი სტრუქტურაა, რადგან თავად შეიძლება უსაფრთხოების პრობლემები შეექმნას," - განუცხადა „რეზონანსს" მამულაშვილმა.
„ქართული ლეგიონის" მეთაურის განცხადებით, სავარაუდო დამქირავებლები ლარისა ილიენკო და ანდრეი ნაგრებელნი არიან. მათ, მამულაშვილის თქმით, თავის მხრივ, შესაბამისი შემსრულებლის მოძიება დაავალეს ფსევდომოხალისე იულია ოვეჩკინას და ამისთვის 10 ათასი დოლარი გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაცია მამულაშვილმა სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის ფეისბუქითაც გაავრცელა.
მისი ცნობით, ამ ინფორმაციის გასაჯაროება პრევენციის მიზნით მოხდა და იმისათვის, რომ გარკვეულწილად დროც მოეგოთ:
„ამ ადამიანმა გვითხრა, რომ ეს ოლიგარქები (ლარისა ილიენკო და ანდრეი ნაგრებელნი) აგძელებენ იმ ადამიანის ძებნას, ვის დაქირავებასაც შეძლებენ ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით. მათ, ვინც ცდილობდნენ „ლეგიონი" რაღაცაში გამოეყენებინათ, შემდეგ უკვე ადამიანის დაქირავება დაიწყეს. ეს იყო ჩვენს წინააღმდეგ განზრახული.
„ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს უკრაინელებისგან. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც უკრაინაში პრორუსული პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. ეს ქალბატონი და ბატონი არიან ოლიგარქები, რომლებიც ღიად პრორუსული პოლიტიკის მომხრეები არიან. შემკვეთი არის ერთი მხარე, ვისთვისაც უნდა შეეკვეთათ - მეორე მხარე, რომელსაც სავარაუდოდ დაკითხავენ და გამოიძიებენ საკითხს, რა ხდებოდა და დეტალურად რაზე ჰქონდათ საუბარი.
„ამის გახმაურება პრევენციული მიზნით მოხდა, რომ სხვა ადამიანი იმ პერიოდში არ ეპოვათ, სანამ ეს გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდოდა და დაიწყებოდა ამ ადამიანების გამოძახება პროკურატურაში ან ძალოვან სტრუქტურაში. უბრალოდ დრო მოვიგეთ და ამიტომ მოხდა ამის საჯაროდ გამოტანაც," - აღნიშნა მან.
მამულაშვილი „რეზონანსთან" უკრაინაში „ქართული ლეგიონის" მიმართ დღეს არსებულ დამოკიდებულებასა და საქმიანობაზე საუბრობს:
„რაც პოროშენკოს მთავრობა შეიცვალა, ბევრად უფრო შეგვიმსუბუქრა უკრაინაში ყოფნა. მიმდინარეობს ეტაპობრივად ადამიანების ლეგალიზირება. იმათი, ვინც უკრაინაშია ნაბრძოლი. 2017-2018 წლებში ჩვენი დისკრეტიდაცია მოხდა პოლიტიკური ნიშნით. მთავრობის შეცვლის შემდეგ, დაგვიკავშირდენენ გენერალური შტაბიდან; თვითონ გვთხოვეს, რომ ხელი მოგვეწერა კონტრაქტზე და ოფიციალურად დავბრუნებულიყავით ჯარში, რაც, ფაქტობრივად, ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
მამუკა მამულაშვილის მიერ ნახსენები ლარისა ილიენკო საკმაოდ ცნობილი პირი აღმოჩნდა უკრაინის ბიზნესწრეებში. მედიის მიერ „ქვიშის დედოფლად" მონათლული ლარისა ილიენკო ქარხანა „ატეკის" გენერალური დირექტორია. როგორც წერენ, დაკავებულია ქვიშის უკანონო წარმოებით, აქვს კავშირები უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებთან და ცდილობდა, იულია ტიმოშენკოს გარემოცვის საშუალებით, ბედი ეცადა პოლიტიკაშიც. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" იუწყება.