ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, სადაც ქართული მხარე პოლიციის ბლოკპოსტს აშენებს, სამხეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ძალოვნების კონცენტრაცია მოახდინა. კერძოდ, მობილიზებულია კა-გე-ბეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე ომონი და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებული დაჯგუფებები, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ).
საუბარია დე ფაქტო საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულ სოფელ წნელისსა და ჩორჩანას შორის მდებარეობს (წნელისს ოსები უისტას უწოდებენ).
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს ეს ადგილი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმაც მოინახულა, რომელმაც განაცხადა, რომ არ მისცემს არავის შესაძლებლობას, რომ საფრთხე შეუქმნას „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს". მან ძალოვნებს ბრძანება მისცა, რომ „ქართული მხარის პროვოკაციებზე" სასწრაფო რეაგირება მოახდინონ, მანვე განაცხადა, რომ ვერავინ ვერ მოახერხებს სამხრეთ ოსეთის საზღვრების დარღვევას.
ამავე დროს, ცხინვალის „კა-გე-ბეს" უკანასკნელი ცნობებით, ქართულმა მხარემ მოახდინა ადგილიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა, თუმცა მათი თქმით, ბლოკპოსტის აღჭურვის სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„გარდა ამისა, ინციდენტის ადგილას დაფიქსირებულია ქართული პოლიციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნა" - აცხადებენ „სამხრეთ ოსეთის" „კა-გე-ბეში"
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. უწყების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სუს-ში ამბობენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, საკითხს განიხილავენ 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.
29 აგვისტოს დილით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, თუმცა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი უწყებების ქვედანაყოფები ისევ ადგილზე არიან.
„სადაც გუშინ ტექნიკა შენიშნეს, მაგ ტერიტორიაზე ჩორჩანელებს მიწის ნაკვეთები არ გვაქვს, სოფლიდან მოშორებითაა და პირუტყვის საძოვრებადაც ნაკლებად ვიყენებთ, თანაც, ძირითადად, ტყიანი ფართოებებია. სოფელში სიმშვიდეა. სამართალდამცველები მოძრაობენ ამ ტერიტორიაზე და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ინფორმაცია გავრცელდა თითქოს, სწორედ პოლიციის გადაადგილების გამო გაღიზიანდნენ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხედავთ, ჩვენი სამართალდამცავები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოძრაობენ. იმედია, მორიგ პროვოკაციას არ გეგმავენ და მოსახლეობა არ დაზარალდება", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.
სოფელ ჩორჩანაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების და მათი ტექნიკის გამოჩენას ქართული მხარე ერგნეთში გააპროტესტებს, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
„საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე" - განაცხადა თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ
ირაკლი ანთაძის თქმით, მწვავედ გააპროტესტებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებსაც, რაც დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციის მცდელობაა.